დათა თავაძე - "შემოქმედი ადამიანისთვის სევდა საჭიროა"

დათა თავაძე - "შემოქმედი ადამიანისთვის სევდა საჭიროა"

იმ სახლს ჯადოსნურ ოთახს დავარქმევდი. სინამდვილეში, დათას ბაბუის, მურაზ მურვანიძის სახელოსნო იყო, სადაც მთელი ოჯახი ერთად ცხოვრობდა. სურათებით, პატარ-პატარა აქსესუარებით, ორიგინალური ჭაღებით მორთულ სამყაროში გაიზარდა რეჟისორი და მსახიობი დათა თავაძე. როგორც თავად ამბობს, სწორედ ამ ოთახმა განსაზღვრა მისი მომავალი.

მუსიკას ჩემს სპექტაკლებში მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს. გარდა ამისა, გარკვეული პერიოდის მერე, როცა პიესა ზეპირად ვიცი, ტექსტს აღარ ვუსმენ. მსახიობების ბგერები მუსიკალურ პარტიტურასავით მესმის. ამით ვხვდები, რამდენად სწორად თამაშობენ. სწორი ბგერა სწორი რიტმია

- ამ სახლზე ხშირად საუბრობდნენ ოჯახის უფროსი წევრები. როგორ აღიქვამდა ამ გარემოს ოჯახის უმცროსი წევრი?

- ახლა თუ ნახეთ, ის სახლი აღარაა. ის გარემო სრულიად შეიცვალა, გაიზარდა, ერთი სართული დაშენდა და გადაკეთდა. ადრე ერთი დიდი ოთახი იყო. ერთი შეხედვით ასეთ პატარა სივრცეში ამხელა ოჯახის ყოფნა არაკომფორტული უნდა ყოფილიყო. ერთ ოთახში ექვსი ადამიანი ვცხოვრობდით, მაგრამ საოცარი ატმოსფერო ტრიალებდა. ძალიან მიყვარდა და მენატრება ის სახლი, შეიძლება იმიტომ, რომ ბავშვობას უკავშირდებოდა, ანუ იმ პერიოდს, როცა ყველაზე კარგად გრძნობ თავს.

ოთახს სულ ორი კარი ჰქონდა. ისე იყო დაყოფილი, რომ განმარტოების საშუალება ყველას გვქონდა. ყოველთვის შეგეძლო განმარტოება, მაშინაც კი, როცა ოთახში ბევრი ადამიანი ირეოდა. ძალიან ლამაზი და შემოქმედებითი გარემო იყო. იმასაც ვერ იტყოდი, რომ არეულობა გვქონდა. პირიქით, სწორად გათვლილი და დეტალებში ნაფიქრი იყო ყველაფერი. მთელი ატმოსფერო გიბიძგებდა, რომ შემოქმედებითად გეცხოვრა. იქ გავიზარდეთ მე და ჩემი დეიდაშვილები. ჩვენი თამაშებიც ფართის სიმცირეს იყო მორგებული, ხშირად ვფიქრობ ამაზე. რაიმეს კეთებისას ყოველთვის იმ მოცემულობიდან გამოვდივართ, რასაც გარემო გვთავაზობს. რომ წამოვიზარდე, მივხვდი, - ჩემი ცხოვრება ისეთივეა, როგორიც ის სახლი იყო - ფერადი და შთაბეჭდილებებით დატვირთული. დათო დოიაშვილი თავისი პირველი სპექტაკლის, "ცხოვრება იდიოტისა", რეპეტიციებს ჩვენთან ატარებდა. მთელ თბილისში შუქი არ იყო. ჩვენთან იკრიბებოდნენ მსახიობები და ჩვენს ნივთებს რეკვიზიტებად იყენებდნენ. სახლი კი არა თეატრი იყო. მერე ეს სახლი გადასაღებ მოედნად ფილმებშიც გამოიყენეს და ფოტოსესიებშიც. 13 წლის ვიყავი, როცა სხვა სახლში გადავედით. ძალიან გამიჭირდა. სანამ რემონტს დაიწყებდნენ ძველ სახლში ხშირად მივდიოდი და ვრჩებოდი. ამ "რაღაცასთან", ალბათ ბავშვობასთან განშორებას, დიდხანს განვიცდიდი.

ეს სივრცე ჩემთვის "სამეფო უბნის თეატრში" გაგრძელდა. ბევრი ნივთი იქიდან წამოვიღეთ. ალბათ ამიტომ მინდა სულ აქ ყოფნა და სხვა თეატრში სპექტაკლის დადგმის სურვილი არასდროს გამჩენია.

- ხშირად გამიგია ამ ოჯახის უმცროსი წევრის სერიოზულ გატაცებაზე. გატაცება არა, ეს უფრო მზადება იყო მომავალი პროფესიისთვის. მცირე ასაკიდან, მაშინ როცა სხვა ბავშვები ნაყინის გამყიდველობასა და კოსმონავტობაზე ოცნებობდნენ, დათა დირიჟორობისთვის ემზადებოდა?

- ეს იყო სერიოზული გადაწყვეტილება, რომელიც ადრეულ ასაკში მივიღე. რეჟისორის პროფესია რაღაცით დირიჟორისას ჰგავს. ისინი გარკვეულ პროცესებს ხელმძღვანელობენ. ჩემთვის დირიჟორი მნიშვნელოვანი ადამიანი გახლდათ, რომელიც მშვენიერებას ქმნიდა. ეს არჩევანი შთაბეჭდილებების ნაზავი იყო. სამი წლისა ოპერის სცენაზე აღმოვჩნდი, ჩემი სცენაზე გამოსვლა ორკესტრთან ურთიერთობასაც უკავშირდება - მუსიკალურ სივრცესთან პირველ შეხვედრას. როცა იზრდები და აზროვნებას ან მომავალ პროფესიაზე ფიქრს იწყებ, მერე ამოგიტივტივდება ეს შთაბეჭდილებები. ახლა რომ ვუფიქრდები, მუსიკას ინტენსიურად ვსწავლობდი. კარგი იქნებოდა, ის დრო სხვანაირად გამომეყენებინა, ბევრი რამ გვერდზე გადავდე, მაგალითად, უცხო ენების სწავლა. მუსიკა ის ენაა, რომელსაც ყველა გაიგებს და იგრძნობს. ახლა მუსიკისგან შორს აღმოვჩნდი. თეატრი კონკრეტულ ენას ემყარება და ხშირად აქტიური სახის პირობითობასაც გამორიცხავს. მიუხედავად ყველაფრისა, ხშირად ვგრძნობ, რამდენად კარგი იყო ჩემთვის მუსიკალური გამოცდილება. ამ გამოცდილებას ხშირად ვიყენებ. მუსიკას ჩემს სპექტაკლებში მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს. გარდა ამისა, გარკვეული პერიოდის მერე, როცა პიესა ზეპირად ვიცი, ტექსტს აღარ ვუსმენ. მსახიობების ბგერები მუსიკალურ პარტიტურასავით მესმის. ამით ვხვდები, რამდენად სწორად თამაშობენ. სწორი ბგერა სწორი რიტმია. შეიძლებოდა საოპერო სცენის რეჟისორობაზე მეფიქრა, მაგრამ ეს ფაკულტეტი ჩვენთან არ არის. თანამედროვე საოპერო სპექტაკლების დადგმაც ისეთ გრანდიოზულ თანხებთანაა დაკავშირებული, მხოლოდ ოცნება თუ შეიძლება. რომ წამოვიზარდე და რეალური გადაწყვეტილების მიღების დრო დადგა, იმ წელს სამსახიობო ფაკულტეტზე გიზო ჟორდანიამ აიყვანა ჯგუფი და ამ ჯგუფში ჩავირიცხე.

- ნიჭიერ შემოქმედთაგან შემდგარი დიდი ოჯახის ყოველი წევრის ცხოვრება დამოუკიდებელი ისტორიაა. რა დაგიტოვეს და როგორ შეგცვალეს ამ ადამიანებმა?

- ყოველ მათგანს ჩემს ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა. იმ სიხარულს, რომელიც ჩემი თაობის რეჟისორებს წარმატების დროს ეუფლებათ, მე ნაკლებად განვიცდი, თითქოს ჩემი ოჯახის წევრების წარმატების გზაზე მეც ვიარე. ყოველ მათგანთან საკუთარი დამოკიდებულება მქონდა, მათგანაც გამორჩეულ ყურადღებას ვგრძნობდი. ალბათ იმიტომ, რომ ერთადერთი ბავშვი ვიყავი, რომელმაც მათი გზის გაგრძელება აირჩია. მახსოვს, როგორ ცდილობდნენ საკუთარი გამოცდილების გაზიარებას. ბოლო წლებში, ბებიასთან, მედეა ჩახავასთან, ვმეგობრობდი. სხვანაირი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. ხშირად მიყვებოდა თავისი ცხოვრების ინტიმურ დეტალებს (შეიძლება შვილთაშვილისთვის პირადი ამბები არც უნდა მოეყოლა, რადგან ასეთ სერიოზულ თემებზე ბავშვებთან არ საუბრობენ), ამიტომ, ერთმანეთს ძალიან დავუახლოვდით. გამიჭირდა მისი წასვლა, თუნდაც იმიტომ, რომ ის-ის იყო ვხვდებოდი, როგორ ადამიანთან მქონდა ურთიერთობა. ბაბუა, კოტე მახარაძე რომ გარდაიცვალა, პატარა ვიყავი. უცნაური წელი იყო... კოტეს გარდაცვალებიდან ორ კვირაში ბებია, იზა გიგოშვილი გარდაიცვალა. უცნაური შეგრძნება დამიტოვა ამ გარდაცვალებების სერიამ. მაშინ დამთავრდა ჩემი ბავშვობა.

- იზა?

- იზა გრძნობების ადამიანი იყო. ადამიანი, რომელიც საკუთარ თავზე იღებდა ტრაგედიებს. არ იშორებდა, არ ივიწყებდა არაფერს. დიდ გამოწვევებს მკერდს უშვერდა. აქედან გამომდინარე, იზა სხვანაირი პერსონა იყო. ოჯახის სხვა წევრებისგან განსხვავებით, ნაკლებად მხიარული და ხალისიანი. რაღაცნაირად ებღაუჭებოდა ამ შეგრძნებებს და უნდოდა, გაემარჯვა. ჩემი მოსაზრებით, მისი ცხოვრება ერთი დიდი ბრძოლა იყო. განსაკუთრებით ბოლო 6 წელი, როცა უკურნებელ სენს უმკლავდებოდა. ეს მტანჯველი ავადმყოფობა წლები გრძელდებოდა. მისი სცენაზე ყოფნა წარმოუდგენელი რამ იყო, მაგრამ ბოლომდე დადგა. თეატრში ყავარჯნებით მოდიოდა, რომელსაც სცენაზე გასვლის წინ, კულისებში ტოვებდა. არსებობენ ადამიანები, რომელთაც ასე ადვილად არ ეთმობათ ცხოვრება. იმდენად დატვირთული და სავსეა მათი შეგრძნებები, რომ მისი მიტოვება ენანებათ. აქედან გამომდინარე, ვერ ამბობენ: ახლა კარგად იყავით, ჩემი დრო წავიდა. მედიკოც ბოლომდე სცენაზე იდგა. რუსთაველის თეატრში მისმა სპექტაკლმა სეზონი დახურა და ორ თვეში გარდაიცვალა.

- მგონია, რომ დედა, ნატო მურვანიძე სცენის მიმართ მათზე გაცილებით თავშეკავებული და ჩაკეტილია, შეეძლო აქტიური სამსახიობო ცხოვრებით ეცხოვრა, მაგრამ სხვა გზა აირჩია

- შეიძლება გარეშე თვალით ასე აღიქმება. ნატო ყველა როლს არ თანხმდება. მისი პიროვნული თვისებაა, რომ უარის თქმა შეუძლია. შესაბამისად, არასდროს მოხვედრილა იმ პრობლემების ეპიცენტრში, რომელიც თეატრს ახასიათებს. თავს კი არ არიდებდა, ასეთი პრობლემები არასდროს შეხებია, შეიძლება იმიტომ, რომ მისთვის სცენა არ იყო პირველი. ეჭვი მაქვს, რომ მისთვის მთავარი მაინც ოჯახია.

- ან შინაგანი ცხოვრება.

- დარწმუნებული ვარ, არც ნატოს შეუძლია სცენის გარეშე სიცოცხლე, ისევე როგორც მედიკოს, ან იზას, მაგრამ მათ ცხოვრებაში ოჯახი და სცენა თანაბრად ინაწილებდა ადგილებს. ეს პროფესია დიდ საფრთხეს უქმნის მსახიობს. მაყურებელს თავი არ უნდა მოაბეზრო. ის საიდუმლოებები, რომელსაც ყოველ მომდევნო როლში დებ, არ უნდა გააუფასურო, არ უნდა დაუშვა შენი შინაგანი სამყაროს დესაკრალიზაცია.

- მამაკაცები თქვენს ოჯახში - ძლიერი ქალბატონების გვერდით ხომ არ იჩაგრებოდნენ?

- რა თქმა უნდა, არა! ოჯახის წევრების ურთიერთობა ყოველთვის დიდ მეგობრობაზე იდგა. ბუნებრივია, მათი თანაცხოვრება რთული იყო. დიდ ინდივიდებს დიდი გრძნობათა სამყაროც აქვთ და დიდი დეპრესიებიც. მაგრამ მეორე ნახევარი იმიტომ გყავს, რომ ეს გაიგოს, მიიღოს, ხელი არა მხოლოდ ამ მდგომარეობიდან გამოსვლას, არამედ იქ ყოფნასაც შეუწყოს. შემოქმედი ადამიანისთვის სევდა საჭიროა. სწორედ ასეთი სევდით იქმნებოდა დიდი ნაწარმოებები. აუცილებელი არაა ყოველთვის მხიარულები ვიყოთ. თეატრის ხალხმა კარგად უწყის, რომ ხშირად კომედიაზე აუცილებელი ტრაგედიაა. ხანდახან შემოქმედ ადამიანს სიამოვნებს კიდეც დეპრესიული მდგომარეობა. თითქოსდა იბერები ამ გრძნობებით და ვულკანივით ამოხეთქს შემოქმედებაში. შედეგი ყველაზე სასიამოვნო პროცესია და ეს არ ეთმობათ ხელოვან ადამიანებს. შემოქმედ ადამიანებს ხშირად პრობლემები არ ელევათ. ამის ნათელი მაგალითი სტრინბერგია. სულ ახლახან მისი "ფრეკენ ჟული" დავდგი თეატრში. ის ყოველთვის თავის თავსა და პირად ცხოვრებაზე წერდა. ყოველთვის პრობლემების გარემოცვაში იყო.

- თავად როგორი ადამიანი ხარ?

- საკმაოდ დეპრესიული. მიუხედავად იმისა, რომ გულჩათხრობილი უფრო ვარ, ჩემში არის თვისებები, რომელიც ასეთი მდგომარეობიდან თავის დაღწევაში მეხმარება. ვიცი, როგორ გავართო საკუთარი თავი. მეხმარება ბევრი რამ, უპირველესად ჩემი პროფესია. ეს პროფესია სხვა ადამიანებთან, მაგალითად, მსახიობებთან კომუნიკაციის გარეშე წარმოუდგენელია. შესაბამისად, ძალიანაც რომ გინდოდეს, ვერ ჩაიკეტები. კოლეგებთან ჯანსაღი ურთიერთობა რომ გქონდეს, იძულებული ხარ, ტონუსში იყო. ამ შემთხვევაში ტონუსი ისევ ეს, თეატრალური სივრცეა.

- ამასობაში სამი სპექტაკლი დადგი...

- გაგიკვირდებათ, მაგრამ ეს სპექტაკლები ჩემგან დამოუკიდებლად დავდგი. მხოლოდ იმიტომ, რომ აუცილებელი იყო. პირველი სპექტაკლი დავით გაბუნიას პიესის მიხედვით "სხვისი შვილები" იყო. ამ სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი ავად გახდა და დადგმის გაგრძელება ვერ შეძლო. სპექტაკლში ვთამაშობდი და იმდენად ჩართული ვიყავი ამ პროცესებში, რომ რეპეტიციები გავაგრძელე. "ფრეკენ ჟული" სამ თვეში დავდგი. შემდეგი სპექტაკლი იყო "მახინჯი", რომელიც გოეთეს ინსტიტუტის დაკვეთით დავდგი. დასასრულ, - "ფრეკენ ჟული". ეს უკანასკნელი შვედეთის ინსტიტუტმა გვთხოვა. სტრინბერგის გარდაცვალებიდან 100 წლისთავს აღნიშნავდნენ. "ფრეკენ ჟული" ამ დრამატურგის ყველაზე ცნობილი პიესაა და გასაკვირია, რომ საქართველოში არასდროს დადგმულა. ასე რომ, ყოველი სპექტაკლის დადგმის სტიმული გარედან მოდიოდა. ეს იმიტომ რომ სპექტაკლზე მუშაობა განსაკუთრებული გადაწყვეტილებაა და ასეთ გადაწყვეტილებაზე დიდხანს ვფიქრობ. ზოდიაქოს ნიშნით სასწორი ვარ და ვწონი ყველაფერს ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა.

- "არასდროს არც ერთ საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობა არ მიმიღია... არასდროს არსად არ დამირეკავს... სანამ საკუთარ თავზე არ გამოცდი, ვერ ხვდები, რამხელა მნიშვნელობა აქვს ერთ "უმნიშვნელო" ზარს..."

- დათა, ეს სტატუსი მსახიობ გიორგი ყორღანაშვილის დასახმარებლად დადე. საზოგადოებას მეგობრობის მართლაც უდიდესი მაგალითი აჩვენე.

- სამწუხაროა, რომ იმდენად დიდ თანხაზეა საუბარი, შეგროვება ჭირს. პირველად ჩავები ასეთ საქმიანობაში... ძალიან რთული ყოფილა, დიდ ძალისხმევასა და ემოციას უკავშირდება. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც ბანკის ანგარიშზე 3, 5 ან 7 ლარი გადმორიცხეს. თქვენ ხომ წარმოგიდგენიათ, რამხელა გზა გაიარეს ბანკამდე, შეიძლება რიგშიც კი იდგნენ, რომ რაც შეეძლოთ იმ თანხით დახმარებოდნენ. ამდენი ადამიანის თავგანწირვის მიუხედავად, თანხა ისევ ვერ შეგროვდა. აქცია გრძელდება.

ქეთი დარჩია

ყოველთვიური ჟურნალი "ბომონდი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"