სტავროპოლში, ბერძნულ-რომაულ შეჯიბრზე რუსეთის ჰიმნის შესრულებისას რამდენიმე კავკასიელი დემონსტრაციულად არ წამოდგა ფეხზე. ინციდენტთან დაკავშირებით ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა კომენტარი НТВ-ზე თინა კანდელაკისა და მარგარიტა სიმონიანის ერთობლივ თოქ-შოუში "რკინის ქალები" გააკეთა, რომელიც 28 აპრილს გავიდა ეთერში. ჩეჩნეთის ლიდერმა ახალგაზრდების საქციელი სკოლაში ცუდად სწავლას და არასწორ აღზრდას დააბრალა.
რამზან კადიროვს მარგარიტა სიმონიანმა ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის საკითხთან დაკავშირებითაც დაუსვა შეკითხვა, რაზეც კადიროვმა უპასუხა, რომ რუსეთის შემადგენლობაში ყოფნა ჩეჩენი ხალხის არჩევანია.
"მუსულმანებისთვის და კავკასიელებისთვის კომფორტულია რუსეთში ცხოვრება, რუსეთში ჩვენთვის ყველა პირობაა შექმნილი. რა თქმა უნდა, არ მსურს დამოუკიდებლობა, რას გავაკეთებ ასეთ შემთხვევაში?! მე რუსეთისთვის ვიბრძოდი. ყველას სურს, რომ რუსეთის მოკავშირე იყოს, ჩვენ კი ამ ტერიტორიის, დიდი რუსეთის ნაწილი ვართ, ეს ჩვენი ერის არჩევანია და ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ, დავიცვათ ეს არჩევანი", - განაცხადა ჩეჩნეთის ლიდერმა.