როზა ლუქსემბურგიდან თეა წულუკიანამდე

როზა ლუქსემბურგიდან თეა წულუკიანამდე

ჩვენში ბოლო ხანს მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ერთ-ერთი მთავარი თემა შეიძლება ასეც დავასათაუროთ: რატომ არ მოსწონს გიორგი მარგველაშვილს როზა ლუქსემბურგის ოცნება? ან კიდევ - როზა ლუქსემბურგიდან თეა წულუკიანამდე და პირიქით...

შრომის კანონმდებლობა საქართველოში წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხი რომ იყო, ამას არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაცია აღნიშნავდა და მუდმივად აძლევდა რეკომენდაციებს­ იმჟამინდელ ხელისუფლებას, შეე­ცვალა ის შრომის კოდექსი, რომელიც აშკარად უპირატეს მდგომარეობაში აყენებდა დამსაქმებელს და რიგ შემთხვევაში უხეშად არღვევდა დასაქმებულთა უფლებებს. სააკაშვილის ხელისუფლება ამგვარი კოდექსის არსებობას იმით ამართლებდა, რომ ქვეყანაში ინვესტიციები მოსაზიდი იყო და შრომის უფლების მკაცრად დაცვა დამსაქმებლებს დააფრთხობდა. შესაბამისად, წინა ხელისუფლებას არსებული კოდექსის შესაცვლელად არაფერი გაუკეთებია. "ქართული ოცნების" ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება კი შრომის კანონმდებლობის შეცვლაც გახლდათ. ცვლილებათა პაკეტზე მუშაობა ახალმა ხელისუფლებამ მალევე დაიწყო და იუსტიციის სამინისტრომ ცვლილებათა პროექტი უკვე თებერვალში წარმოადგინა. ეს პაკეტი ძალიან მასშტაბურია, მის განხილვას დიდი დრო და საგაზეთო ფორმატი დასჭირდება, თუმცა უახლოეს მომავლში შესაძლოა ამაზეც დაიწეროს. ამჯერად კი გვსურს ყურადღება მივაპყროთ იმ პროცესს და ერთგვარ დაპირისპირებას, რამაც შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების თაობაზე მთავრობაში იჩინა თავი.

ქართულ ინტერნეტსაიტებზე გავ­რცელდა ვიცე-პრემიერისა და განათლების მინისტრ გიორგი მა­რგველაშვილის სტუდენტებთან შე­ხვედრის ჩანაწერი, რომელშიც მინისტრი იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებს აკრიტიკებს და ამბობს: "პარლამენტში ისეთი შრომის კოდექსია შესული, ვერავინ ვეღარ გაინძრევა. როზა ლუქსემბურგის ოცნების შრომის კოდექსია შესული. როზა ლუქსემბურგის ოცნებას თუ ვახდენდით, არ ვიცოდი. შიგნით ისეთები წერია, საერთოდ დამსაქმებელი ვეღარ გაჭაჭანდება საქართველოში, ვერც სახელმწიფო და ვერც კერძო ბიზნესი. ეს ძალიან პრობლემურია, მით უმეტეს, ქვეყანაში, სადაც ბიზნესი უნდა განვითარდეს, სადაც ხელისუფლებამ რეფორმები უნდა გაატაროს. ამ შრომის კოდექსის შეტანა იყო აბსოლუტურად არასწორი." აქვე გიორგი მარგველაშვილი ამბობს­ იმასაც, რომ შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები პროფკავშირების თავ­მჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილის დიქტატით დაიწერა.

თუმცა კონკრეტულად რა გახდა ამ ცვლილებებში მარგველაშვილის კრიტიკის სამიზნე, ეს მინისტრს არც იმ შეხვედრისას უთქვამს და არც შემდგომ გაუკეთებია განმარტებები. როგორც უკვე გითხარით, ცვლილებების პაკეტი ძალიან მასშ­ტაბურია და შეეხება როგორც წინასახელშეკრულებო ურთიერთობების, ასევე შრომითი ხელშეკრულების გაფორმების, სამუშაო დროის ხანგრძლივობის განსაზღვრის შეცვ­ლასა და მოწესრიგებას. ახალი კანონპროექტი ნამდვილად უზღუდავს აქამდე მინიჭებულ უფლებებს დამსაქმებელს, რაც მათ უკმაყოფილებას ბუნებრივად იწვევს, თუმცა ქვეყანაში ეს სფერო რომ როგორმე უნდა მოწესრიგდეს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. შესაბამისად, ცოტა გაუგებარია ვიცე-პრემიერის მხრიდან ასეთი მკვახე შეფასებები, რომელსაც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ერთ-ერთ ინტერვიუში უპასუხა: "როდესაც "შრომის კოდექსში" განხორციელებული ცვლილებები ჩვენს ევროპელ კოლეგებს­ გავაცანით, გვითხრეს, რომ ეს არის მინიმუმის მინიმუმი, რაც კი შეიძლება ცივილიზებულმა და დასავლურობაზე პრეტენზიის მქონე ქვეყანამ თავის შრომის კოდექსში ჩაწეროს. მინდა მათ, ვისაც მომზადებული ცვლილებები არ მოსწონს, იმედი გავუცრუო და ვუთხრა, რომ ეს არის შრომის კოდექსის რეფორმირების პირველი ტალღა. არ ვიცი, ვარ თუ არა როზა ლუქსემბურგი, მაგრამ როგორც ქალი და ერთ-ერთი ხელმძღვანელი ქალი ახალი მთავრობისა, ვგეგმავ სათავეში ჩავუდგე შრომის კოდექსში ცვლილებების მორიგ ტალღას, რომელსაც შრომით ურთიერთობებში ქალთა უფლებების დაცვა ჰქვია. ეს პირდაპირ კავშირშია გაწონასწორებულ ოჯახებთან, კავშირშია იმასთან, რომ ქალებმა შეძლონ სამსახურთან ერთად შექმნან ოჯახი და გააჩინონ შვილები. შრომით კანონმდებლობაში ქალთა უფლებები პირდაპირ კავშირშია დემოგრაფიულ საკითხებთან," - განაცხადა თეა წულუკიანმა. როგორც ჩანს, წულუკიანი უკანდახევას არ აპირებს, საბოლოო სიტყვა პარლამენტზეა, რომელშიც სავარაუდოდ პრემიერის პოზიციას გაიზიარებს. არჩევნებამდეც და მას მერეც ბიძინა ივანიშვილი მუდმივად ამბობდა, რომ შრომის კოდექსი უნდა შეცვლილიყო. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მარგველაშვილი აშკარად ივანიშვილის ფავორიტია, მას უსმენს და მის აზრს იზიარებს კიდეც. ამიტომაც, არ იყო გასაკვირი, რომ ივანიშვილი გიორგი მარგველაშვილის მოსაზრებას დაეთანხმა და შრომის კოდექსის პროექტთან დაკავშირებით ინვესტორების დაფრთხობის საშიშროებაზე ისაუბრა. მოკლედ მთავრობაში შრომის კოდექსის პროექტთან დაკავშირებით აშკარა აზრთა სხვადასხვაობაა. წინა ხელისუფლებაში ამგვარი სამთავრობო დაპირისპირება ან საერთოდ არ ხდებოდა, ან ამის თაობაზე მას შემდეგ ვიგებდით, როდესაც რომელიმე მინისტრს ბოლოს და ბოლოს შეელეოდნენ და ე.წ. სამთავრობო კარუსელიდან ჩამოსვამდნენ. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც თეა წულუკიანს კოლეგებისგან განსხვავებული პოზიცია აქვს. მოგეხსენებათ, რომ პირველ მაისს შრომითი უფლებების დასაცავად ქუჩაში გამოსულ სტუდენტური ორგანიზაცია "ლაბორატორია 1918"-ის წარმომადგენლებს პოლიცია დაუპირისპირდა და აქცია საკმაოდ უხეში ფორმით დაშალეს. დაზარალდნენ ჟურნალისტებიც. შინაგან საქმეთა მინისტრმა მომხდარის შეფასებისას განაცხადა: "პოლიცია ისე მოიქცა, როგორც უნდა მოქცეულიყო". ამის თაობაზე განსხვავებული პოზიცია ჰქონდა თეა წულუკიანს: "თუ გავრცელებული კადრებიდან ვიმსჯელებთ­, მომეჩვენა, რომ ხანდახან აქციის მონაწილეები არღვევდნენ შეკრების თავისუფლების პრინციპებს და ხან პოლიცია სცოდავდა.

მოკლედ, ბოლო ხანს მთავრობაში აშკარად გარკვეული ძვრები შეიმჩნევა, გაღრმავდება მინისტრებს შორის დაპირისპირება თუ მორიგ კომპრომისამდე მივა, უახლოეს მომავალში ვნახავთ. თუმცა ფაქტია, რომ განსხვავებული მოსაზრებები კოალიციის შიგნით მრავლადაა. როგორ აუვა პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ამ მოსაზრებების დაბალანსებას, ამას დრო გვიჩვენებს.

P.S. ცნობილი გახდა, რომ კოალიცია "ქართული ოცნება" საპრეზიდენტო კანდიდატს 13 მაისს დაასახელებს.

ანა გიორგაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"