”ქართული ჩვენი ენაა, ინგლისური - მსოფლიო, რუსული - რეგიონული, მეოთხეა ფრანგული, რომ "ენა გამოუყო" ინგლისელსა და ამერიკელს”

”ქართული ჩვენი ენაა, ინგლისური - მსოფლიო, რუსული - რეგიონული, მეოთხეა ფრანგული, რომ "ენა გამოუყო" ინგლისელსა და ამერიკელს”

გელა ჩარკვიანს კარგი მეხსიერება აქვს. საუბრის დასაწყისში იგონებს, როგორ გაუკვირდათ მის მშობლებს, როცა ბავშვობაში ერთი რუსული პოემა წაუკითხეს და მაშინვე ზეპირად წარმოთქვა. კარგად იმახსოვრებდა ლექსებსაც. "ლონდონიდან საქართველოში მარტო რომ მოვფრინავდი, ექვსი საათის განმავლობაში შემეძლო, ლექსები შეუჩერებლად მეკითხა..." - აქვე აღნიშნა მან.

- ჩემს ძიძას მარუსია ერქვა. მაშინ ძიძების უმეტესობა რუსები იყვნენ, ომს გამოქცეულები, მათ შორის არტისტული ელიტა საქართველოს აფარებდა თავს. მამა, "ცეკას" პირველი მდივანი, ძალიან განათლებული კაცი იყო და ლიტერატურა კარგად იცოდა. მშობლებს ყოველთვის სურთ, ის ლიტერატურა იკითხო, რაც მათ აქვთ წაკითხული, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ უნდათ მათზე მეტი იცოდე.

მეც ვკითხულობდი ყველაფერს, რაც იმ დროს ბავშვებისთვის იყო მიღებული. ჩვენს ოჯახში განსაკუთრებული აქცენტი კეთდებოდა ანდერსენისა და ძმები გრიმების ზღაპრებზე. ალბათ ეს ავტორები დღესაც რჩება მსოფლიო ბავშვებისთვის აქტუალურად. ვცდილობ, ჩემი პატარა შვილიშვილიც იცნობდეს ამ კლასიკას, თუმცა ავტორები დროთა განმავლობაში მაინც იცვლებიან. ჩვენთვის მთავარი და აუცილებელი იყო წაგვეკითხა ჟიულ ვერნი, მაინ რიდი, ფენიმორ კუპერი, ჯეკ ლონდონი.

- შვილიშვილს რა წიგნების, რომელი ავტორების წაკითხვას ურჩევთ?

- ნანა ლონდონში სწავლობდა, ახლა თბილისში ფრანგულ სკოლაში დადის. მან ერთნაირად იცის ქართული და ინგლისური. ნათქვამი მაქვს და გავიმეორებ, რომ ქართული ჩვენი ენაა და ყველაზე კარგად უნდა ვიცოდეთ, ინგლისური მსოფლიო ენაა და მისი ცოდნაც აუცილებელია, რუსული რეგიონული ენაა, მისი საშუალებით უნდა ელაპარაკო მეზობელს: სომეხს, აზერბაიჯანელს, ჩეჩენს, რუსს. მეოთხეა ფრანგული, რომ "ენა გამოუყო" ინგლისელსა და ამერიკელს (იღიმის). ეს რაც შეეხება ენების შესწავლას და მათ ცოდნას, შემდეგ უკვე მოდის საგნები. დღევანდელი ევროპული კულტურა, ფაქტობრივად, დაფუძნებულია ორ ძალიან მნიშვნელოვან წყაროზე, ერთი არის კლასიკური, ანტიკური, ძველი საბერძნეთისა და რომის კულტურა, ამიტომ ბავშვმა იცის ასი ბერძნული მითი და ნასწავლი აქვს ინგლისურ ენაზე, ხოლო მეორეა ქრისტიანობა. ეს არის ბიბლია, ძველი და ახალი აღთქმა, რომელსაც ის ასევე კარგად იცნობს.

- წიგნები, მხატვრული ლიტერატურა კომპიუტერში თუ წაგიკითხავთ?

- მე არა, მაგრამ ჩემი მეგობრები ხშირად კითხულობენ. ელექტრონული წიგნები თან დააქვთ. ესეც კითხვაა, ვერავითარ განსხვავებას ვერ ვხედავ, თუ არ ჩავთვლით ქაღალდთან შეხებას. ინგლისში რომ ვცხოვრობდი, უამრავს ვკითხულობდი. ელჩი რომ ხარ, არ შეიძლება არ იცოდე, რა ხდება მსოფლიოში. ყოველდღე შეხვედრაზე ხარ, გესაუბრებიან დიპლომატები და თუ შეგამჩნიეს, რომ რაღაც არ იცი, შენი რეპუტაცია დაეცემა. ბუნებრივია, ვკითხულობდი კომპიუტერში სხვადახვა საიტზე, მაგრამ მაინც მიჩნდებოდა სურვილი, რომ გაზეთი წამეკითხა. ინგლისში ყველაზე პოპულარული და ცნობილი გაზეთია "ზი თაიმსი". მას აუცილებლად ვიღებდი და ყავის დალევის დროს ვკითხულობდი. ძალიან მსიამოვნებდა, გაზეთი ხელში რომ მეჭირა. ალბათ ეს ჩვევაა. ვერ გეტყვით, მომავალში ადამიანს მსგავსი სურვილი გაუჩნდება თუ არა, მაგრამ დღევანდელ ადამიანს, ჩემნაირს, უნდა, რომ ხელში ქაღალდი შეიგრძნოს.

- ჩვენ ბავშვობიდან ვიცნობდით ჯეკ ლონდონს, ჰიუგოს და სხვა ავტორებს. ხშირად აღნიშნავენ, რომ საზღვარგარეთ ბევრს უკვირს, როცა ამ მწერლების შემოქმედებაზე ვიწყებთ ლაპარაკს. თქვენ თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა?

- ამ თემაზე ჩემი თეორია მაქვს. საბჭოთა სისტემა ისე იყო მოწყობილი, რომ არჩევანს თავად არ აკეთებდი. გაწვდიდნენ ძაბრში გატარებულ მსოფლიო ლიტერატურას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ცუდი ლიტერატურა იყო, მაგრამ მრავალი ავტორი იზღუდებოდა. გამოსცემდნენ ამა თუ იმ ავტორის ყველა ნაწარმოებს. 30 ტომი ბალზაკი, მრავალი ტომი მოპასანი და სხვა, აუცილებელი იყო პარტიული ელიტის წარმომადგენლებს ჰქონოდათ და ყველგან კარადებში ერთი და იმავე ტიპის წიგნები ეწყო. ხშირ შემთხვევაში მათ არავინ კითხულობდა. არა მგონია, ვინმეს ის სრული კრებულები წაეკითხა.

ჩვენ, გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან, საზღვარგარეთის ლიტერატურას გვაწვდიდა ჟურნალი "ინასტრანნაია ლიტერატურა", რომელიც რუსულ ენაზე გამოდიოდა. საბჭოთა ინტელიგენცია და სნობების ჯარი სწორედ ამ ჟურნალს კითხულობდნენ და ამით ზომავდნენ სხვის ჭკუასა და ინტელექტს. თუ ადამიანმა არ იცოდა, იქ რა დაიბეჭდა, ის მეორეხარისხოვნად ითვლებოდა. 50-იანი წლების ბოლოს ყველამ ვიცოდით რემარკი და ჰემინგუეი, რომლებიც მართლა საინტერესო მწერლები არიან. რომელიმე საბჭოთა ჟურნალისტი ამერიკაში რომ წავიდოდა, შეხვდებოდა, მაგალითად, ვინმე ფიზიკის მასწავლებელს, რომელმაც არ იცოდა, ვინ იყო ჰემინგუეი და შეაფასებდა როგორც დეგენერატს. ეს მართალი არ არის. დიდი ჭკუის ინდიკატორი ის არ არის, რომ, მაგალითად, რემარკი ან ჰემინგუეი იცი. სამაგიეროდ, მათ მეტი ცოდნა გააჩნდათ, რადგან დიდი ასპარეზი ჰქონდათ, გაცილებით მეტი შეეძლოთ ენახათ, ემოგზაურათ და არანაირი ინფორმაცია მათთვის დახურული არ იყო. თუ ვიღაცამ ჰემინგუეი არ იცის, მას არაფერი აკლდება. ეს შეიძლება ლიტერატორისთვის იყოს მნიშვნელოვანი, მაგრამ არა იმ ადამიანისთვის, რომელიც არ არის ლიტერატურით დაინტერესებული. ის შეიძლება სხვა საქმეში იყოს ბრწყინვალე პროფესიონალი. ამ თემაზე კამათი არაერთხელ მომსვლია.

- წიგნის კითხვის დროს რომელიმე პერსონაჟში თუ გიპოვიათ თქვენი ანალოგი, მსგავსება?

- პერსონაჟთან არა, უფრო მწერალთან, რაც მოხდა, მაგალითად, მწერალ ოლდოს ჰაქსლის შემთხვევაში. იგი ცოტა ცინიკოსია და მისი გმირები მრავალგანზომილებიანები არიან. წარსულში ხშირ შემთხვევაში გმირი ერთგანზომილებიანი იყო, დადებითი ან უარყოფითი. XX საუკუნის მწერლების გმირები ასეთები აღარ არიან, ისინი უფრო ნიუანსირებულები გახდნენ.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"