"მიშას ფავორიტი ქალების ხანა დასრულდა"

"მიშას ფავორიტი ქალების ხანა დასრულდა"

"ერთადერთი, რაც ძალიან მაღიზიანებს, ვითომ კოაბიტაციაა... როგორ უნდა დაჯდე "ნაციონალების" გვერდით მაგიდასთან ან სუფრასთან, ეს ხომ საკუთარი თავის უპატივცემულობაა", - ამბობს ოპერის მომღერალი ლელიკო ჯაფარიძე. მისი თქმით, ახლა ყველაზე მეტად კულტურის სფეროს სჭირდება შველა, "რათა იმ 9-წლიანი უნიჭობის ზეიმი დასრულდეს, თუმცა ამის ნიშნებს ჯერჯერობით ვერ ვხედავ".

-  საქართველოდან გასული საუკუნის 60-იან წლებში წავედი. მას შემდეგ რუსეთში ვცხოვრობდი და დიდ თეატრში ვმოღვაწეობდი. ეს მაშინ ბევრის ოცნება იყო... მოსკოვში ისე ჩავედი, იქაურობაზე წარმოდგენა არ მქონდა, მაგრამ შემდეგ ჩემი ცხოვრება ისე წარიმართა, თითქმის ყველა დიდ და პატარა თეატრში მაქვს ნამღერი. ამას წინათ ერთმა კაცმა თქვა, ამ სფეროში ჩახედული კაცი ვარ და ნამდვილად არ ვიცი, ასეთი რა აქვს ნამღერი ლელიკო ჯაფარიძესო. მინდა მას ვუპასუხო, მეათე პარტიაც მაქვს ნამღერი, მეორეც, პირველიც. სულ 87 ოპერა მაქვს ნამღერი და ისეთ ადამიანებთან ერთად ვმდგარვარ სცენაზე, როგორებიც არიან ზურიკო ანჯაფარიძე, დავით გამრეკელი, თუმანიშვილი, ვიშნევსკაია, პაკროვსკი.... საქართველოში 2005 წელს დავბრუნდი და მას შემდეგ ოპოზიციაში ვარ. შეიძლება შეცდომა იყო, მაგრამ როდესაც ირაკლი ოქრუაშვილი პირველად გამოვიდა ტელევიზიით, ვთქვი, თუ ის მიმიღებს, მის პარტიაში სიამოვნებით გავწევრდები-მეთქი. გულწრფელად გეტყვით, ასე ეკა ბესელიას გამო მოვიქეცი. ის ძალიან ნიჭიერი, განათლებული, ნამდვილი პოლიტიკოსი ქალია და ძალიან მიყვარს.

-  მასთან ახლაც კარგი ურთიერთობა გაქვთ?

-  დიახ, დღემდე ვმეგობრობთ. თავიდან შემომთავაზეს კიდეც, ჩვენთან იყავითო, მაგრამ ვუთხარი, პოლიტიკა ჩემი საქმე არ არის-მეთქი. მარტო ის რად ღირს, რომ ამხელა რისკზე წავიდა, ამნისტიას ვგულისხმობ, ის ცოდვააკიდებული ხალხი გამოუშვა და ახალი ცხოვრების დაწყების საშუალება მისცა. დიახ, ეს რისკი იყო, მაგრამ იმედია, მათზე შესაბამისად იზრუნებენ. ამ ბოლო შვიდი თვის განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა და ამას რომ ვუყურებ, გადავწყვიტე, ჩემთვის ჩუმად ვყოფილიყავი. პოლიტიკოსი არ ვარ, მაგრამ პარლამენტის კიბეზე არაერთგზის ნახოხიალები, ნაცემ-ნაგვემი და გაზით მოწამლული გახლავართ. იმის თქმა მინდა, რომ იმ ხელისუფლების წაშავებაში მცირედი წვლილი მეც მიმიძღვის. მეორე დღესვე ვიგრძენი განსხვავება, მაგრამ გავიდა დრო და გარშემო უკმაყოფილო ადამიანებიც დავინახე, ერთ დღეში ითხოვენ საამურ ცხოვრებას. ეს ის არ არის, ჩვენ რასაც ველოდებოდითო...

-  მათ უკმაყოფილებას არ იზიარებთ?

-  არა, ქართველები ძალიან უმადური ხალხი ვართ. მესმის, რომ ხალხს ძალიან უჭირს, მაგრამ შვიდ თვეში რა უნდა შეცვლილიყო?.. პენსიები ხომ იზრდება თანდათან? სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ზრუნვა ხომ დაიწყო?.. ეს ცოტა არ არის. ახლა მითხრეს, რომ ზუგდიდში 30 საცხოვრებელი კორპუსი უნდა აშენდეს დევნილებისთვის. მათთვის სახლები შენდება გლდანთან ახლოსაც... სულ არაფერი რომ არ კეთდებოდეს, იმას ხომ უნდა ხვდებოდნენ, რომ ხელისუფლებაში ერთი ადამიანი მოვიდა. იმ ორ-სამ ადამიანს თუ არ ჩავთვლით, რომელთაც საქმის კეთება შეუძლიათ, ივანიშვილი მარტოა. მისი სახელი რომ არა, ისინი 0,2-%-საც ვერ აიღებდნენ. ერთმა კაცმა მოუგო "ნაციონალების" არმიას. მათგან განსხვავებით, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკოსი კი არა, საქმის კაცია, საქმის კეთებას კი ჭკუა უნდა, და არა ლაყბობა. ჭორვილელიაო, აიჩემეს, იმ კაცს რა ვუთხარი, ვინც თავისი წარმომავლობით არ ამაყობს. არ მინდა "ჩორტი" ჩავაგდო, მაგრამ ისიც ვიცი, რომ "ჭორვილელად" მას მის კალთას შეფარებულებიც მოიხსენიებენ, არადა, ამ კაცმა ისინი კუბოდან ამოიღო და პარლამენტში "დაალაგა".

-  სოციალურ ქსელში დათა ახალაიას მიმართვა გავრცელდა, სადაც ვანო მერაბიშვილის "წვლილზე" საუბრობს. ბევრმა ეს "ნაციონალური მოძრაობის" რღვევის დასაწყისად შეაფასა...

-  მათი დაშლა გარდაუვალია. მე ის მიკვირს, ამ შვიდი თვის განმავლობაში რატომ არ დაჭამეს ერთმანეთი. ახლა იქით მიდის ყველაფერი, არ გამოვრიცხავ, სააკაშვილს ვანო მერაბიშვილმა მოუღოს ბოლო. სააკაშვილმა ბევრი რამ იცის მერაბიშვილზე და პირიქით. ეგენი ერთი ჯაჭვით არიან ერთმანეთზე გადაბმული და ერთმანეთზე უამრავი რამე იციან. ადეიშვილიც კარგად არის ინფორმირებული და ახალაიებიც, მაგრამ მერაბიშვილს განსაკუთრებით მრავალფეროვანი ინფორმაცია აქვს პრეზიდენტზე. ამიტომაც ეფარცქვალება მიშა მას ყველაზე მეტად, ეშინია, ყელში დანა არ გამოუსვას... ეს ვანოს არ გაუჭირდება. მის მინისტრობაზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში ის პატარა ბუნების კაცია, მაგრამ იმ წლებმა, როცა მინისტრი იყო და ძალაუფლება ჰქონდა, ამბიციები გაუზარდა, მაგარი ვყოფილვარო, იფიქრა და მეტი მოუნდა.

რუსეთი ოკუპანტიაო, გვიწიოდნენ, მე მასწავლიან ისინი რუსებს? მთელი ცხოვრება იქ გავატარე. მაგათ მორჯულებას რა უნდოდა?.. არყის ბოთლი დამიტრიალებია და მის გაჩერებამდე ლეკური უცეკვია რუსს, რადგან იმ არაყს ვპირდებოდი... უბრალოდ, ძველ ხელისუფლებას საქმის გაკეთება არ უნდოდა. უკაცრავად და, წინ გაეფინენ ამერიკას, არადა, რა მოგვიტანა ამ სახელმწიფოსთან მეგობრობამ ვალების მეტი? ომის დროს, მაპატიეთ და, ტუალეტის ქაღალდი და წყალი ჩამოგვიტანეს... იმ ხელისუფლებამ ვერ გაარკვია, რა უნდოდა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია www.reitingi.ge-ზე

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"