გიორგი მარგველაშვილი: "ივანიშვილის გადაწყვეტილებამ ეს ქვეყანა არ შემარგო"

გიორგი მარგველაშვილი: "ივანიშვილის გადაწყვეტილებამ ეს ქვეყანა არ შემარგო"

"პრემიერ-მინისტრის დავალებების შესრულება ჩემთვის იოლი არ არის. არ მინდოდა იმ ვალდებულების აღება, რომელმაც მხოლოდ პრობლემები მომიტანა. 20 წელი ვნატრობდი ასეთი ქვეყნის უბრალო მოქალაქეობას, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებამ, რომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ვყოფილიყავი, ეს ქვეყანა არ შემარგო", - გვითხრა პირველმა ვიცე-პრემიერმა გიორგი მარგველაშვილმა, რომელთან საუბარიც გამომცემლებისა და წიგნის მაღაზიების პროტესტით დავიწყეთ:

- არ მეგონა, თუ ოდესმე ჩემი სახელი წიგნის უარყოფასთან იქნებოდა ასოცირებული, მაგრამ წიგნის სახელით სპეკულაციის აკრძალვა ჩემი ბუნებრივი მოტივაცია იყო. ამ გადაწყვეტილებამ ფინანსურად დააზარალა გამომცემლობები, რომლებიც ყოველწლიურად 50 მლნ ლარს იდებდნენ ჯიბეში. ეს ფული მოსახლეობისგან იყო ექსპროპრირებული.

მიუხედავად იმისა, რომ გამომცემლებს კანონიერად ჰქონდათ მინიჭებული უფლება, თითოეული ოჯახიდან 200-300 ლარი გამოეტანათ, მორალურად ეს არასწორი იყო. ეს ჩვენი ხელისუფლებისთვის ვერ იქნება კანონიერი. ჩვენ გვინდა ადამიანებს ყოფა შევუმსუბუქოთ და ოჯახები არ გავწყვიტოთ წელში.

- თქვენი გადაწყვეტილება სამუშაო ადგილების დაკარგვასა და ინტელექტუალური საკუთრების ხელყოფასთან დააკავშირეს.

- პირიქით იქნება. სახელმძღვანელოები, ძირითადად, საზღვარგარეთ იბეჭდებოდა და ახლა აქ დაიბეჭდება. 200-300 ლარი, რომელიც ოჯახებში დაიზოგა ამ 50 მილიონის ექსპროპრიაციის შედეგად, მოხმარდება ქართული წარმოების დაფინანსებას და საბავშვო ბიბლიოთეკებისთვის წიგნების შეძენას. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ის ნიჭი და განსაკუთრებულობა, რომელიც ყველა ქართველშია, უფრო განვითარდეს. წინა ხელისუფლებას ეშინოდა ქართველი კაცის, რადგან თავისი ნიჭიერებით დაბრკოლებას უქმნიდა. ამიტომ უნდოდათ, დავეთრგუნეთ! წინა ხელისუფლებას ნიჭიერება აშინებდა, ჩვენი კი ნიჭის არ გვეშინია.

ინტელექტუალური საკუთრების დაცვა გულისხმობს კონკრეტულ ვალდებულებას მის მფლობელსა და მიმთვისებელს შორის. ასეთი ვალდებულების თაობაზე დადებული იყო კონტრაქტი სამინისტროსა და გამომცემლებს შორის და დღეს ეს კონტრაქტი მავალდებულებს, რომ 10% გადავუხადო გამომცემლებს, რაც დაახლოებით მილიონ ლარს შეადგენს.

გამომცემლები ხელს არ გაანძრევენ, ისე ჩაერიცხებათ მილიონი. ამ 10%-ს მათ იმისათვის ვუხდი, რომ წიგნებს უფასოდ ვბეჭდავ. მილიონი რომ ეცოტავებათ, გასაგებია, რადგან გარანტირებული 50 მლნ ჰქონდათ.

- როგორც პირველ ვიცე-პრემიერს, სხვა თემებზეც გკითხავთ. საზოგადოების ნაწილი უკმაყოფილოა ხელისუფლების ლოიალურობით და ამბობს, ჩვენ დამნაშავეებთან კოაბიტაციისთვის არ მიგვიცია ხმაო.

- თუ ადამიანი სისხლის სამართლის დამნაშავეა, სანამ საზოგადოების წინაშე ვალს არ მოიხდის, ძნელია მასთან ერთადერთი მიზნისკენ სწრაფვა, მაგრამ სააკაშვილისაგან განსხვავებით, რომელიც საზოგადოებას მატარებელზე ამხტარებად და ჩამომხტარებად ყოფდა, ჩვენ არ ვყოფთ საზოგადოებას. 1-ლი ოქტომბრის მერე ახალი საქართველო დაიწყო. ახალ საქართველოში ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ, მაგრამ არავის შევუნდობთ ისეთ რამეს, რისი შენდობაც არ შეიძლება. ისინიც და ჩვენც ერთად გამოვისყიდით ჩვენს დანაშაულს. მთავარი წყალგამყოფია ის, რაც პრემიერმა თქვა - სიმართლე. იმ პირებმა, ვინც დანაშაული ჩაიდინეს თავიანთი სინდისისა და ქვეყნის წინაშე, უნდა აღიარონ დანაშაული და რადგან ჩვენ ქრისტიანი ერი ვართ, როგორც უძღებ შვილებს, ყველაზე მეტად მათ მივიღებთ. მეტიც, პატივს მივაგებთ მათ, ვინც დანაშაულს აღიარებს და ქვეყნის სამსახურში დაბრუნდება.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა