რატომ მოაკვლევინეს წნორში თავი პენჯაბელ ფერმერს

რატომ მოაკვლევინეს წნორში თავი პენჯაბელ ფერმერს

გაზეთი "ყველა სიახლე" ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც ქართული მიწის უცხოელებზე გაყიდვის პროცესით დაინტერესდა. სწორედ ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ არსებობდა საშუამავლო კომპანია Crown Imvigration, რომლის ხელმძღვანელი დიჯმატი საინი "იუთუბიზე" განთავსებული ვიდეორგოლის მეშვეობით მოუწოდებს თანამემამულეებს, და არა მხოლოდ მათ, იყიდონ მიწა საქართველოში. თუმცა ჩვენი რესპონდენტები ფიქრობენ, რომ გამორიცხული არ არის, საერთაშორისო ტრეფიკინგთანაც კი გვქონდეს საქმე.

ეს ამბავი მედიის ყურადღების ცენტრში აქამდე არ მოქცეულა და შესაბამისად, დიდად არც გახმაურებულა. გასული წლის შემოდგომაზე საქართველოში, სოფელ წნო­რში, ინდოეთიდან ჩამოსულმა პანჯაბელმა ფერმერმა თავი მოიკლა. ამის თაობაზე სიუჟეტი ერთ-ერთმა ინდურმა ტელეკომპანიამ მოამზადა. გარდაცვლილის ძმა ჰყვება, რომ საქართველოში მიწის საყიდლად წასული მისი ძმა შუამავალმა აგენტმა მოატყუა - აჩვენა და აყიდვინა კარგი მიწა, თუმცა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ რეესტრის მონაცემების მიხედვით, მას მიუვალ ადგილას ქვა-ღორღიანი მიწა მიჰყიდეს. ამ ამბავმა კი მისი ძმა იმსხვერპლა... ამ ფაქტის შეტყობის შემდეგ დავინტერესდით რეალურად რას აკეთებენ ის საშუამავლო კომპანიები, რომელთაც საქართველოში და­ხლი დადგეს და ქართულ მიწას უპრობლემოდ ყიდიან. ვინ და რა დგას მათ უკან? ფაქტია, რომ მათი დახმარებით არაერთმა უცხოელმა შეძლო აქ მიწის ნაკვეთის ყიდვა, თუმცა, როგორც ჩანს, მათ საქმიანობას აქვს მეორე მხარეც. ვითარებაში გასარკვევად კანადის მოქალაქე ინდოელ ბიზნესმენ ჯაგპალ (პოლ) სინგჰს დავუკავშირდით. აი, რა გვითხრა მან:

- საქართველოში სავიზო რეჟიმი ძალიან გამარტივებულია. შესაბამისად, აქ შემოსვლა ადვილია. ამასთანავე, მიწაც ინდოეთთან შედარებით იაფია. ამიტომაც ადამიანთა გარკვეულმა ჯგუფმა, რომელიც უკვე შეიძლება ითქვას, რომ ტრეფიკინგით არის დაკავებული, ხელის მოთბობა გადაწყვიტა. ინდოელ ღარიბ ფერმერებს ჯერ დაპირებებით აბრუებენ, ეუბნებიან, რომ აქ ბედნიერ და მდიდრულ ცხოვრებას აიწყობენ, აქ ჩამოსულებს კი, დახმარების ნაცვლად, ფულს სძალავენ.

- ვინ არიან საშუამავლო კომპანიების დაამარსებლები?

- ინდოელები არიან, მაგრამ ქართული საყრდენის გარეშე ისინი ამდენს ვერ შეძლებდნენ. თუმცა ძნელი სათქმელია, მათმა ქართველმა პარტნიორებმა ზუსტად იციან თუ არა, რა ხდება რეალურად. ტრეფიკინგი მთელ მსოფლიოში უდიდესი პრობლემაა. ამით დიდი ფული კეთდება. ინდოეთში ბევრი ღატაკია, ვისაც ფულის საშოვნელად და უკეთესი ცხოვრებისთვის სხვა ქვეყანაში სურს წასვლა.

- რით შეძლეს ამ ხალხის დაინტერესება ინდოეთში?

- ძირითადად, ფართომასშტაბიანი სატელევიზიო რეკლამით. ამ ლამაზ ვიდეორგოლებში ჩანს საქართველოს ბუნება, დამუშავებული მიწები, გამდიდრებული და ბედნიერი ინდოელები, რომელთაც საქართველოში დიდ წარმატებას მიაღწიეს. ბოლოს კი ამბობენ, ამა და ამ კომპანიამ ჩამომიყვანა აქ და მადლობა მასო. ინდოეთის ბევრ სოფელში ცხოვრობს გულუბრყვილო, გაუნათლებელი და საკმაოდ დაბალი დონის ხალხი, თავიანთ სოფელსაც რომ არ გასცილებიან და იჯერებენ ამ ზღაპრებს. აქ იმდენი გაუნათლებელი ინდოელი ვნახე, რომ ძალიან შემრცხვა, თან ძალიან შემეცოდა ეს ხალხი.

- რა უჯდება ადამიანს ინდოეთიდან აქ ბედის საძებნელად ჩამოსვლა?

- 2.000-5.000 დოლარი. თვითმფრ­ინავის ერთ რეისს, სულ ცოტა, 25-30 კაცი ჩამოჰყავს.

- ეს ერთი კომპანიაა?

- როგორც ვიცი, 3-4 კომპანიაა, თუმცა ერთი მათგანი ყველაზე ძლიერი და ყველაზე მატყუარაა. ვიმეორებ, მათი საქმიანობა სერიოზულ ინვესტორებს ხელს უშლის.

ბატონი პოლის მონაყოლის შემდეგ ინდური ტრეფიკინგის მსხვერპლთა პოვნა გადავწყვიტეთ. ეს მაინცდამაინც არ გაგვჭირვებია, აღმოჩნდა, რომ შუამავალთა მიერ მოტყუებული ადამიანი საკმაოდ ბევრია. ამჯერად ორი მათგანის თავგადასავალს გთავაზობთ.

სანი სინგჰი 28 წლისაა, ჩემ წინ დაღონებული ზის და ლაპარაკისას ლამის არის იტიროს. ამბობს, რომ არ გაუმართლა, რადგან მატყუარა ხალხის ბადეში მოყვა:

- საქართველოს შესახებ კომპანია Crown Imvigration-ის სატელევიზიო და საგაზეთო რეკლამებიდან შევიტყვე. აცხადებდა, რომ აქ იყო საუკეთესო მიწები, თან ძალიან იაფად. დავუკავშირდი კომპანიას, რომელმაც ეს ყველაფერი დამიდასტურა, ოღონდ აქ რომ ჩამოვეყვანე, კომპანიისთვის 5.000 დოლარი უნდა გადამეხადა. მეც ავდექი და გადავიხადე. ისინი მპირდებოდნენ, რომ დამხვდებოდნენ აეროპორტში, ერთი თვის განმავლობაში უზრუნველყოფილი ვიქნებოდი საცხოვრებლით და საკვებით, ამ პერიოდში კი მიწასაც მომაძებნინებდნენ. ოღონდ ამაში ბილეთის ფასი არ შედიოდა, ეს ცალკე გადავიხადე. თუმცა აქ ჩამოსული, ღია ცის ქვეშ აღმოვჩნდი. დღეს საცხოვრებელ ხარჯებს ჯიბის ფულიდან ვფარავ. დიჯმატი საინმა თავდაპირველად მითხრა, რომ აქ მიწას მაყიდვინებდა, ჰექტარს 2.000 დოლარად, აქ ჩამოსულს კი მითხრა, ჰექტარში 5.000 დოლარი უნდა გადაიხადოო. ამდენს ნამდვილად ვერ გადავიხდი, ამის საშუალება არ მაქვს. დამიბრუნოს ჩემი ფული და წავალ ისევ უკან. ყოველ დღე მივდივარ და ვითხოვ ჩემს ფულს, მაგრამ უარს მეუბნება. ახლა სხვა ზღაპრებს მიყვება, აქ თუ არ მოგწონს, ბრაზილიაში წაგიყვანო და ამაში კიდევ უფრო დიდ ფულს მთხოვს. მაგას უკვე ნამდვილად ვეღარ ვენდობი. თვეზე მეტია აქა ვარ, სხვას აღარაფერს ვითხოვ, დამიბრუნოს ამ კომპანიამ ჩემი ფული, უკან რომ წავიდე.

აქ ჩამოსული ინდოელები უკვე ვეჭვობთ, რომ ეს დიჯმატ საინი რეალურად შესაძლოა სულ სხვა ადამიანი იყოს და სხვად ასაღებდეს თავს. მე მისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები არ მინახავს, სამწუხაროდ, მხოლოდ სიტყვაზე ვენდე. საქართველოს ხელისუფლებას მინდა ვთხოვო, მიაქციოს ამ საკითხს ყურადღება და შეაჩეროს ეს კომპანია, კიდევ ბევრი ადამიანი რომ არ მოატყუონ ჩემსავით.

შარან სინგჰი 34 წლისაა, ინდოეთში ცოლი და ბავშვები დატოვა და საქართველოში კარგი ცხოვრების იმედით ჩამოვიდა. შუამავალი აგენტი ჰპირდებოდა, რომ მალე ცოლ-შვილის ჩამოყვანაშიც დაეხმარებოდა, თუმცა აქ ჩამოსულმა აეროპორტშივე აღმოაჩინა, რომ მოატყუეს. არც აეროპორტში დახვედრია ვინმე და არც საცხოვრებელი უშოვიათ. შარანმა ინგლისურიც არ იცის, მეგობარი ეხმარება და გვითარგმნის ჰინდიდან:

- ჩამოსვლაში 2.000 დოლარი გადავიხადე. ათასი დოლარი ინდოეთში მივეცი Crown immigration-ის წარმომადგენელს, ათასი კი აქ ჩამოსვლის მერე. 18 დღეა აქ ვარ და მივხვდი, რომ რაიმე პერსპექტივის იმედი არ უნდა მქონდეს. არადა, მეუბნებოდნენ, რომ საქართველოში გამდიდრება ძალიან ადვილი იყო. აქ ბევრი ინდოელი ვნახე, ვინც ჩემსავით მოტყუებულია და ინდოეთში დაბრუნება უნდა. არიან ისეთებიც, ვის მოტყუებასაც კიდევ ახერხებენ და ახლა აქედან სხვა ქვეყანაში გაგზავნაში სძალავენ ფულს.

- ვიდრე წამოსვლას გადაწყვეტდი, იცოდი, საქართველო ასეთი პატარა და მცირემიწიანი ქვეყანა რომ იყო?

- არა, აგენტი მეუბნებოდა, რომ აქ ყველას სამყოფი მიწა იყო. კომპანიის წარმომადგენელმა მაჩვენა მიწა, მაგრამ ეტყობოდა, სრულიად მოუსავლიანი და უვარგისი იყო, თან ჰექტარში 2.500 დოლარს მთხოვდა, რაზეც უარი ვთქვი. ახლა უკან წასვლას ვაპირებ.

კიდევ ერთი მოტყუებული ინდოელი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, ასახელებს კიდევ ერთ პიროვნებას და ამბობს, რომ, სავარაუდოდ, ამ საქმის სათავეში სწორედ ის დგას:

- რენჯოდ სინგჰი ამჟამად რუსთავში ცხოვრობს იქ ეწევა საშუამავლო საქმიანობას. თითქმის დაზუსტებით ვიცი, რომ სწორედ ამ კაცმა ჩამოიყვანა საქართველოში დიჯმატი საინი, არ გამოვრიცხავ, მათ ერთობლივი "შავი" ბიზნესი ჰქონდეთ.

ვფიქრობთ, ამ საკითხის შესწავლით სამართალდამცავი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ და ბოლოს და ბოლოს შეწყდეს პროცესი, რომელიც ქვეყნის ინტერესსაც არაფერში არგია და გამოდის რომ, აქ ჩამოსულ ბედის მაძიებელ უცხოელებსაც გვარიანად აზარალებს.

ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ