რისი რეცეპტი გააცნო თეა წულუკიანმა ბიძინა ივანიშვილს

რისი რეცეპტი გააცნო თეა წულუკიანმა ბიძინა ივანიშვილს

ბებიასა და ბაბუასთან გაიზარდა. დიდხანს ფიქრობდა პროფესიის შერჩევაზე, ამასობაში დიპლომატობაც გადაიფიქრა. რამდენიმეწლიანი სწავლის შემდეგ საქართველოში სამსახური რომ ვერ იშოვა, თეა წულუკიანმა კონკურსში გაიმარჯვა და სტრასბურგის სასამართლოში იურისტად დაიწყო მუშაობა. ათი წელი ერთ კაბინეტში გაატარა და ერთ დღეს მიხვდა, თუ არ დაბრუნდებოდა სამშობლოში, წლების შემდეგ გადაწყვეტილების მიღება უფრო გაუჭირდებოდა. ''ქართულ ოცნებაში'' ირაკლი ალასანიას გუნდიდან მოხვდა, ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა, ახლა იუსტიციის მინისტრის პოსტი უკავია.

- თეა, თქვენ შესახებ მოგვიყევით...

- თბილისში დავიბადე, იურისტისა და პედაგოგის ოჯახში. ჩემზე ორი წლით უმცროსი ძმა მყავს, ბათუ წულუკიანი. ბებია-ბაბუასთან ვიზრდებოდი, დედის მშობლებთან. ბაბუა, ალექსანდრე შანიძე, პოეტი გახლდათ. ბებია ლოტკინელი იყო და ახლა, როდესაც ახლოს გავიცანი ლოტკინის მოსახლეობა, მივხდი, რომ ყველას ერთი ხაზი გასდევს, სიმართლის თქმა უყვართ. ბებიაც სიმართლისთვის მებრძოლი ქალი იყო.

- პროფესია თავად შეარჩიეთ?

- ცხოვრებამ შემირჩია. საშუალო სკოლაში ბოლო წელს საფრანგეთში ვსწავლობდი და აქ დაბრუნებულმა საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობების ფაკულტეტზე ჩავაბარე. დიპლომატობა მინდოდა და შემდეგ დამატებით დიპლომატიის აკადემიაში ვისწავლე. ერთი წელი საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობისას მივხვდი, რომ ეს როლი ვერ მოვირგე. არ შემიძლია ფორმების მუდმივი დაცვა, პირდაპირობა მახასიათებს და ეს დიპლომატისთვის არც ისე კარგია. ძალიან მიტაცებდა თვითმმართველობის საკითხები, როგორ იმართებოდა სახელმწიფო და ოცნებად მექცა, საფრანგეთში დე გოლის მიერ დაარსებულ სახელწიფო მართვის სკოლაში მესწავლა. საფრანგეთის საელჩოში კონკურსი ჩატარდა, სადაც გავიმარჯვე და პირველი ქართველი ვიყავი, ვინც ამ სკოლაში სასწავლებლად წავედი. იქ სწავლისას მივხვდი, რომ ჩემი პროფესია ვიპოვე. ეს სკოლა ამზადებს ადმინისტრაციულ მოსამართლეებს, მაღალჩინოსნებს, რომლებიც ადგილობრივ ჩინოვნიკებს კურირებენ, პრეფექტებს და მათი კაბინეტის ხელმძღვანელებს. ორი წელი ვსწავლობდი და სასწავლო პროცესი მთლიანად პრაქტიკულ კურსზე იყო დამყარებული. ლექტორები მაღალჩინოსნები და მოსამართლეები გახლდნენ. გარდა ამისა, სამთვიანი სამსახური უნდა გაგევლო პრეფექტურაში. მე სარტის დეპარტამენტის პრეფექტთან მოვხვდი და მისი კაბინეტის წევრი ვიყავი. სამი თვე დღე და ღამე ვაკვირდებოდი, როგორ მართავდა თავის რაიონს. პირადად მე პენსიონერთა სახლებში, ბავშვთა სახლებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში უსაფრთხოების საკითხების დაცვა მევალებოდა. რამდენიმე კვირა ერთ-ერთ რთულ უბანში ანტიკრიმინალურ ჯგუფთან ერთად ვიმუშავე.

- შეგიძლიათ, ერთი ისტორია გაიხსენოთ იმ პერიოდიდან?

- ყოველ ღამე ჩემს ბრიგადასთან ერთად წესრიგს ვიცავდი. ერთხელ, გვიან საღამოს, სამსახურიდან სუპერმარკეტში წავედი, იქიდან დაბრუნებისას მათი პატრულირების არეალში საბურავი გამისკდა და ხეს შევეჯახე. უცებ ვხედავ, ჩემი ეკიპაჟი მოდის. შორიდან ვერ მიცნეს, რადგან ჩემი პირადი მანქანით არ ვყავდი ნანახი. გადმოხტნენ და გარშემო შემომეხვივნენ. ნელ-ნელა გადმოვედი მანქანიდან, რომ მიცნეს, გაოცდნენ. ვიღაც მთვრალი მოზარდი ვეგონე, რომელიც საშიშ უბანში დანაშაულის ჩადენას აპირებდა და შემთხვევით ხეს შეეჯახა. მერე ხუმრობდნენ, როგორ გავაცდენინე დრო ჩემი საბურავის შეცვლაზე.

- ეს სამსახური ალბათ დიდ ენერგიას მოითხოვდა.

- ალბათ უფრო სულიერ ძალას. მე მოვხვდი სხვა სამყაროში, სადაც რეალურად სახელმწიფოს მართავდნენ. ორმაგი პასუხიმგებლობა მქონდა. გარდა იმისა, რომ საქმეს ვაკეთებდი, ქართველი ვიყავი. თორმეტი წელი ვცხოვრობდი საფრანგეთში და სულ მქონდა ავადმყოფური განცდა, რომ არაფერი შემშლოდა.

- სწავლის დამთავრების შემდეგ სად დაიწყეთ მუშაობა?

- 2000 წლის თებერვალში საქართველოში დავბრუნდი იმ მოტივაციით, რომ სახელწიფო სტრუქტურაში სამსახურს ვიშოვიდი. პირველად საგარეო საქმეთა სამინისტროს მივაკითხე, აღმოჩნდა, რომ ჩემთვის საქმე აღარ ჰქონდათ. შემდეგ ყოველგვარი ნაცნობობის გარეშე პარლამენტს მივაკითხე. დავინტერესდი, ხომ არ სჭირდებოდათ თვითმმართველობის დარგში სპეციალისტი. მითხრეს, თუ გინდა, იარე, შეგვხედე როგორ ვმუშაობთ და მერე ვილაპარაკოთო. მაშინ მივხვდი, რომ ხელი მომეცარა და ტყუილად სიარული არ მინდოდა. სწავლის გაგრძელებაზე არ მიფიქრია, მეცნიერებაში არ წავიდოდი და მაგისტრის წოდება მაკმაყოფილებდა.

ამასობაში ევროსაბჭოში კონკურსი გამოცხადდა, სტრასბურგის სასამართლოში იურისტის თანამდებობაზე. მუშაობა 2000 წლის პირველი სექტემბრიდან დავიწყე. მე ვიყავი სტრასბურგის სასამართლოს მიერ შერჩეული კადრი, მაგრამ საქართველოს არ წარმოვადგენდი. მათ სჭირდებოდათ იურისტი, რომელიც ქართულ საქმეებზე იმუშავებდა. მუშაობა რომ დავიწყე, სულ ორი საქმე იყო შემოსული, ჯაბა იოსელიანის და გურამ აბსნაძის. ამიტომ რუსული და ფრანგული საქმეები დამიმატეს. ასე გაგრძელდა ათი თვე და შემდეგ ნელ-ნელა დაიწყო საქართველოდან საქმეების შემოსვლა. ვარდების რევოლუციის შემდეგ საქმეთა ოდენობა საგრძნობლად გაიზარდა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"