აკაკი ბობოხიძე: "დავით ბაქრაძეს აქვს საპრეზიდენტო მარათონში ჩაბმის შანსი"

აკაკი ბობოხიძე: "დავით ბაქრაძეს აქვს საპრეზიდენტო მარათონში ჩაბმის შანსი"

ახლახან ჩატარებული შუალედური საპარლამენტო არჩევნები პოლიტიკური პარტიებისთვის ძალთა დემონსტრირება-დათვალიერების კიდევ ერთი საშუალება იყო. ამ არჩევნებსა და სხვა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი აკაკი ბობოხიძე გვესაუბრება.

- იყო თუ არა თქვენი პარტიისთვის მოულოდნელი არჩევნების წაგება სამივე საარჩევნო ოლქში?

- მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა, რა თქმა უნდა, სამწუხაროა. ეს ჯერჯერობით იმ განწყობის, ერთგვარი ეიფორიის გაგრძელებაა, რაც პირველ ოქტომბერს იყო; ვიმედოვნებ, ქართველი ხალხი თანდათან გაიაზრებს არა მარტო ჩვენს, არამედ თავის მიერ დაშვებულ შეცდომასაც, როცა მან "ნაციონალური მოძრაობის" ჯინაზე მხარი დაუჭირა აბსოლუტურად არაკონსტრუქციულ და არა ქვეყნის მმართველობაზე ორიენტირებულ პოლიტიკურ ძალას.

- რას ნიშნავს თქვენი განცხადება, რომელიც 19 აპრილის აქციაზე გააკეთეთ: "ქართულ ოცნებას" 4 წელიწადს ვერ ვაცლითო. კონკრეტულად, რა ნაბიჯის გადადგმას აპირებთ?

- ვიგულისხმე ის, რომ ჩვენ უნდა მოვახერხოთ შემოდგომაზე საპრეზიდენტო არჩევნების მოგება, ასევე, პარტიამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ადგილობრივი თვითმმ­ართველობის არჩევნებში გასამარჯვებლად. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ქართველი ხალხის დასაბრუნებლად, ჩვენკენ შემოსაბრუნებლად, რომელსაც დიდი შეცდომა დააშვებინა ბიძინა ივანიშვილმა, უფრო კი ჩვენმა შეცდომებმა.

- ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ნაცმოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატი საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე იქნება. მართლაც მიღწეულია გუნდში ამგვარი შეთანხმება?

- ბაქრაძე, რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია, საკმაოდ მაღალი რეიტინგიც აქვს. დავით ბაქრაძეს, ისევე როგორც სხვა კანდიდატებს, აქვს საპრეზიდენტო მარათონში ჩაბმის შანსი, მაგრამ საბოლოოდ, ამას გადაწყვეტს პარტია, მთელი გუნდი და არა რომელიმე პიროვნება.

- როგორ აფასებთ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ექსპერტი გია ხუხაშვილი მთავრობას საგარეო ეკონომიკური მიმართულებით კონსულტაციებს გაუწევს?

- ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს ხუხაშვილი. კარგი იქნება, თუ ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხების გადაწყვეტას მას მაინცდამაინც ახლოს არ გააკარებს, რაც ივანიშვილისგან მოსალოდნელი არ არის. ისე კი, ეს გასაკვირი და მოულოდნელი ნაბიჯი არ ყოფილა, ბიძინა ივანიშვილს საკმაოდ უცნაური გემოვნება აქვს.

- რას იტყვით ხონში მომხდარ დაპირისპირებასა და არეულობაზე, როცა არაერთხელ დასახელდა "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ლიდერის, თქ­ვენი ძმის, ლევან ბობოხიძის გვარ-სახელი, ითქვა, რომ სადავო შენობაზე სწორედ მას აქვს პრეტენზია.

- შეუძლებელია, ჩემს ძმას ან კაკო ბობოხიძეს ჰქონდეს პრეტენზია შენობაზე, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. "ქართული ოცნების" ხონელი აქტივისტები როგორც ჩანს, ჯერ ვერ გაერკვნენ დროსა და სივრცეში, იმაში, რომ დღეს ხელისუფლებაში მათი პარტიაა; ვიმეორებ - შენობა ეკუთვნის ეკონომიკის სამინისტროს; როგორც ჩანს, "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებულ ზოგიერთ ორგანიზაციას შენობაში რამდენიმე ოთახი უკანონოდ ჰქონდა დაკავებული და მისი დაცლა მოსთხოვეს, მათ კი აგრესია მაჟორიტარი დეპუტატის - დავით ჭავჭანიძის ბიუროს ოთახისკენ, პრეზიდენტის ფოტოსკენ მიმართეს. ეს არის სამსართულიანი შენობა, სადაც რამდენიმე ორგანიზაციაა განთავსებული. ლევან ბობოხიძეს ამ შენობაში უკანონოდ არაფერი აქვს მითვისებული.

- ანუ ის შენობის გარკვეული ფართობის მფლობელია?

- არ ვიცი, ეკუთვნის თუ არა მას რაიმე ამ შენობაში, ის კი ვიცი, რომ გამორიცხულია, ლევან ბობიხიძეს ფართობი უკანონოდ ჰქონდეს მითვისებული.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა