რეპორტაჟი ციხიდან, სადაც დედები შვილებთან ერთად იხდიან სასჯელს

რეპორტაჟი ციხიდან, სადაც დედები შვილებთან ერთად იხდიან სასჯელს

თბილისიდან რამდენიმე კილომეტრში, რუსთავთან დამაკავშირებელი გზიდან ავტობუსი მარჯვნივ უხვევს და სამხრეთით მიდის. დაახლოებით 20 წუთში ბოლო გაჩერებაა. ავტობუსიდან ჩამოსული რამდენიმე ათას კვადრატულ მეტრზე განლაგებულ კორპუსებს ვხედავ, გალავნით შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე სათვალთვალო კოშკურებია, სადაც სამხედროფორმიანი ადამიანები გამალებით სცემენ ბოლთას. ალბათ მიხვდით, რომ ჩემ მიერ აღწერილი ობიექტი საპატიმროა. N5 დაწესებულებაში შეთანხმებულ შეხვედრაზე ჩამოვედით.

სასჯელაღსრულების ეს დაწ­ე­სებულება სხვებისგან გამორჩეულია. აქ მდებარე ერთ-ერთ კორპუსში სასჯელს პატიმარი ქალბატონები შვილებთან ერთად იხდიან. საქართველოში ეს ერთადერთი ციხეა, სადაც ქალებს, პატიმრობის დროს შვილის შეძენის შემთხვევაში, ბავშვთან ერთად ყოფნის უფლება აქვთ.

მეგზურობას დაწესებულების დირექტორის მოადგილე გვიწევს. დედათა და ბავშვთა საცხოვრებელი კორპუსის წინ საბავშვო ატრაქციონებია. შენობა ერთსართულიანია, უამრავი გისოსით. სამარისებურ სიჩუმეს მხოლოდ ბოქლომის ჩხაკუნი და ქარი არღვევს.

დედათა და ბავშვთა საცხოვრებელ კორპუსში შვილებთან ერთად 6 დედა ცხოვრობს. კანონის მიხედვით, პატარები მშობლებთნ მხოლოდ სამ წლამდე რჩებიან. შემდეგ ახლობლებს მიჰყავთ. თუ პატარის გაყვანას ოჯახის ახლო ნათესავი ვერ შეძლებს, მას ბავშვთა სახლში გადაიყვანენ. დედებს შორის ყველაზე უფროსი, 39 წლის ნ-ა მრავალშვილიანია, მისი ოთხი თვის ნინო ერთადერთი გოგონაა საპატიმროში მყოფ 5 ვაჟს შორის.

პატარების სათამაშო ოთახში ერთი პატარა მაგიდა და რამდენიმე სკამი დგას. კედელზე კი დიდი პლაზმური ტელევიზორი კიდია. "ჟურნალისტი მოგიყვანეთ, შეგიძლიათ თქვენი პრობლემების შესახებ მოუყვეთ", - ამ სიტყვებით წარმადგინა ადმინისტრაციის წარმომადგენელმა პატიმრებთან. გავშინაურდი, პატარებს მოვეფერე. ბავშვებმა თავიანთი ოთახის სანახავად წამიყვანეს, თან რაღაცას მეტიტინებოდნენ. საძინებელი სათამაშოებითაა სავსე. კომოდზე პატარებისთვის ზღაპრების წიგნები შევნიშნე: ისინი დედებს ბიბლიოთეკიდან გამოაქვთ, საღამოობით რომ წაუკითხონ შვილებს. ყველა ოთახში ხატები და შინ დატოვებული ბავშვების სურათებია. 6 პატიმრიდან სამი მრავალშვილიანი დედაა.

საძინებლების ნახვის შემდეგ პატიმრებმა სამზარეულოში შემი­ყვანეს. იქ ორი მაცივარი, გაზქურა და სარეცხის მანქანა დგას. "ციხეში პატარებისთვის არ არსებობს საბავშვო მენიუ. ვცდილობთ, დღის რაციონი ისე შევადგინოთ, რომ ბავშვებმა საჭირო კალორიები მიიღონ. ციხის საკვები ამისთვის საკმარისი არაა, ბავშვებს საკვებს ახლობლებიც უგზავნიან" - პატიმარ დედებს ციხის საკვები არ მოსწონთ, ამიტომ თავად ამზადებენ სადილს.

ვინტერესდები, რა ჭამეს ბავშვებმა.

- დილით ფაფა მიირთვეს, შემდეგ სადილი მოვუმზადეთ. საღამოს კი კარტოფილს შევუწვავთ. სასადილოდან ზეთს, კარაქს გვაძლევენ. ჩვენი კვების რაციონში რძის პროდუქტებიდან ხაჭო, არაჟანი და მაწონია, თუმცა საკმარისი რაოდენობის არაა. შაქარიც შეგვიზღუდეს. ყველაფერი უხარისხოა, ხორცის მოხარშვას ორი დღე უნდა. გაყინული ქათმისგან, ცხადია, ბულიონს ვერ დაამზადებ, გაყინულია თევზიც. რამდენიმე დღის წინ მოგვიტანეს გაყინული ქათამი, მაგრამ გაფუჭებული აღმოჩნდა.

- პატარებისთვის ფაფები, პამპერსი საკმარისი გაქვთ?

- "ჰუმანას" რძე, ფაფები, პამპერსი მუდმივად ეძლევათ პატარებს. თანაც საკმარისი რაოდენობით. თვეში ორი შეკვრა პამპერსი საკმარისია. მას შემდეგ, რაც მთავრობა შეიცვალა, ჩვენდამი დამოკიდებულებაც შეიცვალა. ად­რე ჩვენთვის არავის ეცალა, ყველა თავის სკამს უფრთხილდებოდა. ახლა დალაგდა ყველაფერი. წინა ხელისუფლების დროს სამზარეულოს კარი იკეტებოდა და ბავშვისთვის საჭმელსაც კი ვერ მოამზადებდი. წყლის ადუღების საშუალებაც არ გვქონდა. პატარა ღამით ცუდად რომ ხდებოდა, გათენებას ველოდებოდით, გვეუბნებოდნენ, დირექტორს ვერ გავაღვიძებთო. ასეთი პრობლემები ახლა აღარ გვაქვს. ადმინისტრაციას როგორც შეუძლია, ისე გვეხმარება. სულ 6 დედა ვართ. აქამდე ვიცოდით, რომ რაც მოგვისაჯეს, არ შეიცვლებოდა, უზენაესი სასამართლო არც კი იხილავდა ჩვენს საქმეებს, ისე ტოვებდა ძალაში, ახლა იმედი გაგვიჩნდა, - ამბობს ერთ-ერთი პატიმარი.

"გარეთ სამი შვილი მელოდება. აქ წლისა და 9 თვის ნიკოლოზს ვზრდი. მესამე შვილი საერთოდ ვერ მცნობს. ეს ბავშვები ვერასდროს მოიშორებენ სახელს "ციხის ბავშვები, "ციხეში გაზრდილები", ამათ რა დააშავეს. ერთი შანსი რომ მოგვცენ და ერთი წელი მაინც მოგვაკლონ, არ შეიძლება?!" - შემომჩივის მეორე.

კანონით პატარებს დედასთან ყოფნის უფლება 3 წლამდე აქვთ. ეს იმდენად მტკივნეული საკითხია, რომ დედებს ამაზე ლაპარაკი უჭირთ. "ჩვენ შევესწარით, როგორ დააშორეს ბავშვი პატიმარ დედას, ეს საშინელება იყო", - იხსენებენ პატიმრები.

"ორ თვეში ბავშვს სამი წელი უსრულდება, არადა, 9 წელი მაქვს მისჯილი, არ ვიცი, იმ დღეს როგორ გადავიტან. იმედი მაქვს, მანამდე სასჯელს შემიმსუბუქებენ და მალე გავალ, რადგან ჩემი ოჯახის წევრებს ფიზიკურად არ შეუძლიათ ბავშვის მოვლა", - ამბობს პატიმარი ა. ლ.

"რაც ძალიან გვაწუხებს, ეს სამედიცინო დახმარებაა. აქ ყველას ექიმი და მედიკამენტები გვჭირდება. ექიმი კი გვეუბნება, თქვენზე ჯანმრთელი არავინააო, ამიტომ აღარც ვაკითხავთ, აზრი არა აქვს.

ჩვენს თავს აღარ დავეძებთ, პატარებისთვისაც კი არ არის მედიკამენტები. სიცხის, ხველის საწინააღმდეგო წამლები არასდროსაა. არც ვიტამინებია პატარებისთვის. ამიტომ ბავშვებს დ და ა ვიტამინების ნაკლებობა აქვთ", - წუხან პატიმრები.

ყველაზე ახალგაზრდა პატიმარ დედას, 23 წლის ნ-ს ორი შვილი ჰყავს. უფროსი მშობლებთანაა, 9 თვის თემური კი დედასთან იზრდება.

"პატარას დიათეზი აწუხებს. ხშირად ავადობს, სერიოზული გამოკვლევა სჭირდება. ჩემს მშობლებს კი ამის საშუალება არა აქვთ. ვერ აგიწერთ, რა ძნელია, როცა ხედავ, როგორ სჭირდები შენს შვილს, შენ კი არაფრის გაკეთება შეგიძლია. ყველას თხოვნაა, რომ სამედიცინო დახმარება გაუმჯობესდეს".

აქ ყველა ერთმანეთს ეხმარება. 4 თვის ნინოს საკუთარი ტანსაცმელი არა აქვს, პატარა გამონაცვალ სამოსში იზრდება. ნინოს დედა ერთადერთია, ვისაც ციხეში არავინ არაფერს უგზავნის. სოციალურად დაუცველ ოჯახს ციხეში პატიმრის შენახვა არ შეუძლია. "პატარა ბუნებრივ კვებაზე მყავს. საკვები, პამპერსი გვყოფნის. ჰიგიენის ნივთებიდან მხოლოდ ერთ ცალ სარეცხის საპონს და 300 გრამ ფხვნილს ვიღებთ, რაც საკმარისი არაა."

ქალთა ციხეში ორი ფეხმძიმე ქალბატონიც იმყოფება. ერთ-ერთი მათგანი 32 წლის მ. რ. მრავალშვილიანი დედაა. მას გარეთ 8 შვილი ელოდება. ყველაზე პატარა 7 თვისაა. "პირობით სასჯელს ვიხდიდი. კვირაში ერთხელ პრობაციის სამსახურში ხელს ვაწერდი, მაგრამ ნაღვლის ბუშტის ოპერაცია გავიკეთე. ვიდრე ოპერაციას გავიკეთებდი, პრობაციის სამსახურს ჩემი მდგომარეობის შესახებ ვაცნობე, თუმცა ძებნა მაინც გამოაცხადეს, დამაკავეს და პრობაციაში ხელმოუწერლობის გამო ისევ საპატიმროში აღმოვჩნდი, ახლა 10 თვე აქ მომიწევს ყოფნა. ეს იცით, რას ნიშნავს? - ჩემი შვილები უჩემოდ დაიღუპებიან. ქმარი არ მუშაობს. მან კითხვაც კი არ იცის. მე ვვაჭრობდი და ჩემს შვილებს ვარჩენდი. ბავშვებს ხან ვინ ჩუქნის სამოწყალოდ ფულს, ხან - ვინ. ბინაც არ გვაქვს, ერთ პატარა ფარდულში ვცხოვრობთ. დამეხმარეთ, ძალიან გთხოვთ!"

პატიმრების კვების შესახებ სამზარეულოს მენეჯერ ზოია რაზმაძეს გავესაუბრეთ.

ზოია რაზმაძე: "თამამად შემიძლია გითხრათ, რომ პატარებზე განსაკუთრებულად ვზრუნავთ. მათ კუთვნილზე მეტს ვაძლევთ. მართალია, რომ ამბობენ არ არის საკმარისი რძის პროდუქტებიო, მაგრამ ბავშვს მხოლოდ არაჟანი, მაწონი და ხაჭო სჭირდება? მერწმუნეთ, მათ საჭირო რაოდენობის საკვები ეძლევათ. ყველა დედას სურს, მათმა შვილმა ჯანსაღი პროდუქტი, ხილი მიიღოს. რაც შესაძლებელია, იმას ვაძლევთ. მე პატარებს საჭმელს ვერ მოვაკლებ.

- პატიმრები ამბობენ, რომ საკვები უხარისხოა.

- არ არის მართალი. ჩვენ უმკაცრესად ვამოწმებთ მათთვის დამზადებულ საკვებს. დედებს ეძლევათ უმი პროდუქტი. შესაძლოა, მთელი კვირის განმავლობაში რამდენიმე კარტოფილი გაფუჭდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ კარტოფილის გარეშე ვტოვებთ მათ. ზოგიერთი საკვები ბავშვებს გრამობით ერგება, ჩვენ უფრო მეტს ვაძლევთ, ვიდრე საჭიროა".

სამედიცინო საკითხითაც დავინტერესდით. ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ციხეში ექიმი მუდმივად იმყოფება, ბავშვის ავად გახდომის დროს კი პედიატრი გამოძახებისთანავე მოდის. რაც შეეხება ბავშვების წამლებს, ადმინისტრაციის თქმით, ყოველი თვის დასაწყისში სამედიცინო ნაწილი ბაზისურ წამლებს მიიღებს.

წამოსვლისას პატიმრებმა წერილი გამომატანეს და გაზეთში გამოქვეყნება გვთხოვეს. ისინი ხელისუფლებას სააღდგომოდ დედების შეწყალებას სთხოვენ.

პატიმრების განცხადება

N 5 დაწესებულებაში დედათა და ბავშვთა სახლში განთავსებული დედების (მსჯავრდებულების) თხოვნა - ბ. ბიძინა ივანიშვილს. ქ. ეკა ბესელიას.

თხოვნით მივმართავთ ყველა იმ ადამიანს, რომლის კომპეტენციაში შედის ჩვენი შვილების მიმართ დახმარება. გთხოვთ ყველას, შეგვიმსუბუქოთ სასჯელი, რათა არ მოხდეს დედის და შვილის დაშორება. ისეთი სასჯელები გვაქვს მისჯილი, არანაირად რომ არ შეიძლება ჰქონდეს ქალს და მითუმეტეს დედებს, რომლებიც ვზრდით აქ შვილებს და გარეთ გველოდებიან მცირეწლოვანი შვილებიც.

აქ გაზრდილ ბავშვებს აკლიათ ყველაფერი, არიან გარესამყაროს მოწყვეტილები, დედის გარდა არ იციან ბავშვებმა არაფერი და ამ დროს დედას და შვილს აშორებს კანონი, ეს არის ძალიან ცუდი შედეგის მომტანი ბავშვისთვის. ჩვენ იმედი გვაქვს, ახალი ხელისუფლება დაგვეხმარება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, გაგვიწიოთ დახმარება და შეგვიწყალოთ. ნამდვილად არ ვართ კრიმინალები და მოგვეცით ერთი შანსი. ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს და გიხდით წინასწარ მადლობას.

პატივისცემით ი. ქველაძე

(სტილი დაცულია)

ლამუნა ირემაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ