აბორტის აკრძალვა არ არის დემოგრაფიული პრობლემის გადამწყვეტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, როდესაც აბორტის ამკრძალავი კანონის მიღების თაობაზე პატრიარქის მოწოდებას გამოეხმაურა.
ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, პატრიარქი სწორად აქცევს აბორტის პრობლემას ყურადღებას. "მარტო ეს არ არის დემოგრაფიული პრობლემის გადამწყვეტი. დემოგრაფიული პრობლემის გადაჭრას სჭირდება ის, რასაც მე მუდმივად გავიძახი. ეს არის ეკონომიკა. ეკონომიკის აღორძინება უნდა მოხდეს, ოჯახებს მეტი შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს და ამაზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს", - განაცხადა ივანიშვილმა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სახელმწიფოს აბორტის ამკრძალავი კანონის მიღებისკენ მოუწოდებს. როგორც პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეშია ნათქვამი, მუცლადღებულ ყრმათა მკველელობა - აბორტი არის უდიდესი დანაშაული, რომელიც თითქმის ყველა ოჯახში ხდება.