როგორ ატყუებდნენ ციხიდან ხათუნა კალმახელიძეს და მიხეილ სააკაშვილს?

როგორ ატყუებდნენ ციხიდან ხათუნა კალმახელიძეს და მიხეილ სააკაშვილს?

ყოფილ მინისტრს, ხათუნა კალმახელიძეს, გენერალ თამაზ თამაზაშვილის ლიკვიდაციის დაკვეთაში ამხელენ. ეს სკანდალური ჩვენება გამოძიებას უკვე მისცა ციხის აგენტმა, ვუგარ ალიევმა.

შეგახსენებთ: ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი იარაღის უკანონო შენახვა-შეძენის ბრალდებით დააკავეს და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ქვეყნის პრეზიდენტი საარჩევნო კამპანიის დროს თამაზაშვილის მისამართით სალანძღავ სიტყვებს არ იშურებდა და მას კრიმინალად მოიხსენიებდა. ტელევიზიები აჭრელებული იყო გიგა ნასარიძის მიერ შექმნილი კლიპებით, რაც გენერლის დისკრედიტაციას ემსახურებოდა. თამაზაშვილი მალე მიხეილ სააკაშვილს პროკურატურაში უჩივლებს და მის დასჯას მოითხოვს. ამბობს, რომ მისი სიცოცხლე "ქართული ოცნების" გამარჯვებამ იხსნა. თამაზაშვილის ადვოკატები არჩევნებამდეც აცხადებდნენ, რომ ციხეში გენერლის სიცოცხლე საფრთხეში იყო. ახლა ამ საკითხზე დეტალურად პატიმარი ალიევი საუბრობს.

პატიმარ ალიევის ჩვენებიდან:

"ჩემგან მოითხოვდნენ, ინფორმაციები მიმეწოდებინა. თავიდან თანამშრომლობაზე უარი რომ ვთქვი, ოლეგ ფაცაციამ დენის სავარძელში მაწამა... მერე შესაშინებლად სამი დღე მორგში დამტოვეს. მაყურებინეს, როგორ ამოაჭრეს გარდაცვლილ პატიმარს ღვიძლი და როგორ შეაჭამეს ის ციხის კატას. მითხრეს, ამ საქმეს თუ არ გავაკეთებდი, მეც ასე მომექცეოდნენ. სხვა გზა არ მქონდა და დავთანხმდი... ხათუნა კალმახელიძეს რამდენჯერმე შევხვდი. დამავალეს, გამეგო, ვის მხარეს იყო ვანო მერაბიშვილი, იყო თუ არა ის "ოცნებაში"... მერე მითხრეს, - აბს მოგცემთ, დილით საჭმელს რომ შემოიტანენ, მაშინ ჩაუყრი თამაზაშვილს, 3 თვეში ღვიძლი დაეშლება... შენ უნდა დაადასტურო, რომ ღვიძლი სტკიოდა და წამლებს იღებდა, შენი პირადი საქმე პრეზიდენტთან დევს და ის შეგიწყალებსო".

თამაზ თამაზაშვილი ამბობს, რომ მისთვის ალიევის ჩვენება უცხო არ არის. ამის შესახებ ყველაფერი ციხეშივე იცოდა. თავის გადარჩენა სწორედ მაშინდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნების მოტყუებით მოახერხა. ამაში მას პატიმარი ალიევი ეხმარებოდა და მის დაგებულ პროვოკაციებს პრეზიდენტი სააკაშვილიც ბევრჯერ წამოეგო.

- ბატონო თამაზ, თქვენი თანასაკნელი ამბობს, რომ თქვენი მოწამვლა დაავალეს. რა რეაქცია გქონდათ, როცა ეს გაიგეთ?

- ვუგარ ალიევის ჩვენებაში ჩემთვის გასაკვირი და ახალი არაფერი ყოფილა. ყველაფერი ვიცოდი, მაგრამ მაშინ ამის გახმაურება საშიში იყო. ამის მიუხედავად, ჩემი ადვოკატებისთვის არ დამიმალავს, ჩემი ლიკვიდაცია რომ იგეგმებოდა. ეს დაკვეთა ხათუნა კალმახელიძისგან მოდიოდა, თუმცა ამ ამბავს წინ ბევრი სხვა დეტალი უსწრებდა.

- ადვილად გაშიფრეთ აგენტი ალიევი?

- 28 წელი პოლიციაში, ოპერატიულ სამსახურში ვიმუშავე და მისი გაშიფვრა არ გამჭირვებია. თუმცა, სპეციალურად ჩამისვეს ისეთი აგენტი, რომ იოლი გასაშიფრი არ ყოფილიყო. ის თამაშობდა, შეძლო ტყუილები ეთქვა, მაგრამ მაინც გავშიფრე. მას ციხიდან გაშვებას ჰპირდებოდნენ. როგორც კი ადვოკატთან ან მოძღვართან შეხვედრაზე გავიდოდი, მაშინვე იწყებოდა ჩვენს საკანში წრიალი და ალიევის დამუშავება. მათ არ იცოდნენ, რომ ეს აგენტი უკვე გადმობირებული მყავდა და ყველა დეტალს მიყვებოდა. იმ დონეზე გავშიფრე, უკვე მის აზრებსაც კი ვკითხულობდი. ერთ დღეს ვუთხარი, - ვუგარ, ხომ იცი, შენ აქედან ცოცხალი ვერ გახვალ, გაგაკეთებინებენ საქმეს და მერე მოწმე არ დასჭირდებათ, შენც მოგიშორებენ და მეც, ამიტომ ჯობია, ერთად ვიმოქმედოთ-მეთქი. გონიერი ბიჭია, მიხვდა, ასე ჯობდა და დაიჭირა ჩემი მხარე. ამის შემდეგ, ის ყველა წვრილმანს მიყვებოდა კალმახელიძესა და სხვებთან შეხვედრებიდან დაბრუნებული. მის ნათქვამში ეჭვი არ შემიტანია, იმდენად დეტალურად ჰყვებოდა, რა ეცვა ხათუნა კალმახელიძეს, როგორ გამოიყურებოდა... მერე, როცა კალმახელიძე შენობიდან გადიოდა, ვაკვირდებოდი საკნის ფანჯრიდან და ვრწმუნდებოდი ალიევის ნათქვამის სისწორეში. ზუსტად ისე ეცვა ხოლმე კალმახელიძეს, როგორც ის აღწერდა. ისინი ერთმანეთს ხშირად ხვდებოდნენ. პირადად ჩემზე მუშაობდნენ. იმასაც მიყვებოდა, ვინ ახლდა კალმახელიძეს. მახსოვს, ერთხელ მითხრა, - "ელასტიკებიანი" გოგო ახლდაო. ცოტა ხანში მართლაც გამოვიდა მინისტრთან ერთად ეზოში ასეთი გოგო. მერე ერთად ვატყუებდით მე და ვუგარი კალმახელიძეს. მას ეს ინფორმაციები პირდაპირ სააკაშვილთან მიჰქონდა.

- მის მოტყუებას უპრობლემოდ ახერხებდა?

- მას თამაში თავისუფლად შეუძლია. თაღლითია, თაღლითობაზე იხდის სასჯელს და ნარკოტიკიც დაუმატეს, 27 წელი მიუსაჯეს. ვუთხარი, - თავი ისე მოაჩვენე, რომ ვერაფერს მიხვდნენ-მეთქი. - ეს პრობლემა არ არისო და მართლაც კარგად გამოსდიოდა. აინტერესებდათ, ვანო მერაბიშვილი იყო თუ არა "ქართულ ოცნებასთან" კავშირში. ეს ეჭვები ბიძინა ივანიშვილის განცხადებას მოჰყვა. მეც ეს ინფორმაცია მოსმენილი მქონდა და ვუთხარი - ასე გადაეცი, თამაზი ამბობს, ვანო კარგი კაცია; თუ გააყალბებენ არჩევნებს და ხალხი ქუჩაში გამოვა, მერაბიშვილი ხალხს არ დახოცავს და ხალხის მხარეს გადმოვა პოლიციასთან ერთად-მეთქი. ეს რომ გაიგო კალმახელიძემ, თურმე წამოხტა და თქვა - მეც ამას არ ვამბობდიო?! მაშინვე ტელეფონით სააკაშვილს დაურეკა და ეს ამბავი მოახსენა. ამის შემდეგ დიქტოფონი მოიტანეს და თვითონ კალმახელიძემ ჩაწერა ვუგარის საუბარი. - კიდევ ერთხელ კარგად გაიმეორე, რაც ვანოზე თამაზაშვილმა გითხრაო. ამ ამბიდან სამ დღეში რადიოთი გავიგეთ, რომ ვანო მერაბიშვილი პრემიერ-მინისტრად გადაიყვანეს. იმ დღესვე ისევ გაიყვანეს ვუგარი საკნიდან. ციხის უფროსთან, დავით ხუჭუასთან ვიყავიო. ახლა უკვე აინტერესებდათ, რა რეაქცია მქონდა მერაბიშვილის გადაყვანასთან დაკავშირებით.

- და რა უთხარით?

- ტყუილი დამაჯერებელი რომ ყოფილიყო, ვუთხარი, - ასე გადაეცი, ეს რომ თამაზმა გაიგო, საკანში მთელი დღე ღიღინებდა, გახარებული იყოო. უფრო ბუნებრივად ჟღერდა ღიღინი. მერე იყო საუბარი იმაზე, რომ გიორგი ღვინიაშვილის გადმოყვანას აპირებდნენ ხათუნა კალმახელიძის ადგილზე. ეს ინფორმაციაც რადიოთი მოვისმინე. აშკარად არ გვაწყობდა მისი დანიშვნა, მას გამოცდილება აქვს და კალმახელიძეზე ჭკვიანია, ამიტომ გავაძლიერეთ ინფორმაციების მიწოდება. გავავრცელეთ, - გიორგი ღვინიაშვილი თავისი მეგობრებიანად "ოცნებაში" გადადის, მაგრამ ვერ შეატყობთ, ისინი კარგად თამაშობენ და ცდილობენ, ამ საკითხებზე ტელეფონებით არ ისაუბრონ, ამიტომ ნაცნობებს გზავნიან "ოცნებაში" და ისე აქვთ კავშირები-მეთქი. ვიცოდი, კახეთში მისი ნაცნობებიდან "ოცნების" წევრები იქნებოდნენ და ეს ტყუილი გაამართლებდა. ამასაც წამოეგნენ. ღვინიაშვილის გადაყვანის საკითხი შეჩერდა და კალმახელიძე დატოვეს. ასეთი კარგი ინფორმაციებისთვის დაასაჩუქრეს კალმახელიძე და ციხის უფროსი - მათ პრემიები გამოუწერეს. დარწმუნებული ვარ, პირდაპირ სააკაშვილთან მიჰქონდა ინფორმაცია. ხათუნამ უფრო აქტიურად დაიწყო ალიევთან შეხვედრები და ჩვენ დავიწყეთ ამბების შეთხზვა. ვუგარს არტისტული მონაცემები აქვს. შეეძლო, უცებ აკანკალებულიყო და თავი მოეჩვენებინა, როგორც საცოდავ ადამიანს ან შეშინებული სახე მიეღო და ეთქვა, - ეს ამბავი მითხრა თამაზაშვილმაო. მერაბიშვილთან დაკავშირებით გაკეთებული ივანიშვილის განცხადება მათთვის იმდენად დიდი შოკი იყო, რომ უკვე ყველანაირ პროვოკაციას ეგებოდნენ. მართლა არ გაგვჭირვებია შეთხზულ ვერსიებში მათი დარწმუნება. მინისტრად ახალაიას მოსვლა ხელს გვაძლევდა, რადგან მერაბიშვილი უფრო ეშმაკობდა და მისი მოტყუება უფრო ჭირდა. ჩამოწერილი ჰქონდა თანამშრომლების დაბადების დღეები და ულოცავდა, ასეთი ყურადღებით მათი ნდობა და სიყვარული მოიპოვა, პოლიციის პოლიტიზება მოახდინა და ისინი ვანოს ყველა დავალებას შეასრულებდნენ. ვანოს მოცილება გვაწყობდა. "ოცნებისთვის" ახალაია ჯობდა, სიტუაციის კონტროლის კუთხით. ვანოს მეტი სიბინძურის ჩადენა შეეძლო. თან, ახალაიები და მერაბიშვილი ერთმანეთზე გადაკიდებული იყვნენ. სააკაშვილმა საბოლოოდ ვანო გადააჩოჩა და მინისტრად დასვა ვანოს მტერი - ბაჩო ახალაია. ეს მთელი ბრძოლა იყო, ვფლობდი ინფორმაციებს და უფრო მიადვილდებოდა ამბების მოფიქრება.

- თქვენს საკანში ფარული კამერა იყო დამონტაჟებული. ასეთ ვითარებაში ამ ყველაფრის დაგეგმვას როგორ ახერხებდით?

- სხვადასხვა სახელი დავარქვით ჩინოსნებს. მაგალითად, ვანო მერაბიშვილს ვეძახდით პატარა შავ ჩოკინას, ზურაბ ადეიშვილს - მოსუქებულ ვირთხას, სააკაშვილს როცა ვახსენებდით, მიმიკით ვანიშნებით ერთმანეთს და ხელს ცხვირზე მოვისვამდით. ხათუნა კალმახელიძეს ხან კნეინას, ხან ხანუმას ვეძახდით, ოლეგ ფაცაციას - თეთრ ვირს, ციხის უფროს დავით ხუჭუას უბრალოდ მოგონილი სახელი - შალვა დავარქვით. ეს კითხვაც დაუსვეს ალიევს, - რა უცხო სახელებს ახსენებთო? ამაზეც პასუხი მომზადებული გვქონდა. ალიევმა უპასუხა, - თამაზაშვილი კახეთში სამხარეოს უფროსი რომ იყო, ეს მისი თანამშრომლების სახელებია და მათ ამბებს მიყვებაო. ესეც დაიჯერეს. ხშირად ჩემი გეგმის შესახებ მას ყურში ვუჩურჩულებდი. ესეც ჰკითხეს, - ყურში რას გეუბნებაო? ყურში მეუბნება იმ საიდუმლო ამბებს, რაც თქვენთან მომაქვს და ამას ასე იმიტომ მელაპარაკება, იცის, რომ გვისმენთ, იმას კაცი რას გამოაპარებსო? ამანაც გაამართლა.

- როცა მან თქვენი მოწამვლის დავალება მიიღო, ეს ამბავიც ადვილად გითხრათ?

- იმ დღეს საშინლად შეშინებული დაბრუნდა საკანში. მითხრა, - შენი მოწამვლა დამავალესო, ყველა დეტალს მომიყვა. ციხის უფროსს მისცა ეს დავალება კალმახელიძემ და იმან ვუგარს დაავალა. როცა კონკრეტულად ეუბნებოდა, რა უნდა გაეკეთებინა, თურმე კალმახელიძემ შეაჩერა, - ეტყობა იფიქრა, რომ ვუგარი ვერ მიხვდებოდა, რა აბზე ელაპარაკებოდა, რადგან აზერბაიჯანელია და უთხრა: - მიხვდი, რას გეუბნება? "ტაბლეტკა", "ტაბლეტკაზე" გელაპარაკებაო. ეს რომ მითხრა, დავამშვიდე, - ნუ გეშინია, ის აბი გამოართვი და მომეცი, მე ვეცდები, ის წამალი ადვოკატებთან ავიტანო და მტკიცებულებად გადავცე-მეთქი, მაგრამ მივხვდი, ამას ვერ შევძლებდი, რადგან საშინელი კონტროლი იყო, გავიშიფრებოდით. რომ გაეგოთ, გადმობირებული მყავდა და ამდენი ინფორმაცია მქონდა, ნამდვილად ორივეს მოგვკლავდნენ. ამ შეთავაზებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! შემდეგ, ის სამი დღით საკნიდან გაყვანილი ჰყავდათ. იქიდან დაბრუნებულ კაცს რომ შევხედე, ძალიან ცუდად იყო, მოულოდნელად თმა გასჭაღარავებოდა და ხმას ვერ იღებდა. მერე გავიგე, რომ თურმე ის სამი დღე მორგში ჰყოლიათ. ძალიან დათრგუნვილი და შოკირებული იყო. კარგა ხანს ხმას ვერ იღებდა. ასევე მისგან გავიგე, რომ აპირებდნენ ჩემი შვილისთვის - ალექსანდრესთვის პროვოკაციის მოწყობას.

- რა გზით?

- ალიევს უთხრეს, - აბანოში რომ გაგიყვანთ, კამერაში დავდებთ მობილურ ტელეფონს, მერე ჩატარდება "შმონი", ტელეფონს აღმოაჩენენ და შენ უნდა თქვა, რომ ლექსო თამაზაშვილმა ამაში 400 ლარი ციხის თანამშრომელს გადაუხადა და ისე შემოატანინა, რომ მამამისმა ღამით ირაკლი ღარიბაშვილთან მესიჯები გაგზავნოსო. ჩემი შვილის დაჭერა და ოჯახის განადგურება უნდოდათ. ამის მეშინოდა. დრო არჩევნებამდე რომ გამეწელა, გავაძლიერე ინფორმაციების გავრცელება. შიგნით, ციხეშიც ავრიე სიტუაცია. ალიევს ციხის უფროსისთვის ახალი ტყუილი ვათქმევინე, - შენს ადგილზე ორ კვირაში შენსავე მოადგილეს, ვიქტორ ყაჭეიშვილს ნიშნავენ, მე კი თქვენთან მინდა თანამშრომლობა და არა - მასთანო, და უტირია კიდეც. ხუჭუაც თურმე წამოეგო ამ ანკესს, სკამიდან წამოხტა და იყვირა, - ვიცოდი, რაღაცას მიწყობდნენო!

- იქაურ საჭმელს ჭამდით? მოწამვლის არ გეშინოდათ?

- საჭმელს კარგად ვრეცხავდი და ისე ვჭამდი. მოჰქონდათ წამლები, მაგრამ არ ვსვამდი, რადგან არ იყო გამორიცხული, რომ საწამლავი შემოეპარებინათ. ერთხელ, ჭამის შემდეგ მუცელი ამტკივდა. ვიფიქრე, მომწამლეს-მეთქი და თითქმის ერთი ვედრო წყალი დავლიე - კუჭი ამოვირეცხე. ყოველ წუთს შიშის ქვეშ ვიყავი... აზიდვებს ვაკეთებდი, დიდხანს ვივარჯიშე და ერთხელ ისე ცუდად გავხდი, ციხის საავადმყოფოში გადამიყვანეს და სამჯერ ელექტროშოკიც დამჭირდა. იქაც მოწოდებულ წამლებს არ ვსვამდი და ვმალავდი. ხუჭუამ ალიევს ისიც უთხრა, - ნუ გეშინია, შენ ვერაფერს დაგიშავებს თამაზაშვილი, საკანში სპეცრაზმი შევა და მას გავასუხარებთო. ერთხელ საკანში ფსიქიკურად შეშლილიც შემომიყვანეს. ლაშა შურღაია ცოლის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. თითქმის სამი თვე ამყოფეს ჩემთან და ცდილობდნენ, გამოვეყვანე წყობიდან, მაგრამ ფსიქოლოგიურად ისე ვიყავი მომზადებული, ვერ გამტეხეს. ხშირად ურევდა შურღაია, ვითომ ხელში ტელეფონი ეჭირა და ხან ობამას ელაპარაკებოდა, ხან - სააკაშვილს. ძნელი იყო ასეთი ადამიანის გვერდით ყოფნა. აქაც ეშმაკობა ვიხმარე, ალიევს ვათქმევინე, - რაც ეს გიჟი შემოიყვანეს, თამაზაშვილი დუმს, ინფორმაციას არ მაწვდისო და შურღაია გაიყვანეს.

- საჩივარს შეიტანთ პრეზიდენტის წინააღმდეგ?

- სააკაშვილმა პასუხი უნდა აგოს იმ ბრალდებების გამო, რასაც ის მე მიყენებდა. აუცილებლად მოვითხოვ მის დასჯას. ასევე აუცილებლად ვუჩივლებ პროკურატურაში გიგა ნასარიძეს. პასუხი უნდა აგონ ზურაბ ადეიშვილმა, დავით ჭაკუამ, ციხის უფროსმა - დავით ხუჭუამ, მისმა მოადგილემ, ვიქტორ ყაჭეიშვილმა და ხათუნა კალმახელიძემ. სწორედ ამ ხალხმა დაგეგმა და შემდეგ ჩემს სახელს დაუკავშირეს ციხის სკანდალური კადრები. თითქოს მე მოვისყიდე და მოვაწყვე. არადა, ამ ბრალდების შემდეგ გამომძიებელი ერთხელაც არ შემოსულა ჩემთან დასაკითხად.

ხათუნა კალმახელიძე სააკაშვილთან შეთანხმებით გეგმავდა ჩემს მოწამვლას. ის ვუგარ ალიევს პატარა ჭიას ეძახდა. ვერ გაგვტეხეს. ჩემი სიძე ძალიან ერთგული კაცია და არ უნდოდათ, ბიძინა ივანიშვილის გვერდით ყოფილიყო. ციხეში ყოფნის დროს მივხვდი ერთგულების ფასსაც. ბევრმა ბავშვობის მეგობარმა და ნათესავმა მიღალატა და გადავიდა "ნაცმოძრაობის" მხარეს. მათთან რაიმეს გარკვევა არ მიცდია. უკვე ვაპატიე, ცუდს არ ვუკეთებ, მაგრამ მათთან ურთიერთობა არ მაქვს.

- ბევრს საუბრობენ, რომ სამინისტროში კადრების დანიშვნაში თქვენს სიძეს ეხმარებით...

- ტყუილია. ირაკლი ძალიან გონიერი და კარგი მენეჯერია. აქვს ოპერატიული ტვინი და მიუხედავად იმისა, რომ სტრუქტურაში ნამუშევარი არ იყო, კარგად გაართვა თავი. ბევრი მოდის ჩემთან სამსახურის თხოვნით, მაგრამ უარით ვისტუმრებ და ვურჩევ, კონკურსში მიიღოს მონაწილეობა.

- ირმა ნადირაშვილმა ჩამოთვალა იმ თქვენი ნათესავების გვარები, რომლებიც თანამდებობებზე დანიშნეს. ამის გამო თქვენს სიძეს თავის მართლება დასჭირდა და ისიც თქვა, რომ ცოლის ნათესავები მისი ნათესავები არ არიან. მის ამ ნათქვამზე რა რეაქცია გქონდათ?

- მართლაც ჩემი დისშვილია გენინსპექციის უფროსი, ზვიად ჯანყარაშვილი, მისი მამა პოლკოვნიკია და ეს ბიჭი ჩემს ხელში გაიზარდა. კარგი, ჭკვიანი და ერთგული ადამიანია და ამიტომ გადაწყვიტეს, დაენიშნათ. როგორი ნათესავიც უნდა იყოს, თუ მას მონაცემები არ აქვს და პროფესიონალი არ არის, ვერ დანიშნავ. ირაკლი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანია. რაც შეეხება კახეთში ჩემი დის დანიშვნას, ის უბრალოდ მოხსნეს იმის გამო, რომ "ქართულ ოცნებას" უჭერდა მხარს და ახლა აღადგინეს. ირმა ნადირაშვილს სათქმელი არაფერი აქვს, ის კახელია და კარგად ვიცით მისი წინაპრებიც. ამიტომ ვურჩევ, ცოტა გონს მოეგოს. რაც შეეხება ირაკლის განცხადებას, უბრალოდ, მან კახური იუმორით იხუმრა.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"