როგორ დავიცვათ თავი "ფეისბუქის" საკუთარი გვერდის გატეხისგან

როგორ დავიცვათ თავი "ფეისბუქის" საკუთარი გვერდის გატეხისგან

დიდი ხანია, რაც ლაშა მებონია სხვადასხვა სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელია, ამიტომ კარგად იცის ყველა ის დეტალი, რომელიც განსაკუთრებულად "ფეისბუქის" აქტიურ მომხმარებლებს დააინტერესებს. ბოლო დროს ქართულ პოლიტიკაში დიდი არეულობა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულმა განცხადებებმა გამოიწვია. ჯერ დათა ახალიას "აღსარება" წავიკითხეთ, შემდეგ კი ზურაბ ადეიშვილის, თუმცა მოვლენები შემდგომ იმდენად უცნაურად განვითარდა, რომ სოციალურ ქსელში ერთდროულად რამდენიმე დათა ახალაია და ზურაბ ადეიშვილი დარეგისტრირდნენ და ამ ყველაფერმა კომიკური ხასიათი მიიღო.

-  "ფეისბუქი" საქართველოში პოპულარული აგვისტოს ომის შემდეგ გახდა. ამ ტიპის სოციალური ქსელი ყველაზე კარგად მოერგო ქართულ აუდიტორიას, მაშინ როდესაც რუსები უფრო "ტვიტერზე" და "ვ კონტაქტეზე" აქტიურობენ. ქართველებისთვის "ფეისბუქი" სახლად იქცა. მოსახლეობის აქტიურობის შემდეგ უკვე პოლიტიკისთვის გახდა მიმზიდველი, რადგან სადაც მეტი ხალხია, საკუთარ პოზიციას მკაფიოდ აფიქსირებენ. მე პირადად 5000 მეგობარი მყავს და ჩემი ჰიპერაქტიურობის გამო, აქედან 80% თავად დამემატა.

-  "ფეისბუქი" ძალიან ბევრ პირად ინ­ფორმაციას შეიცავს. რამდენად უსაფ­რთხოა ის მისი მომხმარებლებისთვის?

-  ადამიანებმა უნდა გაიგონ, როდესაც სოციალურ ქსელში რაღაცას დაწერენ, ეს უკვე საჯარო ინფორმაციაა და თუ მისი გამოქვეყნების სურვილი არ აქვთ, თავი უნდა შეიკავონ. ყველა ქვეყანაში, არამარტო ჩვენთან, "ფეისბუქი" და ფორუმები ჟურნალისტებისთვის საბადოა, მაგრამ მისი გადამოწმების გარეშე გავრცელებაც არ შეიძლება, რადგან შეიძლება, ვიღაც ხუმრობდეს. რაც შეეხება უსაფრთხოებას, "ფეისბუქის" მთავარი პრობლემა აპლიკაციებია, რომელსაც დეველოპერები თავიანთი საიტების გასავითარებლად იყენებენ, მაგრამ ამან შექმნა მეორე პრობლემა. აპლიკაციის გამოყენებით ადამიანები ცდილობენ, მომხმარებლის პირადი გვერდი გატეხონ, ამიტომ, თუ აპლიკაციას არ ენდობი, არ უნდა მისცე თანხმობა. "ფეისბუქი" პროფილის მონაცემებს არავის აძლევს, ნებისმიერი აპლიკაცია, რომელიც ეკითხება მომხმარებელს, გავხადო თუ არა შენი პროფილი საჯარო, არის აფერისტობა და არ უნდა დაეთანხმონ. არის აპლიკაციები, რომლებიც სუფთაა, მაგრამ აფერისტობას უკავშირდება. მაგალითად, გამოქვეყნებულია ფოტო, გინდა, ნახო, მაგალითად, შიშველი შორენა ბეგაშვილი, მიჰყვები ლინკს, ბოლოს გამოდის, რომ ექვს გვერდს იწონებ და ბოლოს გადადიხარ რომელიმე ინტერნეტგვერდზე, ამით ქართული გვერდების პოპულარიზაციას "ეხმარები". ასე ჩნდება 250 000-იანი გვერდები "ფეისბუქზე". ეს უკვე იმხელა პარადოქსია, რომ 20-მდე გვერდი არსებობს საქართველოში 300 000 "ლაიქით". უმეტესად ეს არის 14-15 წლის ბავშვების გაკეთებული გასართობი გვერდები, "სექსუალური პომიდორი", "ნუ იჯღანები" და სხვა.

-  ხშირად გამიგია "ფეისბუქის" მომხმარებლებისგან, რომ მათ არასოდეს მოუწონებიათ ამა თუ იმ პოლიტიკოსის გვერდი, მაგრამ აღმოაჩინეს, რომ "დალაიქებული" აქვთ.

-  ამას აპლიკაციების საშუალებით აკეთებენ, მაგრამ არის ერთი კანონიერი მეთოდიც, რომელსაც პროფილიდან გვერდზე მიგრაცია ჰქვია. მე შემიძლია, ერთ დღეს გავაუქმო ჩემი პროფილი, გადავაქციო გვერდად და ავტომატურად ჩემი ყველა მეგობარი ჩემი გვერდის ფანი გახდება. დაახლოებით 5000 ფანი ისე მეყოლება, რომ შეიძლება, არც იცოდნენ, როდის მოიწონეს ჩემი გვერდი.

-  შეგიძლია, ყველაზე დიდი სკ­ა­ნ­დალი გაიხსენოთ, რომელიც "ფეისბუქზე" გამოქვეყნებულ ინფორმაციას მოჰყვა...

-  ყველაზე დიდი სკანდალი ციხის კადრებიდან არასრულწლოვნის გაუპატიურების ვიდეოს მოჰყვა. მაშინ დაინგრა "ფეისბუქი". ერთ საათში ადამიანების მობილიზება მარტივი არ არის, მაგრამ ამ კადრებმა ძალიან მალე შეკრიბა ხალხი. საქართველოს მასშტაბით ყველაზე დიდი სკანდალებიდან ამას გავიხსენებდი.

-  ივანიშვილსა და სააკაშვილს აქვთ ოფიციალური გვერდები, რომელი გვერდი უფრო ინფორმაციულია?

-  პოლიტიკოსის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებებში აუცილებლად უნდა იყოს დაცული ოფიციალური ტონი. საჭირო არ არის, მუდმივად პირდაპირ კომუნიკაციაში იყო მომხმარებელთან, რადგან ეს დიდ დროს წაართმევს პირველ პირს, ამიტომ საინტერესო გვერდი ვერც ერთს ვერ ექნება. უცხოელ პოლიტიკოსებს უფრო ინფორმაციული გვერდები აქვთ, მათ უფრო იციან, სად გადის ზედა ზღვარი და სოციალურ ქსელს ზედმეტ ფუნქციას არ ანიჭებენ. მაგალითად, ამით ბარაკ ობამამ ძალიან დიდი მოგება ნახა საპრეზიდენტო არჩევნების დროს. დღეს საქართველოში იმდენად დინამიკურად ვითარდება პროცესები, რომ უბრალო პოლიტიკოსსაც მინიმუმ ათასი ფანი ჰყავს "ფეისბუქის" გვერდზე. მაგრამ მე მივიჩნევ, რომ ყველა გვერდს აკლია ურთიერთკავშირი. სასურველია, თუ გვერდის განვითარება სურთ, მეტი კომუნიკაცია ჰქონდეთ მომხმარებელთან.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია www.reitingi.ge-ზე

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"