ლოპოტის ხეობაში მოკლულის მამის სკანდალური განცხადება - "ჩეჩნებს ივანიშვილზე თავდასხმა უნდა მოეწყოთ"

ლოპოტის ხეობაში მოკლულის მამის სკანდალური განცხადება - "ჩეჩნებს ივანიშვილზე თავდასხმა უნდა მოეწყოთ"

გვესაუბრება ლოპოტის ხეობაში 2012 წლის აგვისტოს სპეცოპერაციისას მოკლულ 22 წლის ასლან მარგოშვილის მამა მერაბ მარგოშვილი.

- პროკურატურის ინფორმაციით, მაისის დასაწყისში მოხდება ლოპოტის ხეობაში ლიკვიდირებულთა გვამების ექსჰუმაცია. როგორ ფიქრობთ, დაეხმარება ეს გამოძიებას რამეში?

- ვიდრე გარდაცვლილებს დავკრძალავდით, გვამებს ექსპერტიზა ჩაუტარდა. შს მინისტრის მაშინდელი მოადგილე გია ლორთქიფანიძე შეგვპირდა, ექსპერტიზის დასკვნას მოგაწვდით, ამაზე მე ვიღებ პასუხისმგებლობასო. ისინი სულაც არ აპირებდნენ დასკვნის გადმოცემას და როგორც თქვენ არ გინახავთ ის, ისე - ჩვენ. იმასაც ამბობენ, კომპიუტერი გატეხეს და ყველა მონაცემი წაშალესო. ამით ძველი ხელისუფლება დანაშაულს ფარავს, არ ეგონათ, ხელმეორედ თუ მოვითხოვდით ექსპერტიზას. ჩვენ იმიტომ დავთანხმდით ექსჰუმაციას, რომ დადგინდეს სიმართლე, კერძოდ, რა მანძილიდან და რომელი იარაღიდან ჩაცხრილეს ბიჭები. ვიცით, რომ ყველა მათგანს ზურგში ესროლეს. გამოძიებას გვამის ამოთხრის საშუალებას არ მივცემდით, ექსპერტიზის სწორად წარმართვის და სიმართლის დადგენის გარანტია რომ არ გვქონდეს, რადგან ეს ჩვენს რელიგიას ეწინააღმდეგება. ექსპერტიზა რომ არ ჩატარდეს, ბევრი რამ ისევ საეჭვო დარჩება, ჩვენ კი სიმართლის დადგენა გვინდა… როგორც ვიცით, პირველი იერიში სპეცრაზმმა ღამის ოთხ საათზე მიიტანა, ეტყობა, ბიჭების ჩაძინებას ელოდნენ. ახალგაზრდებს­, რა თქმა უნდა, არ ეგონათ, ასე თუ გაწირავდნენ, ვინაიდან ისინი 6 თვე თბილისში, საბურთალოზე ცხოვრობდნენ, მათ ამზადებდნენ და ინსტრუქტაჟს უტარებდნენ საქართველოს სხვადასხვა ბაზაზე, შავნაბადაზეც კი ყოფილან. ისინი იცნობდნენ ყველა მაღალჩინოსანს, ვისაც მათთან ჰქონდა შეხება.

- თქვენი ინფორმაციით, მაინც რისთვის ამზადებდნენ და ვისთან ჰქონდათ ბიჭებს კონტაქტი?

- მათ წვრთნასა და მომზადებას ხელმძღვანელობდა შს მინისტრის მოადგილე გია ლორთქიფანიძე, ამ ყველაფერს კი უშუალო ხელმძღვანელობას და ზედამხედველობას უწევდა სანდრო ამირიძე - ანტიტერორისტული ჯგუფის ხელმძღვანელი, ის აკონტროლებდა გასულ და შემოსულ ჩეჩნებს და მუშაობდა მათთან.

- თქვენი ვაჟი - ასლანი როგორ მოხვდა მათთან?

- ასლანმა უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სამი კურსი დახურა. მას ფინეთიდან დაუკავშირდნენ ჩეჩნები, რომლებთანაც მეგობრობდა და დაპატიჟეს, ჩამოდი, თუ მოგეწონება, აქ გააგრძელე სწავლაო. ვურჩევდი, ბარემ ოთხი კურსი დაამთავრე და მერე წადი-მეთქი. უნიჭიერესი ბიჭი იყო, მითხრა, გამოცდებს ინტერნეტითაც ჩავაბარებო. მაგრამ მოულოდნელად ასეთი რამ შეემთხვა. ეტყობა იქ, საზღვარგარეთ, იყო იმაზე ლაპარაკი, რომ თბილისში ჩამოსულიყვნენ, იქ ბევრი ჩეჩენი ცხოვრობს და აიყოლიეს ვიღაცებმა. ასლანმა იცოდა, გადაწყვეტილებას რომ არ მოვუწონებდი და ამიტომაც დამალა - ოჯახთან ვითომ საზღვარგარეთიდან ამყარებდა კონტაქტს, ის კი მთელი 6 თვის განმავლობაში თბილისში ყოფილა.

ჩემი ინფორმაციით, ბიჭები დაღესტნის გავლით ჩეჩნეთში ნამდვილად არ მიდიოდნენ. სხვათა შორის, სპეცოპერაციამდე ერთი თვით ადრე, 23 ივლისს ყველას გაუფორმეს ოფიციალურად "სტეჩკინის" ტიპის იარაღი და ავტომატები ეს ყველაფერი ძალოვანი სტრუქტურების ნამოქმედარია. ჩეჩნეთში თუ მიდიოდნენ, იქ იარაღზე საბუთს ვინ მოსთხოვდათ?! ბიჭებს ოფიციალურად გაუფორმეს ყველაფერი და უთხრეს, ჩეჩნებს გააცილებთ საზღვრამდე და უკან მობრუნდებითო. ამათაც, ეგონათ, რაღაც მისიას ასრულებდნენ და დაჰყვნენ უფროსების ნებას.

ჩვენთვის ბიჭების მომზადების ორი ვერსიაა გამოკვეთილი: 1. ჩეჩნებს უნდა მოეწყოთ ივანიშვილზე თავდასხმა, ქართული სპეცრაზმი მათ უკან იქნებოდა და თავდამსხმელებს იქვე ამოხოცავდნენ, რათა შემდეგ სააკაშვილს მსოფლიოს გასაგონად ეყვირა, ჩეჩენი ტერორისტებისგან ვიხსენი ივანიშვილიო. ეს იყო სააკაშვილის მიერ წინასაარჩევნოდ გათვლილი პიარი. 2. ბიჭებს სააკაშვილზე თავდასხმის ინსცენირება უნდა მოეწყოთ. ამ ყველაფერზე კი მათ უარი უთქვამთ - თქვენს საშინაო საქმეებს თვითონ მიხედეთ, ჩვენ არ ჩავერევითო. ამიტომაც გაავრცელეს თავიდან ვერსია - საქართველოში შემოვიდა ტერორისტული ჯგუფი და არც ერთი მათგანი საქართველოს მოქალაქე არ არისო. სხვათა შორის, მებრძოლებს შორის იყო კიდევ ერთი კაცი, წარმოშობით ლეკი, რომელიც იმ ღამით ბიჭებს მეგზურობას უწევდა. ის კაცი დაკარგულია და როგორც გაირკვა, რუსების მიერ ყოფილა შემოგზავნილი. თუ არ ვცდები, უშიშროების საბჭოს მდივანმა ბათუ ქუთელიამ თქვა, იმ პერიოდში რუსებთან ინტენსიური ურთიერთობა გვქონდაო. ე.ი. ყველა საქმის კურსში იყო და ამ ხალხის ლიკვიდაცია რუსებთანაც იყო შეთანხმებული.

- გია ლორთქიფანიძე მართლა შეგხვდათ დაღუპულების მშობლებს?

- გია ლორთქიფანიძე ახმეტელია და აქ მეგობრები ჰყავს. მათ ამოიყვანეს პანკისში, გარდაცვლილების მშობლებთან შეხვედრა უნდოდა. რაში მაინტერესებდა მასთან შეხვედრა და მისი ტყუილების მოსმენა?! გია ლორთქიფანიძე ამბობს: ჩემი ბრალი არ არის, სააკაშვილის ბრძანებას ვასრულებდიო, ოპერაციას ვხელმძღვანელობდი და მხოლოდ ის შევძელი, რომ ლიკვიდაციის ოპერაცია ორი საათით გადმოვწიე. ღამდებოდა და იძულებული ვიყავი, სპეცოპერაცია დამეწყოო. არადა, ის ღამით კი არა, გამთენიისას დაიწყო.

- გადარჩენილი ჩეჩნები სად არიან, არ გამოდიან კონტაქტზე? ერთ-ერთი ვერსიით, ისინი თურქეთის ციხეში სხედან...

- გადარჩენილი ჩეჩნები სპეცსამსახურებთან ალიანსში არ­ი­ან, ამიტომაც გაიყვანეს საქართველოდან. ვის დატოვებდნენ ცოცხალს, როცა ალყაში ჰყავდათ ყველანი მოქცეული? ისინი მეორე დღეს ვალეს სასაზღვრო პუნქტიდან თურქეთში გაიყვანეს და მას შემდეგ კონტაქტზე არ გამოდიან. ბიჭები გაწირეს როგორც ხელისუფლებამ, ისე სპეცსამსახურებთან დაახლოებულმა ჩეჩნებმა.

- ამას წინათ გავრცელდა დათა ახალაიას წერილი, სადაც იგი ლაფაყურის ოპერაციაზე მთლიანად ვანო მერაბიშვილს აკისრებს პასუხისმგებლობას...

- დარწმუნებული ვარ, სააკაშვილისა და მერაბიშვილის გარეშე იქ კაცი არ იყო რამის გამკეთებელი. ბაჩანა ახალაია კი შს მინისტრი იყო და მისი ყველა სპეცრაზმი იქ იყო მობილიზებული. ახალაიაც ყელამდეა ჩაფლული ამ საქმეში, მაგრამ მერაბიშვილისა და სააკაშვილის გამორიცხვა აბსურდია.

- სხვათა შორის, არსებული ინფორმაციით, თურქეთში მაისში შარიათის სასამართლო უნდა გაიმართოს, რომელზეც ლაფანყურის ამბებს განიხილავენ.

- შარიათის სასამართლო ძალიან გაჭიანურდა. რამდენიმე თვეა ამბობენ, ვიცით ოპერაციის მონაწილე პირების ვინაობა, უბრალოდ, ვარკვევთ, ვის რა ბრალი მიუძღვისო. შარიათის სასამართლოს გადაწყვეტილება ნებისმიერ სახელმწიფოში სრულდება, მას საზღვრები არა აქვს. თუ ვინმეს მოშორება უნდათ, ეს მათთვის პრობლემა არ არის. ქართველი მაღალ­ჩინოსნები შეშინებული არიან და ამიტომაც დაიწყეს ერთმანეთზე გადაბრალება, არ უნდათ შარიათის სიაში მოხვდნენ. ყველა ცდილობს, სხვა "ჩაუშვას" და თვითონ გამოძვრეს. შარიათი უტყუარ მტკიცებულებებს­ ეყრდნობა და თუ პირს დანაშაული დაუმტკიცდა, მას მკაცრი გადაწყვეტილება - სასიკვდილო განაჩენი გამოაქვს. სააკაშვილის სასამართლოსგ­ან განსხვავებით, ეს ნამდვილი სასამართლო იქნება. საქმეში ყელამდეა მტკიცებულებები და სააკაშვილის სასამართლომ თუ მოინდომა, სიმართლის დადგენა არც მას გაუჭირდება.

ნა­ნა ფიცხ­ე­ლა­უ­რი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა