"ჩვენი ქვეყნის მომავალს იმედით ვუყურებ და საერთოდ, იმედიანად ვარ განწყობილი" - ამბობს ექსპრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე, რომელსაც არასოდეს დაუმალავს, რომ თავიდანვე ბიძინა ივანიშვილის მომხრე იყო - მაშინ, როდესაც ივანიშვილი პოლიტიკაში მოვიდა, როდესაც ის ოპოზიციაში იყო და ახლაც, როცა ის უკვე პრემიერ-მინისტრია. ბატონ ედუარდს კრწანისის რეზიდენციაში ვესტუმრეთ და საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ვესაუბრეთ:
- ბიძინა ივანიშვილი იმდენად წინ წავიდა, რომ სხვებს მასთან მეტოქეობა ძალიან გაუჭირდებათ. სხვათა შორის, გული მწყდება, ბიძინა რომ ამბობს, დროებით ვარ პოლიტიკაშიო. ეს დიდი შეცდომაა, რაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა მისმა ამასწინანდელმა გამოსვლამ ევროსაბჭოში. იმის მიუხედავად, რომ იქ საკმაოდ რთული სიტუაცია იყო, ივანიშვილს მაინც არაფერი შეშლია და იმდენად კარგად გამოვიდა, რომ გულგრილად განწყობილი ხალხიც კი კეთილად განეწყო მის მიმართ. ეს იყო ღირსეული პოლიტიკოსისა და ღირსეული პიროვნების გამოსვლა. ივანიშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საქართველოში მას კონკურენტი არა ჰყავს, რომ ის უნდა დარჩეს ქართულ პოლიტიკაშიც და ქვეყნის სათავეშიც. მართალია, ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლებაში მოსვლისას უამრავი პრობლემა დახვდა, ხალხი ამ პრობლემების სწრაფად გადაჭრას ითხოვს, მაგრამ მოსახლეობის დიდი ნაწილი მაინც მის მხარესაა. მართალია, მისი ოპონენტები ამტკიცებენ, ივანიშვილის რეიტინგი დაეცაო, მაგრამ აშკარაა, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება.
- დიდი რეზონანსი მოჰყვა მიხეილ სააკაშვილის სიტყვებს: ოქტომბრის შემდეგ "ნაციონალური მოძრაობა" ნოკდაუნში იყო, მაგრამ ეს არ ყოფილა ნოკაუტი და პარტია თანდათან ძალას იკრებსო. როგორ ფიქრობთ, შეძლებენ "ნაციონალები" დაკარგული რეიტინგის აღდგენას?
- "ნაციონალების" საქმე დამთავრებულია. ახლა მთავარია ბიძინამ რამე სერიოზული შეცდომა არ დაუშვას - ამას ხშირად ვამბობ და ახლაც მინდა გავიმეორო... რაც შეეხება სააკაშვილს, მისი პოლიტიკაში მოსვლა დიდი შეცდომა იყო, ხოლო ქვეყნის სათავეში მოსვლა - მთლად უარესი. ვწუხვარ, რომ მე შევუწყვე ხელი სააკაშვილის წინსვლას და ამის გამო ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ ვუხდი ბოდიშს.
- საზოგადოების დიდი ნაწილი ახალი ხელისუფლებისგან გახმაურებული საქმეების გამოძიებას და დამნაშავეების მკაცრად დასჯას ითხოვს, სხვათა შორის, უკვე საუბრობენ იმის შესახებ, რომ ივანიშვილის ხელისუფლება იმ ყოფილ მაღალჩინოსნებს, რომლებიც გახმაურებულ საქმეებში ფიგურირებენ, საკმაოდ ლმობიერად ექცევა.
- ლმობიერებით ივანიშვილს არაფერი წაუგია - ამას დრო გვაჩვენებს და დაამტკიცებს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ქართულ საზოგადოებას კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ჰუმანისტია და ეს თვისება პოლიტიკაშიც გამოვლინდა. მან პოლიტიკურ ასპარეზზეც დაამტკიცა, რომ ბუნებით ქველმოქმედი და ჰუმანისტი ადამიანია.
- ბატონო ედუარდ, დიდი კამათი მოჰყვა აგვისტოს ომის გამოძიების საკითხსაც - ერთნი ფიქრობენ, რომ სიმართლე აუცილებლად უნდა გაირკვეს. "ნაციონალების" აზრით კი, ამ თემის წინ წამოწევა რუსეთის წისქვილზე დაასხამს წყალს.
- აგვისტოს მოვლენები ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იყოს გამოძიებული და შეფასებული. მნიშვნელობა არა აქვს, ვის წისქვილზე დაასხამს ეს წყალს. ფაქტია, რომ ეს იყო დიდი შეცდომა, რომელსაც უმძიმესი შედეგები მოჰყვა. სამაჩაბლოსა და აფხაზეთის დაბრუნების გასაღები რუსეთში დევს, ამიტომ ივანიშვილმა ნათლად უნდა გამოკვეთოს და ჩამოაყალიბოს თავისი პოზიცია რუსეთის მიმართ. ვფიქრობ, რომ კეკლუცობა ამ საკითხში დაუშვებელია. რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება ნამდვილად არ ნიშნავს ორიენტაციის შეცვლას და სულაც არ შეუშლის ხელს ევროსტრუქტურებთან ურთიერთობას. მით უმეტეს, თვითონ დასავლეთიც ამისკენ მოგვიწოდებს. როდესაც ქვეყნის პირველი პირი ვიყავი, ჩემგანაც ამას მოითხოვდნენ, გვავალებდნენ კიდეც, რომ რუსეთთან ურთიერთობა როგორმე მოგვეგვარებინა.
- კახა კალაძე, არმაზ ახვლედიანი, გიორგი მარგველაშვილი, ირაკლი ალასანია - ეს იმ პიროვნებების არასრული ნუსხაა, რომლებსაც "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატობას უწინასწარმეტყველებენ. როგორ ფიქრობთ, ვინ არის მათ შორის ყველაზე ღირსეული და ვინ შეძლებს ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევას?
- ვინც თქვენ ჩამოთვალეთ, ყველა ღირსეული და პატივსაცემი ადამიანია, მაგრამ ბიძინასთან ვერც ერთი მოვა. ივანიშვილი არის ერთადერთი პრეტენდენტი საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე. ის ნომერ პირველი პოლიტიკოსი უნდა იყოს ქვეყანაში! ეს საჭიროა რამდენიმე წლით მაინც, ვიდრე საქართველო წელში გაიმართება.
- ბატონო ედუარდ, ხშირად ვრცელდება ინფორმაცია, რომ იავადმყოფეთ, რომ სუსტად ხართ...
- შეიძლება ვიღაც გულწრფელად განიცდის ამ საკითხს, ვიღაც - არა, ეს ყველაფერი ნაკლებად მაღელვებს. ამას წინათაც ატეხეს აჟიოტაჟი, ექსპრეზიდენტი ცუდად არისო, მაშინ ერთ-ერთ ქართულ გაზეთთან ვთქვი - კი მაგრამ, არ შეიძლება შევარდნაძეს ვირუსი შეხვდეს-მეთქი? მე მგონი, შეიძლება.
ხათუნა ჩიგოგიძე
![]()
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)