რატომ ანებივრებს სააკაშვილი ქალბატონებს

რატომ ანებივრებს სააკაშვილი ქალბატონებს

დავით ფაცაცია ''ქართული ოცნების'' პოლიტიკური საბჭოს წევრი გახლავთ, თუმცა მანამდე იყო რთული პოლიტიკური გზა, რომელიც ძირითადად სააკაშვილის წინააღმდეგ მიმართულ აქტივობაში გამოიხატებოდა. თავად აფხაზეთიდანაა და სწორედ ამას აბრალებს, რომ მოგვიანებით პოლიტიკაში ჩაება. დღეს ქუჩის აქციებიდან კაბინეტში გადაინაცვლა, თუმცა ხმაურიან განცხადებებს მაინც არ ერიდება.

- პოლიტიკაში ჩემი მოხვედრა აფხაზეთის ომმა განაპირობა. ბაბუშერაში ვცხოვრობდი და ომი ჩემ თვალწინ მიდიოდა. მძიმეა, როდესაც სოფლად ლაღად ცხოვრობ, ერთ დღეს მოდის ძალიან ბევრი ტანკი და გარშემო ყველაფერი იბომბება. როდესაც ბაბუშერის სანაპირო იბომბებოდა, ეზოში ბლის ხეზე ავედი და ბაბუას ბინოკლით ვუყურებდი ყველაფერს. ეს იყო კინო, რომელსაც ბოლომდე ვერ ვაცნობიერებდი, სანამ მსხვერპლი არ მოჰყვა. ომს გამარიდეს და რუსეთში წავედით. მამას მეგობრებთან ვიყავით, ნათლიაც იქ ცხოვრობდა. იმ წელს, როდესაც სოხუმი დაეცა, 18 სექტემბერს, თბილისში გადმოვფრინდით მე, და-ძმა, დედა და ბიძაშვილ-მამიდაშვილები. მამა სოხუმში დარჩა. ბოლო თვითმფრინავი იყო, რომლითაც ჩვენ გადმოვფრინდით. აქ მამას სიძის სახლში ვცხოვრობდით, ჩვიდმეტი ბავშვი სამოთახიან ბინაში. 21 სექტემბერს მამასთან კონტაქტი გაწყდა და 27 სექტემბერს ქალაქი დაეცა. ერთი თვის განმავლობაში არ ვიცოდით მამა სად იყო. მაშინ გავაცნობიერე, რა იყო ღმერთი და ყოველდღე ვლოცულობდი, რომ მამა გადარჩენილიყო. ჭორად ვიგებდით, რომ ცოცხალი იყო, ზოგი ამბობდა, რომ ყურმოჭრილი, თავმოჭრილი და სარზე წამოცმული ნახეს. 21 ოქტომბერს ტელეფონმა დარეკა და მამა გველაპარაკა. იმ დღეს მეორედ დავიბადე.

- სწავლა თბილისში გააგრძელეთ?

- დიახ, მამას მეგობრებმა ფული შეგვიგროვეს და ბინა გვიყიდეს. სოხუმის უნივერსიტეტში ვსწავლობდი და 2004 წლის 12 თებერვალს წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატარა რევოლუციის მოწყობა გადაწყვიტეს. ''კმარას'' ჯგუფი შემოიჭრა, ჩვენი რექტორის, ძალიან პატიოსანი ადამიანის ოთარ ჟორდანიას წინააღმდეგ აქცია მოაწყვეს. აქ იყო ''კმარას'' ყველა თვალსაჩინო წარმომადგენელი, თეა თუთბერიძე, ლადო ვარძელაშვილი, გიორგი კანდელაკი. გავუძელით ზეწოლას და რექტორი შევინარჩუნეთ.

- ამის შემდეგ გახდით პოლიტიკურად აქტიური?

- დიახ, ჯერ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საპროტესტო აქციებში ვმონაწილეობდი. იქ ერთ-ერთი რიგითი აქტივისტი ვიყავი. შემდეგ ორი არჩევანი მქონდა, ან ''რესპუბლიკურ პარტიაში'' უნდა შევსულიყავი, სადაც ბევრი მეგობარი მყავდა, ან ''ახალ მემარჯვენეებში''. ''რესპუბლიკური პარტია'' ავირჩიე. როდესაც ოქრუაშვილის პოზიციები გაძლიერდა და გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი გახდა, ის ჩემთვის შეგნებული დამნაშავე იყო, ამიტომ პარტია დავტოვე და ''ახალ მემარჯვენეებში'' მივედი. შემდეგ წინააღმდეგობის მოძრაობა ''რატომ'' შევქმენი, რომლის ხელმძღვანელიც მე გახლდით.

- მახსოვს, მაშინ ძალიან ბევრი და ხმაურიანი აქცია ჩაატარეთ.

- დიახ, პირველი აქცია გვქონდა ''პირველ არხთან'', როდესაც მაშინდელი დირექტორი ლევან ყუბანეიშვილი გამოვიდა და თქვა, რომ ტანკებით თავს დაესხნენ. 6 აპრილს ასამდე ახალგაზრდა გიორგი გეგეჭკორის ხელმძღვანელობით დაარბიეს. ასევე ქალაქში სააკაშვილის და მასაჟისტი, დოქტორ დოტის საერთო ფოტოები გავაკარით. ყველაზე მძიმე 2009 წლის 6 მაისის ინციდენტი გახლდათ, როდესაც ახალი პარლამენტი შეიკრიბა და დეპუტატები ღამის ორ-სამ საათზე შედიოდნენ პარლამენტში. 12 ივნისს შეხლა-შემოხლა მოგვივიდა პარლამენტის დაცვასთან და დაგვარბიეს. ერთ-ერთი ახალგაზრდა მანქანის სახურავიდან გადმოხტა, ფეხი ჩამარტყა სახეში და ცხვირი გამიტეხა. სასწრაფო მოვიდა და მიმკურნალეს. საღამოს, მეგობრის დაჟინებული თხოვნით, მცხეთაში სახინკლეში წავედით. ათ წუთში პოლიციამ მოგვაკითხა და ოთხი ადამიანი დაგვაკავეს, საიდანაც ორი საერთოდ არაფერ შუაში იყო, აქციებშიც არ მონაწილეობდნენ. 30 დღე მომისაჯეს. ბინძურ ოთახში ვიჯექი, მარტო, ცხვირგატეხილი. ცხვირსახოცით პატარა კვადრატი გავწმინდე და ერთი ღამე იქ ვიჯექი. მერე ხერხემალი ამტკივდა და მეორე დღეს კიდევ ერთი კვადრატი გავწმინდე და დავწექი. ეს იყო ყველაზე მძიმე სამი დღე.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"