როდის დაიწყება საბჭოთა ანაბრების დაბრუნება

როდის დაიწყება საბჭოთა ანაბრების დაბრუნება

"პოლიტიკოსი არის ადამიანი, რომელიც გპირდება ხიდის აშენებას იქ, სადაც მდინარეც კი არ არის," - ეს გამონათქვამი, ალბათ, ყველაზე კარგად მიესადაგება საბჭოთა ანაბრების თემას, რომელიც განსაკუთრებით 2003 წელს გააქტიურდა: დაკარგული ანაბრების დაბრუნება "ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო დაპირება იყო, თუმცა ეს დაპირება შემდეგში ყველას მიავიწყდა. "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პროგრამაში ეს თემა ასე აქტიურად არ ყოფილა წარმოჩენილი, მაგრამ ახალმა მთავრობამ ახლახან განაცხადა, რომ ანაბრების საკითხზე მუშაობას იწყებს.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილის ინფორმაციით, ჯერ დაკარგული თანხის მოცულობა უნდა დადგინდეს, შემ­დეგ კი ვალის დაბრუნების მექანიზმზეც შეიძლება ფიქრი და მსჯელობა. საბჭოთა ანაბრების შესახებ ქართულ მედიასთან ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმაც ისაუბრა. მისი თქმით, ეს არის სახელმწიფოს საშინაო ვალი და ამჟამად მთავრობა მუშაობს იმისათვის, რომ გაარკვიოს, რამდენია ეს ვალი. შეგახსენებთ, რომ ანაბრების რაოდენობის შესახებ ჩამოყალიბებული აზრი ჯერჯერობით არ არსებობს, ექსპერტები კი სხვადასხვა ციფრს ასახელებენ, ზოგი - 5 მილიარდს, ზოგიც - 8 მილიარდს. საბჭოთა ანაბრების საკითხი სრულყოფილი კომპენსაციით არც ერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში არ გადაჭრილა, ამიტომ მოსახლეობაში არ უნდა გაჩნდეს მოლოდინი, რომ ანაბრების გასტუმრება ერთიანად მოხერხდება, მთავრობაც აღიარებს, რომ ამას ორი და სამი წელი ნამდვილად არ ეყოფა. ანაბრების საკითხზე არასამთავრობო სექტორიც მუშაობს - "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" პრეზიდენტი ნოდარ ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ დაზარალებულ, გაღატაკებულ მოსახლეობას დაკარგული ანაბრების გასტუმრების ოპტიმალური ვარიანტი უნდა შესთავაზოს:

- ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადადგა, როდესაც დაკარგული თანხის დათვლა გადაწყვიტა. ამ საკითხზე სპეციალური კომისია მუშაობს და, როგორც ხელისუფლება გვპირდება, წლის ბოლომდე ეს თანხა უკვე დათვლილი იქნება. ჯერ უნდა დადგინდეს, რა რაოდენობის თანხა დაიკარგა, ან რა თანხა უნდა დაუბრუნდეს მოსახლეობას და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება დაბრუნების მექანიზმზე მსჯელობა და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა.

- თუ გაქვთ ინფორმაცია, დაახლოებით რა რაოდენობის თანხა დაკარგეს მეანაბრეებმა 1990-იან წლებში?

- არსებობს რამდენიმე ვერსია, სხვადასხვა მეცნიერისა თუ საგამოძიებო კომისიის დასკვნა, მაგრამ ოფიციალური რიცხვი სახელმწიფომ უნდა დაადგინოს და გამოაქვეყნოს. ზუსტი ციფრი ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუ არ ჩავთვლით იმ 502 მილიონ ლარს, რომელიც 1998 წელს შიდა ვალად იქნა აღიარებული, თუმცა ეს უმნიშვნელო თანხაა იმ დანაკარგთან შედარებით, რაც ჩვენმა მოსახლეობამ განიცადა. ამ თანხის გამოანგარიშება არასამთავრობო და კერძო სტრუქტურების ძალებს აღემატება, სახელმწიფო სტრუქტურებს კი აქვთ ყველანაირი რესურსი, რომ ყველა სახის ინფორმაცია მოიძიონ, არსებობს მონაცემთა ბაზები მეანაბრეებისა და მათი დანაზოგების შესახებ, სახელმწიფოს აქვს არაერთი ბერკეტი, რომ დაითვალოს ეს თანხა.

ანაბრების დაკარგვას ბევრი საშინელება მოჰყვა: ზოგმა მეანაბრემ ინფარქტიც კი მიიღო, უამრავი ოჯახი გაღატაკდა და გაუბედურდა. ამიტომ, ჩვენ ეროვნული ბანკის წინააღმდეგაც გვაქვს საჩივარი შეტანილი - კარგა ხანია, იმ 500 კომპანიის სიას ვითხოვთ, რომლებზეც იმ წლებში კრედიტები გაიცა და შედეგად ქვეყანაში ჰიპერინფლაცია დაიწყო. ამ კომპანიებმა მოგება ნახეს, ქვეყნის მოსახლეობა კი გაღატაკდა. სხვათა შორის, სასამართლო პროცესზე ეროვნულმა ბანკმა აღიარა, რომ 1990-იან წლებში კრედიტები გაიცემოდა პროცედურული დარღვევებით და ყოველგვარი ლოგიკის გარეშე, რომ ამან ქვეყანაში ინფლაცია გამოიწვია და ხალხი გაღატაკებამდე მიიყვანა. გული მწყდება, რომ ქვეყანაში, სადაც ეროვნული ბანკი სესხებს უკანონოდ გასცემდა, ამ საკითხით არავინ დაინტერესებულა და 20 წლის განმავლობაში უბრალო გამოძიებაც არ ჩატარებულა იმის მიუხედავად, რომ დანაზოგის დაკარგვამ ადამიანები თვითმკვლელობამდეც კი მიიყვანა.

ხათუნა ჩიგოგიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"