ემუქრება თუ არა საქართველოს H7N9

ემუქრება თუ არა საქართველოს H7N9

ბოლო წლებში გავრცელებულ საშიშ დაავადებებს კიდევ ერთი, ახალი ვირუსი შეემატა, რომელიც ახლახან ჩინეთის აღმოსავლეთ ნაწილში აღმოაჩინეს. ეს არის ქათმის გრიპის ახალი სახეობა, რომელსაც სპეციალისტებმა H7N9 უწოდეს. ამ ეტაპზე H7N9-ით დაავადების 114 შემთხვევა აღინიშნა და მათ შორის 23 სასიკვდილო შედეგით დასრულდა. დაავადების ყველაზე მეტი შემთხვევა ქალაქ შანხაიშია აღრიცხული. სპეციალისტები აღიარებენ, რომ ეს ვირუსი ერთ-ერთი ყველაზე სახიფათოა ბოლო წლებში დარეგისტრირებულ გრიპის ვირუსებს შორის და უკვე ზრუნავენ H7N9-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე. ამ პრობლემაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ბიოუსაფრთხოების სამმართველოს უფროსი, მედიცინის აკადემიური დოქტორი შოთა ცანავა გვესაუბრება:

- ბატონო შოთა, რა ვირუსია ეს და რით განსხვავდება ჩვენთვის კარგად ნაცნობი "ქათმის გრიპისაგან"?

- H7N9 არის ფრინველის გრიპის ვირუსი, რომელიც თავისებურ ნაკრებს წარმოადგენს - მასში თავმოყრილია ფრინველის გრიპის 3 ქვეტიპის ვირუსი. ვირუსი ძირითადად აღმოჩენილია იხვებსა და მტრედებში. იგი ადრე არ ყოფილა პათოგენური, ამიტომ დღესდღეობით ამ ვირუსით ადამიანის დაინფიცირების პირველი შემთხვევები აღინიშნება. ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევებიდან რამდენიმე უკვე დამთავრდა ლეტალური შედეგით, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ვირუსი საკმაოდ საშიშია. ბუნებაში გრიპის ვირუსს აქვს სამი მთავარი საყრდენი: ამგვარი ვირუსით ავადდებიან ფრინველები, ღორები ან ადამიანები, მაგრამ როდესაც ვირუსი ერთი ბიოლოგიური სუბიექტიდან გადადის მეორეზე, ძალზე უცნაურ შედეგებს ვიღებთ. ყველას კარგად გვახსოვს ე.წ. ქათმის გრიპითა და ღორის გრიპით რამდენი ადამიანი დაინფიცირდა. ჩვენ არ ვიცით, რა შედეგებს მოიტანს ახალი ვირუსი, თუმცა ფაქტია, რომ სერიოზულ პრობლემასთან გვაქვს საქმე, რადგან ის ჯერჯერობით შეუსწავლელია. თუმცა, დამაიმედებელი ფაქტორიც არსებობს - კერძოდ ის, რომ ამ ტიპის ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის შემთხვევები ცნობილი არ არის, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ დაავადებულთა შორის ლეტალობა 20-22 პროცენტია, ეს ნამდვილად არ არის დაბალი მაჩვენებელი.

- ბატონო შოთა, რით აიხსნება ბოლო წლებში სხვადასხვა ტიპის ვირუსის გააქტიურება?

- ყოველ 20-25 წელიწადში ჩვენს მიკროსამყაროში სერიოზული, კარდინალური ცვლილებები ხდება. ამ სამყაროში არსებობენ ჩვენი სატელიტი და დამხმარე ორგანიზმებიც და ეს ცვლილებები მათი ცხოველქმედების ნაყოფია. ეს გამუდმებული პროცესია, ეს არის მიკრო და მაკროსამყაროს ურთიერთობა, სადაც შედარებით მცირე მიკროორგანიზმებიც განიცდიან გამუდმებულ ცვალებადობას, მუტაციას და ზემოქმედებას ახდენენ მთელ სამყაროზე. უჩვეულო ამაში არაფერია, უბრალოდ, ვირუსების ახალ კომბინაციებს გამუდმებით უნდა ვადევნოთ თვალი, რათა ნაკლები ზიანი მოგვადგეს. H7N9 - ეს არის ერთ-ერთი კომბინაცია, რომელიც აქამდე არ იყო პათოგენური ადამიანის ორგანიზმისათვის. რაც შეეხება იმას, ემუქრება თუ არა ეს ვირუსი საქართველოს - მართალია, ვირუსებს საზღვარი ვერ აკავებს და ვერც ჩვენ შევაკავებთ, მაგრამ პრევენციული ღონისძიებების გატარება მოსალოდნელ რისკს ყოველთვის ანელებს.

ცნობისათვის

გრიპი ვირუსული დაავადებაა, რომლის გამომწვევი არის გრიპის, ანუ "ინფლუენცას" ვირუსი. ამ ვირუსმა საუკუნეების განმავლობაში უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მაგალითად, მე-20 საუკუნეში მსოფლიოში გრიპის რამდენიმე ეპიდემია მძვინვარებდა: 1957-1958 წლებში ჩინეთში ჩასახულმა გრიპის აზიურმა პანდემიამ, სხვადასხვა მონაცემით, 1-დან 4 მილიონამდე ადამიანი შეიწირა. გლობალურმა პანდემიამ, რომელმაც 1968-1979 წლებში ჰონკონგში იფეთქა, დაახლოებით მილიონი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. უფრო ადრე, ლეგენდარულმა "ესპანურმა გრიპმა" კი, რომელიც 1918-1919 წლებში მძვინვარებდა, მთელ მსოფლიოში 50-დან 100 მილიონამდე ადამიანი იმსხვერპლა. ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ბოლო წლებში გავრცელებულმა ე.წ. "ღორის გრიპმა" და "ქათმის გრიპმაც". ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, ყოველწლიურად მთელ მსოფლიოში 3-დან 5 მილიონამდე ადამიანი სერიოზულად ავადდება გრიპით, 250-500 ათასი კი - იღუპება. მეცნიერების აზრით, გრიპის პანდემია საუკუნეში 2-3-ჯერ შეიძლება გავრცელდეს.

ხათუნა ჩიგოგიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"