"15 ათასი წლის წინ ევროპელი და აზიელი ადამიანების წინაპრები საერთო ენაზე საუბრობდნენ, რომლის წარმოშობის ადგილი, სავარაუდოდ, კავკასია, კერძოდ კი ახლანდელი საქართველოა." - ასეთ დასკვნამდე მივიდნენ დასავლელი მეცნიერები" - ინფორმაციას ამის შესახებ Fox News ავრცელებს ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ზე დაყრდნობით.
თუმცა, ყველა ლინგვისტი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ადამიანები ერთ ენაზე საუბრობდნენ და საპირისპიროს დამტკიცებას ცდილობენ. ბევრი მათგანი მიიჩნევს, რომ ენის ფესვების კვალს მხოლოდ 3 000-დან 4 ათასამდე წლის წინ მივყავართ...
მექსიკის უნივერსისტეტის ლინგვისტი უილიამ კროფტი კი მიიჩნევს, რომ კვლევა ასევე უშვებს იმის შესაძლებლობას, მეცნიერებმა გააერთიანონ ლინგვისტური მონაცემები არქეოლოგიასთან და ანთროპოლოგიასთან კაცობრიობის პრეისტორიის მოყოლის მიზნით. ასე მაგალითად, უძველესი მიგრანტებისა და ადამიანთა შორის კონტაქტის ხელახლა აღდგენით.
ფილოლოგიის მეცნერებათა დოქტორი, ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია, გავრცელებულ ინფორმაციას დაუჯერებელსა და არასერიოზულს უწოდებს. მისი თქმით, ამ მოსაზრების განხილვა ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია...
- თურმე რას არ გაიგონებს ადამიანის ყური... აქამდე ასე ვიცოდი, რომ ამ ძალიან ჭრელ ენობრივ სამყაროში იყო ენათა რვა ოჯახი და ერთ-ერთი მათგანი მოიხსენიებოდა, როგორც იბერიულ-კავკასიური. ბევრ რამეზე შეგნებულად არ მინდა აქცენტის გაკეთება, მაგრამ 15 ათასი წლის წინ ერთ ენაზე ესაუბრათ ინდოევროპელებსა და კავკასიელებს, სემიტებსა და სხვა ოჯახების წარმომადგენლებს, ნებისმიერი სერიოზული ლინგვისტისთვის უბრალოდ ძნელი წარმოსადგენია. არა მგონია, ამაზე რომელიმე მეცნიერს, ან მეცნიერთა ჯგუფს სერიოზულად ემუშავა და მსგავს დასკვნამდე მისულიყო. საკითხის შესასწავლად აუცილებელია იმის გარკვევა, თუ რა წინარე ენაზე მეტყველებდნე ჩემ მიერ ნახსენებ ენათა ოჯახებზე მეტყველი ჩვენი წინაპრები. ახლა ამის აღდგენა ყოვლად შეუძლებელია. ასე რომ, ეს ინფორმაცია უფრო ფანტაზიის ნაყოფია, ვიდრე რეალობა.
- აღნიშნული კვლევის თანაავტორი, რედინგის უნივერსიტეტის ბიოლოგი მარკ პეგელი ამბობს: - "ჩვენ შეგვიძლია ენის კვალს 15 ათასი წლის წინანდელ პერიოდამდე გავყვეთ, რომელიც უკანასკნელი გამყინვარების ხანის დასასრულს შეესაბამება"... რას ფიქრობთ ამაზე?
- ენის კვლევის შესახებ ბიოლოგი გვაწვდის ინფორმაციას?.. როდესაც ენას ისტორიულ-შედარებითი მეთოდოლოგიის მიმდევრები იკვლევენ, ისინი პირველ რიგში წინარე ენის აღდგენას ცდილობენ და მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, ატარებენ საძიებო სამუშაოებს. დიდი ინტერესით მუშაობენ ლინგვისტები საქართველოში და ქართველურ ენათა მიმართაც, ჰიპოთეზის დონეზე გამოთქმულია მოსაზრება, რომ დღევანდელ ქართველურ ენებს, ქართულს, სვანურსა და მეგრულ-ჭანურს, წინ უძღოდა, წინარე ქართველური ენა, რომლის დაშლის შედეგადაც მივიღეთ ეს ენები. ანუ მეცნიერთა ვარაუდით, დაახლოებით 3 ათასი წლის წინ პროტოქართველური ენა დაიშალა და მის დაშლის შედეგად მივიღეთ ეს ენები. მკითხველს მინდა გავახსენო, რომ მარტო დაღესტანში 26 ენაა და იბერულ-კავასიურ ენათა ოჯახში 40-მდე ენას ითვლიან. ასევე წარმოიდგინეთ ენათა სხვა ოჯახებში რა ხდება; 3-4 ათასამდე ენის არსებობას ვარაუდობენ მსოფლიოში და ვიღაცას ამ ენების წინარე ენის აღდგენა, თუნდაც თეორიულად, შესაძლებელი და რაღაც დოკუმენტის საფუძველზე რეალურიც კი ჰგონია?... თან ამაზე ბიოლოგი მუშაობს?.