საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ მთავრობის კანცელარიაში განცხადება გააკეთა.
დავით კირვალიძემ კომენტარი გააკეთა სოფლის მეურნეობის სამინისტროს რამდენიმე მაღალჩინოსნის დაკავების შესახებაც და იმედი გამოთქვა, რომ გამოძიება ყველაფერს გაარკვევს.
კირვალიძემ უფლებამოსილების შეჩერების თხოვნით მთავრობას დღევანდელ სხდომაზე მიმართა. მისი თქმით, ის გრძნობს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას სამინისტროში მიმდინარე პროცესებზე და მთავრობას უფლებამოსილების შეჩერება სწორედ ამიტომ სთხოვა.
კირვალიძის ინფორმაციით, პრემიერმა მისი თხოვნა დააკმაყოფილა და გამოძიების დასრულებამდე მას უფლებამოსილება უწყდება.
"სამინისტროს თანამშრომლების უმრავლესობა ძალიან წესიერი და კეთილსინდისიერი ადამიანია. მათ შორის ჩემი ბევრი მეგობარია. დარწმუნებული ვარ, რომ სიტუაცია მალე გაირკვევა, რადგან აუცილებელია სიმართლე დადგინდეს. პროცესის დასრულებამდე კი პოლიტიკურ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ და გადადგომის გადაწყვეტილება მივიღე", - განაცხადა დავით კირვალიძემ.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობას მისი მოადგილე შალვა ფიფია შეასრულებს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს რამდენიმე მაღალჩინოსანი სასოფლო-სამეურნეო ბარათებთან დაკავშირებით დააკავეს.