ემუქრება თუ არა ახალ ხელისუფლებას ელიტური კორუფცია

ემუქრება თუ არა ახალ ხელისუფლებას ელიტური კორუფცია

პირველი ცვლილება ბიძინა ივანიშვილის მთავრობაში და პირველი კორუფციული სკანდალი; შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2013 წლის იანვარში ტრაქტორებისა და საჭირო ტექნიკის შეძენისას სოფლის მეურნეობის სამინისტროს რიგმა თანამდებობის პირებმა დანაშაულებრივი ქმედებით გაფლანგეს მოსახლეობის დასახმარებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ორი მილიონ ხუთასი ათასი ლარი. დაკავებულია ათი ადამიანი, აქედან ერთი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, დანარჩენებს კი სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. მართალია, ახალი ხელისუფლების პირობებში გამოვლენილი კორუფციული სქემები ზედმეტი შეშფოთების საფუძველს თითქოს არ იძლევა, მაგრამ წესით, არც სიმშვიდის უფლებას უნდა აძლევდეს საზოგადოებას. "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პირველ ხანებში სწორედ კორუფციასთან ბრძოლის ლოზუნგით არაერთი კანონდარღვევა მოხდა, როდესაც ძველი ხელისუფლების წარმომადგენლებს ყოველგვარი სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე ართმევდნენ სახელმწიფოს ხარჯზე ნაშოვნ ქონებას და ამას საზოგადოება გაგებით, მეტიც, სიხარულითაც კი ხვდებოდა. ამან ნელ-ნელა მიიღო მახინჯი ფორმა, აღმოჩნდა, რომ კორუფციულმა გარიგებებმა ხელისუფლების მაღალ ეშელონებში გადაინაცვლა და ამის მიხედვით დაიწყო ბიზნესწილების გადანაწილება. შეიძლება ითქვას, რომ პირველ ეტაპზე საზოგადოების მიერ ხელისუფლების წახალისებამ და შურისძიების წყურვილმა საბოლოოდ მოიტანა ის, რომ მაღალი რანგის სახელმწიფო მოღვაწეები ბიუჯეტის თანხებს საკუთარი ჯიბის ფულივით ხარჯავდნენ, რაც ახლახან სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხარჯების გასაჯაროებამაც ცხადყო. აღარაფერს ვამბობთ სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან გარიგებით ჩატარებულ ტენდერებსა თუ ფავორიტი ბიზნესების ლობირებაზე. ამგვარი სამართალდარღვევების თაობაზე, ალბათ, უახლოეს მომავალში პროკურატურა არაერთ მტკიცებულებას წარმოადგენს. თუმცა ერთია ძველი ხელისუფლების შეცდომები თუ დანაშაული და მეორეა ის, თუ რა ხდება დღეს - რამდენად რეალურია საფრთხე იმისა, რომ ელიტურმა კორუფციამ უკვე ახალ ხელისუფლებაშიც გაიდგას ფესვი ან უფრო უარესი მოხდეს და გაცილებით მასშტაბური სახე მიიღოს. არსებობს თუ არა რაიმე ბერკეტი იმისთვის, რომ სახელმწიფომ ამისგან თავი დაიცვას?

მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებიც კი ვერ დაიკვეხნიან, რომ მათი პოლიტიკური სივრცე აბსოლუტურად ჯანსაღი და კორუფციისგან თავისუფალია. არაერთი გახმაურებული საქმის გახსენება შეგვიძლია, თუმცა ასევე საკმაოდ მყისიერი რეაქცია აქვს ამაზე სამართალდამცავ სტრუქტურებსა და საზოგადოებასაც, რომელიც ამ ვითარებაში უპირველესი მსაჯულია. სამოქალაქო სექტორი არის ხელისუფლების ქმედებების უპირველესი ზედამხედველი და მონიტორი. ჩვენში კი კვლავაც ყველაფერი ჯერჯერობით ძველებურადაა და ხელისუფლების უმაღლესი პირების კეთილ ნებაზე უფროა დამოკიდებული კორუფციულ სქემებზე უარის თქმა, ვიდრე საზოგადოების მოთხოვნასა და კონტროლზე.

პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისგან ამა თუ იმ პრობლემასთან მიმართებაში არაერთგზის გვსმენია, რომ პირადად იქნება გარანტი ქვეყანაში პროცესების სწორად წარმართვისა. უმნიშვნელოვანესია არსებობდეს იმის პოლიტიკური ნება, რომ არ დაიწყოს ბიზნესწილების ხელახალი გადანაწილება და უკვე ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებზე მორგება. ამას მხოლოდ ერთი ადამიანის მიერ მოცემული გარანტია რომ არ ეყოფა, იმ მაგალითებიდანაც ჩანს, რაც ბოლო ხანს ვიხილეთ. ვინაიდან ჯერ სასამართლო არ გამართულა და დაკავებულთა ბრალეულობა არ დამტკიცებულა, ვერაფერს დავასკვნით, თუმცა მომხდარში ალბათ გარკვეული ტენდენცია მაინც ჩანს. ის, რომ ქვეყანაში სოფლის მეურნეობა პრიორიტეტად გამოცხადდა და სერიოზული ფული იდება ამ სფეროს გასავითარებლად, პირდაპირ აისახა კორუფციულ გარიგებებში. სოფლის მეურნეობის არაერთი მაღალჩინოსანი დაკავებულია, გადადგა სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე, დაკავებულთა ადვოკატი სოსო ბარათაშვილი აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული ექსმინისტრიც დაკითხონ. უკვე ნელ-ნელა ცნობილი ხდება, რომ სერიოზული პრობლემებია სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგებისას და არსებობს ეჭვები, რომ არაერთი ქვედა რგოლის ჩინოსანი შეიძლება დააკავონ ამ ბარათების არამიზნობრივად გამოყენებისთვის. ასევე დააკავეს გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები სტიქიით მიყენებული ზარალის კომპენსაციების გაცემისას გამოჩენილი არაკეთილსინდისიერების გამო. ის, რომ სამართალდამცავებმა საკმაოდ სწრაფად მოახდინეს რეაგირება ამ ფაქტებზე, მისასალმებელია და იქნებ პრევენციადაც გამოდგეს. წლების განმავლობაში სახელმწიფო არ გვქონდა, იმ სახელმწიფოსთვის კი, რომელშიც ვცხოვრობდით, ხაზინის ქურდობა დამპყრობლისთვის რაიმეს მოპარვასთან უფრო ასოცირდებოდა, ვიდრე დანაშაულთან.

დამოუკიდებლობის მიღწევის შემდეგ, როგორც ჩანს, უკვე ჩვეულებად ქცეულ ქურდობას დაუსჯელობის სინდრომიც დაერთო და 90-იან წლებში ამან რა მასშტაბებს მიაღწია, ყველამ კარგად უწყის. ამიტომაც დღეს ალბათ განსაკუთრებული სიფრთხილე და ყველა იმ კულუარული ინფორმაციის ძირფესვიანად შესწავლაა საჭირო, რაც ბოლო ხანს ჩვენში ჭორ-მართლად ვრცელდება. ისე, სააკაშვილის მმართველობის პერიოდშიც კორუფციული გარიგებების შესახებ ძირითადად არაოფიციალური წყაროებიდან ვიცოდით და ამის დამტკიცება, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო, იმჟამინდელი ხელისუფლებაც ამგვარ ინფორმაციებს მუდამ ჭორსა და მოგონილს ეძახდა და ხშირ შემთხვევაში ამის სათქმელადაც არ იწუხებდა თავს. ის, რომ რიგი ბიზნესმენები და მათი საქმიანობა წინა ხელისუფლების მიერ იყო წახალისებული, საზოგადოებისთვის ცნობილია, მაგრამ უნდა იქცეს თუ არა ეს დღეს ამ ბიზნესმენებისა და მათი საქმიანობისთვის ხელშემშლელ მიზეზად? ქვეყანაში, სადაც ეროვნული წარმოება ისედაც მწირია, რაც გვაქვს, იმას ნამდვილად სჭირდება ხელის შეწყობა და შენარჩუნება. ის, რაც დღეს ე.წ. კვერცხის ბიზნესში ხდება, მავანთა აზრით, სწორედ ახალი ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ ძველზე შურისძიება და წილების ახლებური გადანაწილებაა. ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში თუ რამ განვითარდა, ერთ-ერთი მათ შორის მეფრინველეობაცაა. ამას ხელი შეუწყო იმანაც, რომ ქვეყანაში კვერცხის იმპორტი თითქმის აკრძალული იყო. რასაც იმით ხსნიდნენ, რომ ამ ბიზნესში თავისი ინტერესი ხელისუფლების რიგ მაღალჩინოსნებს ჰქონდათ. ამ ბიზნესს უკავშირებდნენ ვანო მერაბიშვილის სახელს, რაც, ვიმედოვნებთ, ახალი ხელისუფლების მიერ შესწავლილი იქნება. დღეს ივანიშვილის მთავრობის პირობებში იმპორტზე აკრძალვა მოისპო, შესაბამისად, ბაზარზე იმპორტირებული კვერცხი ისეთი რაოდენობით შემოვიდა, რომ ადგილობრივი მწარმოებლები უკვე საკუთარი წარმოების შემცირებასა და შესაძლო გაუქმებაზე ლაპარაკობენ. ისე, გამოდის, რომ აწყობილი ეროვნული წარმოება იმპორტირებული პრ­ოდუქციით შეიძლება ჩაიძიროს, ანუ ნაბან წყალს ბავშვიც გადავაყოლოთ. ზოგიერთები მომხდარს კონკრეტული ადამიანების ბიზნესინტერესებს უკავშირებენ. ითქვა ისიც, რომ ამას ლობირებს დღეს უკვე პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გია ხუხაშვილი. "როგორ წარმოგიდგენიათ, მე მოვედი საქართველოში პრემიერ-მინისტრად და სხვადასხვა ბიზნესის ლობირებას დავიწყებ?! ის და ჩემი გუნდის წევრები ამას გაბედავენ?! ეს წარმოუდგენელია. გია ხუხაშვილს დავავალე, რაც რამდენიმე კომპანიასთან იყო დასალაგებელი, ვინც სახელმწიფო ბიზნესით იყვნენ დაკავებული და ეს მოვაგვარეთ, დავარეგულირეთ. სამ-ოთხ ბიზნესმენთან იყო ყველაფერი და გადავეცით რკინიგზას, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაშია. ის, რომ ბიზნესს ეძახდნენ და ამ დროს სახელმწიფო საკუთრება იყო, ეს მოვაგვარეთ და ამაში გია ხუხაშვილი დამეხმარა. ამისთვის მისი ძალიან მადლობელი ვარ. უწესიერესი ადამიანია, გამორიცხულია, რაიმე იკადროს და, მეც არ გავაჩერებ ასეთს ჩემს გვერდით," - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ამ საკითხზე დასმული შეკითხვის პასუხად. თუმცა არ დაუკონკრეტებია მაინც რის დალაგებაში და როგორ დაეხმარა გია ხუხაშვილი, რომელიც ამავდროულად რკინიგზის დირექტორის მრჩეველიცაა. სავარაუდოდ, ლაპარაკია რკინიგზისთვის სატრანზიტო გადაზიდვების უფლების დაბრუნებაზე.

მოკლედ, ამ წერილით შევეცადეთ საზოგადოების ყურადღება მიგვექცია იმ მოსალოდნელ საფრთხეებზე, რაც შესაძლოა ქვეყანაში გაჩნდეს ახალი ხელისუფლების პირობებშიც. მიუხედავად იმ ლეგენდებისა, რაც პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის პატიოსნებასა და სამართლიანობაზე დადის. ვფიქრობთ, მაინცდამაინც არც ივანიშვილმა უნდა წარმოადგინოს თავი ყველაფრის გარანტად. დროა, ქვეყანაში ჩამოყალიბდეს მძლავრი საზოგადოებრივი ინსტიტუტები, რომლებიც მკაცრ მონიტორინგს გაუწევენ როგორც საბიუჯეტო თანხების ხარჯვას, ასევე სახელმწიფო შესყიდვებისა და გარიგებების პროცესს, ხელისუფლებამ კი სწორედ აქ უნდა გამოიჩინოს პოლიტიკური ნება და ბარიერების შექმნის გარეშე ითანამშრომლოს ამ ინსტიტუტებთან.

ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა