"ამბები. გე"-მ რამდენიმე დღის წინ თამარ ჩერგოლეიშვილის "ფეისბუქიდან" კომენტარი გამოაქვეყნა, სადაც ჟურნალ "ტაბულას" რედაქტორი მომღერალ ანრი ჯოხაძეს აქილიკებდა. ჩერგოლეიშვილს გაზიარებული ჰქონდა ბმული, ვიდეო, სადაც ასახულია, როგორ უსვამენ ინგლისურად შეკითხვას "ევროვიზიის" გახსნაზე ანრი ჯოხაძეს, რომელიც მხოლოდ ერთი ფრაზით პასუხობს ჟურნალისტს და შემდეგ ნინი შერმადინს უხმობს. ეს უკანასკნელი კი უკვე ანრი ჯოხაძის მაგივრად პასუხობს რამდენიმე შეკითხვას ინგლისურ ენაზე. ზემოხსენებული ვიდეო თამარ ჩერგოლეიშვილმა შემდეგი მინაწერით გააზიარა: "ე, ბიჭო, ძალიან ადვილი ენაა ინგლისური. ამას წინათ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანს შევხვდით მედიის წარმომადგენელი რამდენიმე ქალი, სირცხვილით სად წავსულიყავი არ ვიცოდი, ზუსტად ასე საუბრობდნენ ქართული ტელევიზიების წამყვანი სახეები".
ანრი ჯოხაძეს იმის გასარკვევად დავურეკეთ, ჰქონდა თუ არა წაკითხული ჩერგოლეიშვილის ეს კომენტარი და რას ფიქრობდა ამასთან დაკავშირებით. როგორც აღმოჩნდა, მომღერალს არ ჰქონია ნანახი ეს ინფორმაცია, ამიტომაც რამდენიმე წუთი გვთხოვა, რომ ინტერნეტში თავად გადაემოწმებინა ახალი ამბავი და როდესაც ხელმეორედ დავუკავშირდით, გვიპასუხა:
- მახსოვს ეს ვიდეო, სადაც "ევროვიზიის" გახსნაა გადაღებული.
- თამარ ჩერგოლეიშვილს იცნობ?
- ვიცნობ, მაგრამ მხოლოდ სალმით. გამიკვირდა მისგან ასეთი კომენტარი. შეიძლება, ენის არცოდნის გამო ადამიანი გააკრიტიკო?!.. რამ გააბოროტა ასე ჩერგოლეიშვილი, მთავრობის ცვლილებამ ხომ არა? მთავრობაში თვითონ იყვნენ და ეზრუნათ ჩვენი ინგლისურის ცოდნაზე. "ევროვიზიაზე" რომ გავემგზავრეთ, დღეში თითო მომღერალს 30 დოლარი გამოგვიყვეს. ჯობდა, უფრო მეტი გამოეყოთ, მაგალითად, იმდენი, რამდენიც წინა წლებში სხვა მომღერლებზე დახარჯეს და მოვემზადებოდით ინგლისურში (იცინის).
ასევე იხილეთ: ანრი ჯოხაძის ინგლისური ქართულად და მხსნელად მოვლენილი ნინი შერმადინი