რომან დუმბაძის მეგობარი დუმილს არღვევს - "ქართველი გენერლის მკვლელობა მერაბიშვილმა და ახალაიამ დაუკვეთეს"

რომან დუმბაძის მეგობარი დუმილს არღვევს - "ქართველი გენერლის მკვლელობა მერაბიშვილმა და ახალაიამ დაუკვეთეს"

2012 წლის 21 მაისს მოსკოვში გადამდგარი გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს. კილერმა მას თავისა და მუცლის არეში 7 ტყვია დაახალა. დუმბაძის მკვლელობის ბრალდებით მოსკოვში დააპატიმრეს ოთხი პირი, რომელთა სასამართლო პროცესიც მაისის ბოლოს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ რომან დუმბაძე საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა 2004 წელს დააპატიმრეს და მას სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. 2008 წელს, საქართველო-რუსეთის ომის დროს, გენერალ ბორისოვის მოთხოვნით, რომან დუმბაძე ქართველ ტყვეებზე გაცვალეს. 2010 წელს, რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით, გენერალ დუმბაძეს რუსეთის მოქალაქეობა მიენიჭა. გენერლის მკვლელობის ერთ-ერთ ვერსიად კრიმინალური გარჩევა დასახელდა. "როგორც რომანის მეგობარი, თავს მოვალედ მივიჩნევ, დუმილი დავარღვიო და გავამხილო სიმართლე", - ამბობს ჩვენთან ინტერვიუში მოსკოვში მცხოვრები ზაზა გაბედავა:

- 1988 წლიდან ეროვნულ მოძრაობაში ვიყავი. ზუგდიდელმა კაცმა იძულებით დავტოვე სამშობლო. ჩემი სურვილით ამას არასოდეს გავაკეთებდი. 1992 წელს, სამხედრო გადატრიალების შემდეგ, ცხონებულ ზვიად გამსახურდიას ვახლდი გროზნოში, შემდეგ კი მოსკოვში წავედი. ქართველმა სამართალდამცველებმა დაუსწრებლად მომისაჯეს 11 წელი, ლამის ბინ ლადენის მოწაფე გამხადეს და 1997 წლიდან ჩემზე ძებნა გამოაცხადეს. რომან დუმბაძე 2008 წელს, მოსკოვში ჩამოსვლის შემდეგ გავიცანი და დავმეგობრდით. რომა უწესიერესი კაცი იყო... ის შარშან 21 მაისს მოკლეს თავისი საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს, რუბლიოვსკოეს გზატკეცილზე მიმავალი. რომან დუმბაძის მკვლელობისთვის სასჯელს იხდიან: თორნიკე კვირიკაშვილი, რომან ბელქანია, ალექსანდრე ბერიშვილი და შოთა ტარუღიშვილი. თავდაპირველად ხუთნი დააკავეს, შემდგომ კი ერთი გაათავისუფლეს. მკვლელობიდან ნახევარ საათში მივედი შემთხვევის ადგილას, გაცივებულიც არ იყო ცხონებული. გამყიდველი ქალი შეესწრო რა და როგორ მოხდა: რომანი ნაყინს ჭამდა, უეცრად მოტოციკლი გაჩერდა, მოტოციკლისტმა რაღაც ჰკითხა რომანს და პასუხის მიღებისთანავე ცეცხლი გაუხსნა. ალბათ ჰკითხა, რომან დუმბაძე ხარო? სანამ ეს ამბავი მოხდებოდა, 17 აპრილს, მარშალ ჟუკოვის პროსპექტზე მოკლეს ვინმე ტიგრან ოჰანესიანი, რომელიც ძალიან ჰგავდა რომანს და მასში შეეშალათ.

- მკვლელობის ერთ-ერთ ვერსიად ბიზნესი და კრიმინალური გარჩევა დასახელდა...

- ე.წ. კანონიერ ქურდებთან რომანს შეხება არ ჰქონია, არც - ჩეჩნებთან, ჩვენ ხშირად ვიყავით ერთად, ერთმანეთის ყველაფერი ვიცოდით და რაღაც მაინც წამოსცდებოდა. მკვლელობამდე რომანს ერთ-ერთი ბრალდებული, 25 წლის თორნიკე კვირიკაშვილი უთვალთვალებდა. მან იარაღი გადასცა წალენჯიხელ რომან ბელქანიას (მეტსახელად "რამაშკა"), რომელიც ადრე ზვიად გამსახურდიას მომხრე იყო. მოტოციკლს მართავდა ალექსანდრე ბერიშვილი, შოთა ტარუღიშვილმა კი მსხვერპლს ესროლა. ეს ტარუღიშვილი თორნიკე კვირიკაშვილის ბიძაა. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ რომანს 7 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. გამყიდველი ქალის მონაყოლიდან ვიცი, რომ როცა რომანს ტყვიები დაუშინეს, მან თურმე სახეზე ხელები აიფარა და გაქცევა დააპირა, მაგრამ დაედევნენ და მოკლეს. იმხანად რომანს ავტომანქანა გაყიდული ჰქონდა და ფეხით დადიოდა. ეს ადამიანები ერთდროულად დააპატიმრეს და როცა მათი ფოტოები ვნახეთ, რომას ახლობელმა კვირიკაშვილზე თქვა, ეს ადამიანი რომას სადარბაზოსთან ხშირად მინახავსო...

ჩემი ინფორმაციით, დამკვეთებმა მკვლელებს 150.000 ამერიკული დოლარი გადაუხადეს. რომან დუმბაძე ვანო მერაბიშვილისა და დათა ახალაიას დავალებით მოკლეს. კილერები ახალი ჩამოსული იყვნენ საქართველოდან და, სავარაუდოდ, ძველმა ხელისუფლებამ ისინი ამ მისიის აღსასრულებლად გამოგზავნა მოსკოვში. ახალაიებსა და მერაბიშვილს იმხანად მშვენიერი ურთიერთობა ჰქონდათ. ახალაია ემორჩილებოდა ვანოს. როგორც ჩანს, დათა ახალაიას სამეგრელოში კარგი აგენტურული კავშირები ჰქონდა, იპოვა კაცი და მოაკვლევინა კიდეც დუმბაძე. კილერები ჩვენებებში პირდაპირ უთითებენ დათა ახალაიაზე - მან დაგვიკვეთა მკვლელობაო. ახალაიას მამა აბრამის ბატკნად რომ მოაქვს თავი და იქადნის, ყველაფერს ვიტყვიო, გამოვიდეს, მამაცხონებული, და თქვას სიმართლე! ვანო მერაბიშვილი რომ გარეწარია, კარგად ვიცით. მარტო ბაჩო ახალაია რომ დააპატიმრეს, მან ნაკლები საშინელებები ჩაიდინა? პირველ რიგში, ეს კაცია დასაპატიმრებელი, მერაბიშვილია ყველა უბედურების სათავე. ახალაიები რომ ანგელოზები არ არიან, რად უნდა ამას ლაპარაკი, მთელი სამეგრელო ააწიოკეს. ასეთივე გარეწრები არიან გვარგადაკეთებული მამა-შვილი გაბაშვილები - ყოფილი მხედრიონელები. მათ მოკლეს ჩემი ახლობელი ზუგდიდში - კიროკი ბულია პირადად კოტე გაბაშვილმა დახვრიტა. რა საქმე აქვთ პარლამენტში მკვლელებს, ვერ გავიგე?!

სასამართლო პროცესი მაისის ბოლოს გაიმართება და ყველაფერი ნათელი გახდება. ჰაერზე არაფერს ვამბობ. რომას ცხოვრება ჩემ თვალწინ მიდიოდა, მას ნამდვილად არ ჰქონდა ურთიერთობა ქურდებთან. რაღაც სისულელეებს ბოდავდნენ "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტები. როცა ყველაფერი დადასტურდება, რადგან რომანი რუსეთის მოქალაქე იყო, მის მკვლელებზე (დამკვეთებს ვგულისხმობ) ძებნა გამოცხადდება.

- რა მოტივით უნდა მოეშორებინა დუმბაძე ახალაია-მერაბიშვილს?

- მათ საშიშად მიიჩნიეს ეს კაცი. თუ გახსოვთ, ბურჯანაძის მაისის აქციები, 26 კაცი რომ დააპატიმრეს, მაშინ ალბათ ფიქრობდნენ, დუმბაძე საშიშია, რუსის ჯართან ერთად შემოვა საქართველოშიო და მსგავსი სისულელეები. რომანმა მეგობრობაც იცოდა და კაცობაც, ამათგან განსხვავებით. მისი მკვლელობის მიზეზი ის გახდა, რომ არ დაემორჩილა სააკაშვილს, რადგან ასე ჩათვალა საჭიროდ.

- თქვენი აზრით, პრეზიდენტი იყო საქმის კურსში?

- ძნელი დასაჯერებელია, რომ ეს მკვლელობა მის გარეშე მომხდარიყო. შორს რომ არ წავიდეთ, გახსოვთ, ვატო ყიფიანის მკვლელობის შეკვეთა რომ უნდოდათ? იგივე სცენარია.

- ბატონო ზაზა, ასლან აბაშიძე თუ იყო დუმბაძის გასვენებაში?

- ასლანი არავის ხვდებოდა, მათ შორის, არც რომანს. ასე რომ ყოფილიყო, მეცოდინებოდა. გასვენებაშიც არ ყოფილა, მხოლოდ გიორგი მოვიდა, ასლანის ვაჟი. რომას ქართულ ეკლესიაში გადაუხადეს პარაკლისი. ბევრი იმის შიშით არ მოვიდა, ვინმეს რომ არ დაენახა.

ნა­ნა ფიცხ­ე­ლა­უ­რი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ