ნიკო ლეკიშვილი - "იგვიანებს სამართლის აღსრულება"

ნიკო ლეკიშვილი - "იგვიანებს სამართლის აღსრულება"

"ვინც ფიქრობს, რომ მოვხუცდი, ცურვაში შემეჯიბროს", - გვითხრა ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა, თბილისის ყოფილმა მერმა და ყოფილმა დეპუტატმა ნიკო ლეკიშვილმა, რომელიც 2008 წელს პოლიტიკიდან წავიდა:

- 2011 წლის შემოდგომაზე თბილისის საუკეთესო მერად "კვირის პალიტრის" მკითხველმა ამირჩია, რამაც ძალიან გამახარა, მაგრამ ამ პოსტზე კენჭისყრას აღარ ვაპირებ. 2012 წლის არჩევნებში კენჭი იმიტომ არ ვიყარე, რომ პარლამენტი ქუთაისში გადაიტანეს. ძალიან გავბრაზდი პოლიტიკურად მცდარი გადაწყვეტილების გამო და პროტესტი გამიჩნდა. მგონი, ქუთაისში პარლამენტი თბილისის ჯიბრზე გადაიტანეს... სხვადასხვა პარტიამ შემომთავაზა, თბილისის საკრებულოში მეყარა კენჭი, მაგრამ უარი ვთქვი. ასეთ საკრებულოში, როგორიც დღესაა, ვერ ვიქნები. საკრებულოს კანონმდებლობა ზედმეტად პოლიტიზებულია და პარტიული ინტერესები ქალაქის ინტერესზე მაღლა დგას. საკრებულოში 25 კაცზე მეტი არ უნდა იყოს, პარტიულის გარდა, უნდა იყვნენ დამოუკიდებელი კანდიდატებიც, ქალაქში ცნობილი და ღვაწლმოსილი ადამიანები.

თბილისის საკრებულოს წევრებიდან 5-10 კაცი ვიცი. დანარჩენებს ვინ იცნობს? მახსოვს, 2000 წელი იყო, ჯანო კახიძემ გაოგნებულმა დამირეკა, საკრებულოში დამიბარეს მუსიკალური ცენტრის ბიუჯეტის განხილვაზე და კომიტეტის თავმჯდომარემ მკითხა, მუსიკალურ ცენტრში რაზე მუშაობთო. წარმოგიდგენიათ, ბერნშტაინი რომ მივიდეს ნიუ-იორკის მერიაში და უთხრან, ვინ ხარო? კაცი, რომელიც ჯანსუღ კახიძეს ვერ ცნობდა, საკრებულოში პარტიულმა სიამ გაიყვანა...

თუ თბილისელები პატივს არ სცემენ, რა უფლება აქვს ისეთ კაცს, საკრებულოში იყოს? პლეხანოვზე გაზრდილ კაცს იმის თავი თუ არ მაქვს, ჩემს უბანში არჩევნები მოვიგო, რა ნამუსით უნდა ვიჯდე საკრებულოში? თბილისის მერი ნახევარი ქალაქის არჩეული მაინც არ უნდა იყოს?

- უგულავა არჩეული მერია.

- საკითხავია, როგორ აირჩიეს. როდესაც მერი კონკრეტული პარტიის წარმომადგენელია, ეს აზარალებს ქალაქს. როდესაც პარლამენტში ვიყავი, "ნაციონალური მოძრაობის" დღევანდელი ლიდერები პატარა ბიჭები იყვნენ. ვერაფრით დავიჯერებდი, რომ ასეთები გახდებოდნენ და ყველაფერს იკადრებდნენ. მერიაში დღესაც მუშაობს ჩემი მიყვანილი ხალხი. ისინი პროფესიონალები არიან, მაგრამ მერიაში ისეთი სისტემაა, იქ პროფესიონალებს სუნთქვა უჭირთ. როდესაც გმირთა მოედანზე ის შატლი (მრავალჯერადი გამოყენების სატრანსპორტო კოსმოსური ხომალდი. - ავტ.) დადგეს, ჩემს ყოფილ თანამშრომლებს ვუთხარი, ამას რას აშენებთ-მეთქი? მითხრეს, ჩვენც გული გვისკდებაო. არა მგონია, ის მემორიალი უგულავას სურვილით დაედგათ. მიშა სადაც რამეს ნახავდა, ყველაფრის თბილისში გადმოტანა სურდა. რამდენიმე შენობაზე საათიანი გუმბათი მიშას სურვილით დადგეს. როგორ შეიძლება, ქალაქის სტილი პრეზიდენტმა ან მერმა განსაზღვროს?

- გეტყობათ, თბილისის არქიტექტურული სიახლეები არ მოგწონთ.

- არ შეიძლება ყველაფერზე ტრაბახი, მე ავაშენეო. ჩემს დროს აშენდა მუსიკალური ცენტრი, რომელიც დღესაც ყველაზე მაგარ ცენტრად ითვლება, მაგრამ არასოდეს ვიტყვი, რომ მე ავაშენე. აბანოთუბანი ჩემს დროს გაკეთდა, მაგრამ ამას შოთა ყავლაშვილი და გიგა ბათიაშვილი აკეთებდნენ, მე როგორ ჩავერეოდი? რა პრეზიდენტის საქმეა, შენობის ფასადი ლურჯი იქნება თუ მწვანე? პლეხანოვი თითქოს კარგი გაკეთებულია, მაგრამ იცით რამდენი ლაფსუსია დაშვებული? კინოთეატრ "აპოლოს" სახელი არ აწერია. ადრე რუსული ასოებით ეწერა და დარწმუნებული ვარ, ვიღაცამ თქვა, რუსული წარწერა არ მინდაო. რუსთაველისა და პლეხანოვის პროსპექტები უდიდესი არქიტექტორების გაკეთებულია. როდესაც ამ შენობებს მანსარდას ადგამ, არასწორია. მანსარდა რომ უკეთესი ყოფილიყო, ისინი ვერ დაადგამდნენ?

საშინელებაა რიყეზე ის ორი "ტრუბა". რიყეს არ უხდება. თბილისში სამი ადგილია, სადაც მისი გადატანა შეიძლება. ერთ-ერთია "ვეფხისა და მოყმის" ძეგლსა და "საქართველოს ბანკს" შორის ტერიტორია. კატასტროფაა "შანგრილა". იმ ადგილას რესტორან "ბერიკონის" შენობა იყო, რომელსაც საერთაშორისო პრემია აქვს აღებული, როგორც ძველ ქალაქში აგებულ ახალ ნაგებობას.

ყველამ ყურადღება ამ უსახურ ნაგებობებზე გადავიტანეთ და გამოგვრჩა ყველაზე მნიშვნელოვანი - მწვანე საფარში შესული ნაგებობები, რის გამოც ქალაქის სასუნთქი გზები დაიკეტა...

თბილისის მერი რომ ვიყავი, "გოფილექტის ბაღის" წინ 70 ოჯახი გავასახლე, რომ პლეხანოვს სასუნთქი გზა ჰქონოდა, დღეს კი იმ ადგილას 2-სართულიანი მაღაზია აშენდა. ვითომ არაფერი დაშავდა, მაგრამ ქალაქი ვეღარ სუნთქავს.

ალექსანდრეს ბაღში რომ მრავალსართულიანი სახლია, ჩემი მერობის დროს იქ ორსართულიანი შენობა იდგა. მთხოვეს და ერთი სართულის დაშენების უფლება მივეცით. მე რომ მერიიდან წამოვედი, მეოთხე და მეხუთე სართულებიც დაადგეს. მერია რომ მივიდა მშენებლობის შესაჩერებლად, ეს ხუთი სართული სასამართლომ დაუკანონა და ვეღარ შეეხნენ. მერე ხუთ სართულს სამი დაადგეს და ისიც დააკანონა სასამართლომ. სადაც ხუთ სართულზე მაღალი შენობის აშენება არ შეიძლება, თუ ფულს გადაიხდი, ნებართვას მოგცემენ. პარტიული ინტერესები კი არა, ქალაქის ინტერესები უნდა იყოს დაცული. რაღაცები გაკეთდა, მაგრამ უფრო მეტი გაფუჭდა. ქალაქის სახეს ფაქიზად მიდგომა სჭირდებოდა.

პარიზში, ელისეს მინდვრებზე, მილიონიც რომ გადაიხადო, ვერაფერს შეცვლი. ამ ქუჩაზე ერთი მაღაზია ვიცი, შოკოლადს ამზადებენ. მილიონიც რომ გადაიხადო, იმ მაღაზიას ვერავინ აიღებს. მითხრეს, ეს მაღაზია 200-ჯერ მაინც გაიყიდა, მაგრამ მისი მფლობელი შოკოლადის გარდა იქ ვერაფერს გაყიდისო. რატომ მოსპეს ლაღიძის წყლები? დარჩენილიყო, როგორც რუსთაველის პროსპექტის სიმბოლო.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა