რატომ აფორმებენ უცხოელები ქართველებთან ფიქტიურ ქორწინებას

რატომ აფორმებენ უცხოელები ქართველებთან ფიქტიურ ქორწინებას

უცხოელი მიგრანტების თემა საქართველოში ნელ-ნელა აქტუალური ხდება. ერთი შეხედვით, ჯერ ეს საკითხი თითქოს არ არის პრობლემატური, მაგრამ შესაძლოა, რამდენიმე წლის შემდეგ მდგომარეობა შეიცვალოს. ამ საკითხზე დემოგრაფი, პროფესორი ანზორ თოთაძე გვესაუბრება:

- საქართველოში მიგრაციის პროცესის დასარეგულირებლად შესაბამისი კანონმდებლობა უნდა შეიქმნას. საიმიგრაციო კანონი უნდა გამკაცრდეს და მიწა ასე ხელაღებით უცხოელებზე აღარ გაიყიდოს. სააკაშვილის ხელისუფლებამ ფართოდ გააღო საზღვარი, რასაც უკონტროლო პროცესი მოჰყვა.

- რით არის განპირობებული ბოლოხანს მიგრანტთა რიცხვის ამგვარი ზრდა?

- ამას აქვს როგორც დემოგრაფიული, ისე ეკონომიკური მიზეზები. ინდოეთში, ჩინეთში, აზიის სხვა ქვეყნებში ჭარბმოსახლეობაა, რაც სოციალურ, ეკოლოგიურ პრობლემებს იწვევს. ამ ქვეყნების მოსახლეობას უჭირს თავის რჩენა, დიდი პრობლემაა სასმელი წყლის უკმარისობაც. არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ ბოლო 15-20 წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი გაღატაკდა, ამიტომ მიწა საგრძნობლად გაიაფდა, რამაც უცხოელების ინტერესი კიდევ უფრო გაზარდა. მიგრაცია გაძლიერდა ქალაქებშიც, უკვე შეიქმნა მიგრანტთა კომპაქტურად დასახლების ადგილები, მალე ევროპის დიდი ქალაქების მსგავსად "ჩაინა" თუ სხვა "თაუნებიც" მოგვიმრავლდება. გახშირდა შემთხვევები, როცა უცხოელები, ძირითადად, მამაკაცები, ფიქტიურ ქორწინებას აფორმებენ საქართველოს მოქალაქეებთან, რათა უფრო ადვილად მიიღონ აქ ცხოვრების უფლება. "მიგრაციის შესახებ" კანონით უნდა შემოვიღოთ მიგრანტთა გარკვეული კვოტა, რაოდენობა, რომლის ზემოთ მიგრანტთა მიღება დაუშვებელი იქნება.

- როგორია დღეს საქართველოს მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა, დემოგრაფიული მაჩვენებლები?

- ბოლო ხანს ქართველების წილი მთელ მოსახლეობაში ამაღლდა, ძირითადად, იმის ხარჯზე, რომ ქვეყნიდან გავიდნენ ეთნიკური უკრაინელები, თითქმის 300 ათასი რუსი, 80 ათასი ბერძენი, სომხები, თუმცა მიგრაციის პროცესი არანაკლებ შეეხო ქართველებსაც. საერთო დემოგრაფიული ვითარება კვლავ საგანგაშოა: მცირდება შობადობა, იზრდება მოკვდაობა, იკლო ბუნებრივმა მატებამ, განსაკუთრებით, ქართველებით დასახლებულ რეგიონებში. რამდენიმე წლის წინ აზერბაიჯანელების ბუნებრივი მატების მაჩვენებელი 109-ჯერ აღემატებოდა ქართველების ბუნებრივ მატებას. ამჟამად სტატისტიკას ართულებს ისიც, რომ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებიდან ეროვნების აღმნიშვნელი გრაფა ამოიღეს; არც მოსახლეობის საყოველთაო აღწერა ჩატარებულა, 2010 წელს დაგეგმილი საყოველთაო აღწერის ჩატარებას, რასაც გაეროც ითხოვდა, სააკაშვილმა შეგნებულად შეუშალა ხელი, როგორ ჩანს, არჩევნების წინ მას ეს ხელს არ აძლევდა. ოფიციალურ მიზეზად თანხის ნაკლებობა დასახელდა, არადა, წინა აღწერისას 5 მილიონ ლარზე მეტი არ დახარჯულა, ამდენი კი მხოლოდ კაციტაძის ამომრჩეველთა სიის დამდგენ სახელმწიფო კომისიას მისცეს. საყოველთაო აღწერა მხოლოდ 3-4 ქვეყანამ არ ჩაატარა, მათ შორის საქართველომ, სომალიმ.

ახლა, 2014 წლის ნოემბერში არის დაგეგმილი მოსახლეობის საყოველთაო აღწერა, ვიმედოვნებ, ზუსტად გავიგებთ საქართველოს მოსახლეობის რაოდენობას, ეთნიკურ შემადგებლობას სქესის, ასაკის, ოჯახური მდგომარეობის და სხვა პარამეტრების მიხედვით.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"