"მე ვარ თუმანიშვილის თეატრის მთავარი გინეკოლოგი"

"მე ვარ თუმანიშვილის თეატრის მთავარი გინეკოლოგი"

"თავს განათლებულ ადამიანად არ მივიჩნევ, არადა, ინტელექტუალური თამაშები მიყვარს. სამწუხაროდ, 20 წლამდე უფრო მეტს ვკითხულობდი, ვიდრე ახლა", - ამბობს მსახიობი გიორგი ყიფშიძე. ბავშვობაში ზღაპრებს ბებია უკითხავდა. ამ "პატარა სპექტაკლის" დაწყებას ყოველთვის მოუთმენლად ელოდა. ბებია უცხობდა ღვეზელს და თან "მსოფლიო ზღაპრებიზღაპრების" 12-ტომეულიდან საინტერესო ამბებით ართობდა.

- გიორგი, ბებიის მოყოლილი ზღაპრებიდან გამორჩეულად რომელი გახსოვს?

- სპარსული ზღაპრები მიყვარდა, მათში დიდი ფილოსოფია იყო ჩადებული. ქართული და რუსული ზღაპრები ნაკლებად მომწონდა. ბებია მე და ჩემს დას, ყოველ შაბათ-კვირას კარტოფილის ღვეზელს გვიცხობდა, თან ზღაპრებს გვიკითხავდა. იმ წიგნებს ახლაც კი ღვეზელების სუნი აქვს. მახსოვს, სათვალე ცხვირზე ჩამოწეული ჰქონდა და იმპროვიზაციასაც ხშირად მიმართავდა.

- სკოლაში ყველაზე კარგად რომელ საგნებს სწავლობდი?

- ისტორიას. მათემატიკა, ფიზიკა და ქიმია საერთოდ არ მესმოდა.

- წიგნი მოგიპარავს?

- ერთ დღეს, ვაკეში ბუკინისტების მაღაზიაში შევედი და ხელში რომელი წიგნიც მომხვდა, ავიღე და წამოვიღე. დღესაც არ ვიცი, ასე რატომ მოვიქეცი, ეს "პონტის" ქურდობა იყო.

- თეატრში შენ მიერ განსახიერებული პერსონაჟებიდან, რომელთან იმეგობრებდი?

- შექსპირის მერკუციოსთან. ძალიან კარგი მეგობარია, გულწრფელი და ერთგულია.

- როგორც მეგობარი, მას ჰგავხარ?

- მგონი, მეც კარგი მეგობარი ვარ.

- "ჩემი ცოლის დაქალების" ვერსკის თუ ჰგავხარ?

- არა, მასში მხოლოდ ის მომწონს, რომ ერთგული მეგობარია, სხვა - არაფერი. ეგეთი ადამიანები 1990-იან წლებში ბევრნი იყვნენ, რა დასამალია და თავადაც ვცდილობდი, ვერსკისნაირი ვყოფილიყავი. ახალგაზრდებს ვურჩევ, ჩემს პერსონაჟს არ მიჰბაძონ.

- წლების წინ ბოთლის რა ნაწილზე იყო დატანილი ღვინის სახელი, დაკრეფის, ჩამოსხმის წელი და სხვა ინფორმაცია?

- ადრინდელს რას მეკითხები? ახლა ეგ ყველაფერი ეტიკეტზე წერია.

- ადრე ინფორმაცია საცობზე იყო დატანილი. ალკოჰოლთან "მეგობრობ"?

- იცი, რას გეტყვი (იცინის)? მეტყობა რამე?

- სოციოლოგია - ეს არის მეცნიერება საზოგადოების შესახებ, ასტროლოგია - მეცნიერება ვარსკვლავების შესახებ, ზოოლოგია - მეცნიერება ცხოველების შესახებ, როგორ გამოითქმის ძველბერძნულად მეცნიერება ქალების შესახებ?

- გინეკოლოგია. მე ვარ თუმანიშვილის თეატრის მთავარი გინეკოლოგი. ადრე მამაჩემი იყო და მისგან ეს წოდება მემკვიდრეობით მერგო.

- ერთხელ კომპოზიტორმა ჯუზეპე ვერდიმ განაცხადა: ეს არის მუსიკის ზოგიერთი სახეობის განუყოფელი ნაწილიო, და მისი პარტიტურაში ჩაწერაც კი მოითხოვა. რის შესახებ ლაპარაკობდა ვერდი?

- არ ვიცი.

- მიგანიშნებ, მას მსახიობებსაც ხშირად გიძღვნიან.

- აპლოდისმენტები?

- გამოიცანი. მოგზაურობა გიყვარს?

- ძალიან მიყვარს, მაგრამ მოგზაურობას რა სჭირდება, კარგად იცი.

- საჭირო თანხა და დრო რომ გქონდეს, რომელ ქვეყანაში იმოგზაურებდი?

- ევროპაში, აზიაში, რა ვიცი, მსოფლიოს შემოვივლიდი.

- 1972 წელს ერთმა ახალგაზრდა ინდუსმა ჯონ ლენონს მისწერა, რომ იგი დედამიწის გარშემო მოგზაურობაზე ოცნებობდა, მაგრამ ფული არ ჰქონდა და სთხოვდა, მისთვის საჭირო თანხა გამოეგზავნა. ლენონმა მისწერა: "დაკავდი მედიტაციით და შენ შეძლებ ნახო მთელი მსოფლიო შენს წარმოსახვაში". 1995 წელს იმ ახალგაზრდამ ოცნება მაინც აისრულა. როგორ იშოვა მან ფული?

- ფულის შოვნის გზები რომ ვიცოდე, რაღა მიჭირდა.

- ლენონის წერილი გაყიდა.

- მეც გავყიდდი, სწორად მოქცეულა.

- ყველა თვე 30 ან 31 რიცხვით მთავრდება. რომელ თვეშია 28 რიცხვი?

- აპრილში, ჩემი დის შვილია ამ თვეში დაბადებული.

- გიორგი, დაფიქრდი.

- 4 წელიწადში ერთხელ რომ არის, აბა რომელი თვეა? ა! თებერვალი უნდა მეთქვა.

- აშკარად დაიბენი. 28 რიცხვი ყველა თვეშია.

- ჩემს ჩასაჭრელად მოხვედი?

- პოეზია გიყვარს?

- როგორ არ მიყვარს, განსაკუთრებით ტერენტი გრანელის ლექსები მომწონს. და ამ ბოლო დროს სურვილი გამიჩნდა, ნიკო გომელაურის სტროფები ჩემი საგრიმიოროს კედლებზე დავწერო. ნიკოს განცდები, მისი სიტყვები ძალიან ახლობელია.

- ნიკოს პოეზიიდან ერთი სტროფი გავიხსენოთ, "ქალის არ მესმის, / (ვბორგავ და ვხვნეში).../ რამდენი გესლი მქონია..."

- "...ნეკნში".

- 1931 წელს მწერალთა ფედერაციამ ეს მწერალი თავისი ორგანიზაციის რიგებიდან ერთხმად გარიცხა. "ცნობილია, როგორც რეაქციონერი და ანტისაბჭოთა მწერალი, რომელიც ამ 10 წლის განმავლობაში განუწყვეტლივ იბრძვის მხატვრული პროდუქციითა და ზეპირი გამოსვლებით ფეოდალური თავადაზნაურული იდეოლოგიის, შოვინიზმისა და "შავი ჩოხის" ტრადიციის დასაცავად... პოლიტიკურად მავნე მხატვრულ ნაშრომებს აქვეყნებს. თავისი პოლიტიკური მავნებლობით ამაყობს მწერლობაში და საბჭოთა საზოგადოების წინაშე" - ეს არის ამონაწერი გარიცხვის ოქმიდან. დაასახელე ეს მწერალი...

- კონსტანტინე გამსახურდია.

- რომელ ნაწარმოებს უწოდებენ ბეთჰოვენის მუსიკალურ ანდერძს?

- მე-9 სიმფონიას.

- ვის მიუძღვნა იგი?

- არ ვიცი.

- მეგობარს, ჯულიეტა გვიჩარდის. რამდენი პლანეტა მოძრაობს მზის გარშემო?

- ბევრი. ზუსტი ციფრი არ ვიცი.

- 9. რას ნიშნავს გერმანული წეს-ჩვეულება "ბრუდერშაფტი"?

- ვერ გეტყვი.

- ქეიფის დროს დამეგობრებას.

- ეგ გერმანული კი არა, ქართული სიტყვა ყოფილა.

- ფეხბურთი გიყვარს?

- მიყვარს, მაგრამ ისე ძლიერად - არა, როგორც მამაჩემს.

- დაასახელე ქვეყანა, რომელიც ყველა მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობდა.

- გერმანია, არა? მე გერმანიის ნაკრების გულშემატკივარი ვარ.

- ეს ქვეყანა ბრაზილიაა. ამ მდინარეზე 4 ევროპული ქვეყნის დედაქალაქი მდებარეობს.

- დუნაი.

- რომელი ფერი მიიჩნევა ჩინეთში სამგლოვიარო ფერად?

- შავი სამოსით არ გლოვობენ. მგონი, თეთრი, არა?

- ნამდვილად ასეა. რა პროფესიის იყო ჯოზეფ ინიას გილიოტენი?

- ძალიან დიდი საშინელება რომ გამოიგონა, ვიცი, მაგრამ არ ვიცი, რა პროფესიის იყო.

- ექიმი. რომელ მთაზე არ არის ნებადართული ქალისთვის ფეხის დადგმა?

- ათონის მთაზე.

- უნგრეთის ერთ-ერთი ქალაქის არქივში 200 წლის წინანდელი დოკუმენტი იპოვეს, რომლის მიხედვითაც, ქალაქის ზოგიერთ მცხოვრებს უნდა გადაეხადა ე.წ. ბოლის გადასახადი. ეს თანხა სახანძრო სამსახურის შესანახად გამოიყენებოდა. ვის ახდევინებდნენ ამ გადასახადს?

- წარმოდგენა არ მაქვს. თუ გადასახადი იყო, ყველა გადაიხდიდა.

- მწეველებს ახდევინებდნენ. ამ ცხოველის სმენა ადამიანის სმენას 4-ჯერ აღემატება, ხოლო ყნოსვა - 37-ჯერ. რომელ ცხოველზეა ლაპარაკი?

- ძაღლზე.

- ქალი და კაცი გზაზე მიდიან, მათ ვიღაც დაემგზავრება და ჰკითხავს, თქვენ ერთმანეთის რა ხართო? ქალი უპასუხებს, - ამ კაცის დედა, ჩემი დედის დედამთილიაო. გამოიცანი, ვინ არიან ერთმანეთისთვის ქალი და კაცი?

- რა თქვი? (კითხვის გამეორების შემდეგ) მამა-შვილი გამოდიან.

- "39 საფეხური", "რებეკა", "ჩიტები", "ადამიანი, რომელმაც ზედმეტად ბევრი იცოდა", "ფსიქო". ვინ არის ამ ფილმების რეჟისორი?

- ალფრედ ჰიჩკოკი.

- რომელი უცხოური სიტყვა წარმოიშვა ფრანგული სიტყვისგან - "არგო", რაც მოპარულ ენას ნიშნავს?

- არ ვიცი, რატომ გამჭედე?

- ჟარგონი. რა უფრო მძიმეა: ერთი კილოგრამი ბამბა თუ ერთი კილოგრამი რკინა?

- თანაბარია. გგონია, დამაბნევ?

- რა ერქვა ოლღა ბებიას, ილიკოსა და ილარიონის საზიარო ძროხას?

- ფაქიზო.

- სპარსული ანდაზა ამტკიცებს: თუ ადამიანი სიბრძნეს ეძებს, ის ჭკვიანია. ამ ანდაზის მიხედვით, როდის არის ადამიანი სულელი?

- ვერ გეტყვი, მე სპარსული ზღაპრები ვიცი.

- როცა ჰგონია, სიბრძნე იპოვა. რამდენი ორნიშნა რიცხვი არსებობს?

- (ფიქრობს) 90.

- დაბოლოს, დაასრულე ჩერჩილის ცნობილი გამონათქვამი: "ცხოვრების უდიდესი გაკვეთილია იცოდე, რომ ხანდახან გიჟიც კი..."

- ჭკვიანია.

- "...გიჟიც კი მართალია".

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"