"თბილისში ზვიად გამსახურდიას სახელობის ქუჩის შექმნის საინიციატივო ჯგუფის წევრებს მიგვაჩნია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის მესაძირკვლე, საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი სათანადოდ არ არის დაფასებული შთამომავლობის მიერ (დამოუკიდებლობის მომპოვებელი პირველ პრეზიდენტებს ყველგან სათანადოდ აფასებენ, ასე მაგალითად, ჯორჯ ვაშინგტონის სახელი შთამომავლობამ საკუთარ დედაქალაქს უწოდა). აღნიშნულიდან გამომდინარე, ვითხოვთ, გრიბოედოვის ქუჩას ეწოდოს ზვიად გამსახურდიას სახელი. მოგვაწოდეთ არგუმენტირებული მოსაზრებები და ალტერნატიული ვარიანტები აღნიშნულ იდეასთან დაკავშირებით (მხოლოდ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ძველი თბილისის მიდამოებში)." - ვკითხულობთ სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" შექმნილი ჯგუფის ერთგვარ ანოტაციაში. ჯგუფის ამ ინიციატივას უამრავი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის რიგი ადამიანების აზრით, პირველი პრეზიდენტის სახელი უნდა ეწოდოს ამჟამინდელ თავისუფლების მოედანს. ზოგმა გაიხსენა ისიც, რომ გარკვეულ ეტაპზე თავისუფლების მოედანზე გამსახურდიას ძეგლის დადგმის იდეაც არსებობდა. ამ პოლემიკაში ჩაერთო პრეზიდენტის ვაჟიც, კონსტანტინე გამსახურდია, რომელმაც "ფეისიბუქის" თავის გვერდზე დაწერა, რომ ქუჩისთვის სახელის მინიჭებას ეთანხმება, თუმცა კატეგორიული წინააღმდეგია ზვიად გამსახურდიას ძეგლი დაიდგას თავისუფლების მოედანზე. ბოლო ხანს ბატონი კონსტანტინე საზოგადოების ყურადღების ცენტრში ჩარგალში ბიძინა ივანიშვილის გვერდით გამოჩენისას მოხვდა. გაჩნდა ბევრი კითხვა მისი მისამართით. ვცადეთ მას ამ თემაზე დავკავშირებოდით, თუმცა გვითხრა, რომ არ სურდა პოლიტიკაზე ლაპარაკი და მხოლოდ იმის თქმით შემოიფარგლა, რომ ჩარგალში ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა სასიხარულო შემთხვევითობა იყო, რომ უახლოეს მომავალში აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას არ გეგმავს, ამ ეტაპზე კი დიპლომატიურ რეზერვში რჩება. რაც შეეხება თბილისში რომელიმე ქუჩისთვის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭებას და ძეგლის დადგმის იდეას, ამის თაობაზე პირველი პრეზიდენტის უფროსი ვაჟის მოსაზრებებს ინტერვიუდან შეიტყობთ.
- ბატონო კონსტანტინე, რას იტყვით თბილისში რომელიმე ქუჩისთვის პირველი პრეზიდენტის სახელის მინიჭების ინიციატივაზე, როდესაც მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთს უკვე ჰქვია ზვიად გამსახურდიას სახელი?
- თავის დროზე დიდი თაღლითობა იყო ამ სანაპიროსთვის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭება. ეს არის სანაპირო რომელზეც არც არავინ ცხოვრობს და არც არანაირი დაწესებულება არ არის. შესაბამისად, კონკრეტული მისამართი ამ ტერიტორიაზე არც არსებობს. ვიმოერებ, ეს იყო ძველი ხელისუფლების აფიორა და თაღლითობა.
- როდის მიენიჭა ამ სანაპიროს ზვიად გამსახურდიას სახელი?
- ეს გადაწყვეტილება მიიღეს 2007 წელს, ანუ ეს ყველაფერი წინ უსწრებდა ზვიად გამსახურდიას ცხედრის გადმოსვენებას გროზნოდან თბილისში. თქვენ ალბათ გახსოვთ, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა 2007 წლის გაზაფხულზე, სწორედ ამ პროცესს უსწრებდა წინ სანაპიროსთვის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭება.