"ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატის შესარჩევ პრაიმერში ხუთი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ დღეს "პირველი რადიოს" პრესკლუბში განაცხადა.
მისი თქმით, მათი კანდიდატი აუცილებლად იქნება გამოცდილი და პროფესიონალი ადამიანი, რომელიც საქართველოში დღეს არსებული პრობლემების გადაჭრაში მიიღებს მონაწილეობას.
მისივე განცხადებით, დღეს ქვეყანაში უმუშევრობაა და ადამიანები გაჭირვებაში ცხოვრობენ, ხოლო მათი კანდიდატი იმ არაპროფესიონალიზმისა და უუნარობის დამარცხებას შეეცდება, რომელიც დღეს საქართველოშია გამეფებული.
გიორგი ვაშაძემ არ გამორიცხა, რომ პრაიმერში მონაწილეობას მიიღებენ: დავით ბაქრაძე, გიორგი ბარამიძე და ვანო მერაბიშვილი.
რაც შეეხება მის კანდიდატურას, ვაშაძემ განაცხადა, რომ იგი საპრეზიდენტო პრაიმერში მონაწილეობას ვერ მიიღებს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ასაკი არ უწყობს ხელს.
გიორგი ვაშაძის განცხადებით, პრაიმერის ზუსტი რიცხვი ამ თვის ბოლოსთვის გახდება ცნობილი და პრაიმერი აუცილებლად ჩატარდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
"ჩვენ მოსახლეობას შევთავაზებთ საინტერესო და დახუნძლულ საარჩევნო კამპანიას", - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.