უპრეცედენტო და ანომალიური "ბიზნეს-გინესის" რეკორდი საქართველოში!

უპრეცედენტო და ანომალიური "ბიზნეს-გინესის" რეკორდი საქართველოში!

ათასობით ადამიანი სამართლის აღდგენის მოლოდინშია და წართმეული ქონების დაბრუნებას ელის. მათ რიცხვში ბევრია ისეთი, რომლებმაც თავის დროზე სახელმწიფოს სიმბოლურ ფასად, 1 ლარად, თავიანთი ქონება აჩუქეს(!), რადგან როგორც ამბობენ, სასტიკ ზეწოლას ვერ გაუძლეს.

საყურადღებოა ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ შესწავლილი ოთხი წლის მონაცემები, რომელთა მიხედვით ყოველწლიურად სულ უფრო მეტი მოქალაქე "ჩუქნიდა" სახელმწიფოს როგორც მოძრავ, ასევე უძრავ ქონებას, სამეწარმეო წილებს. 2004-2005 წლებში სახელმწიფოსთვის ერთ ლარად ნაჩუქარი ქონების ღირებულებამ 4 მილიონ 449.292 ლარი და 218.500 აშშ დოლარი შეადგინა, 2006 წელს - 9.990.898 ლარი, 5.616.800 დოლარი და 10.100 ევრო, ხოლო 2007 წელს 123.396.887 ლარსა და 167 780 აშშ დოლარს გადააჭარბა. სულ 2004-2007 წლებში სახელმწიფოსთვის ნაჩუქარი ქონების საერთო ღირებულებამ 137 მილიონ 837 ათასი ლარი, 6 მილიონი დოლარი და 10.100 ევრო შეადგინა. არაოფიციალური ინფორმაციით, 9 წლის განმავლობაში 2 მილიარდი ლარის ქონება სახელმწიფომ ხალხისგან "საჩუქრად მიიღო".

ეკა გიგაური, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი: - ამ მასალებში იკვეთება კონკრეტული პარლამენტარების ინტერესებიც, მაგალითად, დეპუტატ კოხოძისა და კანდიდ კვიციანის. ჩვენ ასევე ვმუშაობდით სიმბოლურ ფასად სახელმწიფოს მიერ ე. წ. ინვესტორისთვის გადაცემულ ქონებაზეც. ინვესტორი იღებდა ვალდებულებას, მაგრამ, როგორც გაირკვა, ამის მონიტორინგს სახელმწიფო არ ატარებდა. ქონება მიჰყიდო ინვესტორს და შემდეგ არ გააკონტროლო, ნიშნავს სახელმწიფო ქონების გაფლანგვას და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას. ბევრი ობიექტის მშენებლობა არც კი დაწყებულა და ამ ფაქტებზე ეკონომიკის სამინისტროს რეაგირება არც მოუხდენია.

- კონკრეტული ფაქტების მოყვანა შეგიძლიათ?

- საინტერესოა, კურორტ საირმის შემთხვევა. 8 კაცმა, რომელთაც მიწები მანამდე დარეგისტრირებული არ ჰქონია, რადგან ამის საშუალება სოფლებში ბევრს არა აქვს, ერთ დილას გაიღვიძა, გაიფორმა თავისი მიწები და მეორე დღესვე ყველამ სახელმწიფოს აჩუქა. მათ შორის არიან ისეთები, რომლებმაც საცხოვრებელი სახლიანად გადასცეს სახელმწიფოს ქონება. ლოგიკას არ ექვემდებარება, კაცმა ერთადერთი საცხოვრებელი სახლი და მიწა აჩუქოს სახელმწიფოს იმიტომ, რომ იმ ტერიტორიაზე ტურისტული კომპლექსი აშენდეს. აქ დეპუტატ კოხოძისა და ადგილობრივი პროკურატურის თანამშრომლების ინტერესები იკვეთება.

საყურადღებოა "აირზენას" შემთხვევაც - მან სახელმწიფოს დაახლოებით 4 მილიონად ღირებული მანქანები უსასყიდლოდ გადასცა. შპს "კორპორაცია "ივერია პლუსმა" კი თბილისში, გორგასლის ქუჩაზე მდებარე 2.000.000 ლარად ღირებული არასაცხოვრებელი ფართი შესწირა სახელმწიფოს; იარაღის მაღაზია შპს "სნაიპერმა" 182.500 აშშ დოლარად ღირებული 500 ცალი პისტოლეტი "იერიქო" აჩუქა; შპს "ოლიმპმა" უსასყიდლოდ გადასცა 217.000 ლარად შეფასებული 8 მიწის ნაკვეთი, მათზე მდგარი შენობა-ნაგებობებიანად. იკვეთება სხვა საკითხიც, - შეიძლება ქონების თავდაპირველი შეფასება არასწორად იყოს გაკეთებული, თუნდაც "ოლიმპის" მაგალითზე. ეს მიწის ნაკვეთი აღმაშენებლის გამზირზეა და მითითებული ფასი ნამდვილად შეუსაბამოა. ზემოჩამოთვლილი ქონება სახელმწიფოს ბალანსზე გადადიოდა და შემდეგ ისინი ყიდდნენ.

- შესაძლებელია ამ ხალხმა ე. წ. ნაჩუქარი ქონება უკან დაიბრუნოს?

- არიან კეთილსინდისიერი მყიდველებიც, მათ სახელმწიფოსგან შეისყიდეს ქონება და მათ წაართვა და ყოფილ მეპატრონეს დაუბრუნო, არ არის სწორი. ამიტომ სახელმწიფოს მოუწევს ამ საკითხზე დიდი მუშაობა. ხელისუფლება ლოიალური იყო იმ ბიზნესების მიმართ, რომელიც თავისი გავლენის ქვეშ ჰყავდა. ანაკლიაში უპრეცედენტო რამ მოხდა - მოქალაქეს მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში ჰქონდა დარეგისტრირებული და ერთ დღეს აღმოაჩინა, რომ ეს მონაცემები გაქრა რეესტრიდან. კარგია, რომ შინ ინახავდა ძველ ამონაწერს, რითაც დასტურდება, რომ მიწა მისი საკუთრება იყო. იმ ტერიტორიაზე პორტი უნდა აშენებულიყო და ეს ქონება სახელმწიფომ ინვესტორს მეპატრონის უნებართვოდ გადასცა. ამიტომ ამ შემთხვევაში საჯარო რეესტრის თანამშრომლების პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ