ალეკო მალხაზიშვილი - შემდეგ კორპორატიულზე თუ ბიძინა ივანიშვილიც მოვა და თავის პაროდისტს გაიცნობს, გამიხარდება

ალეკო მალხაზიშვილი - შემდეგ კორპორატიულზე თუ ბიძინა ივანიშვილიც მოვა და თავის პაროდისტს გაიცნობს, გამიხარდება

"რუსთავი 2"-ის იუმორისტთა ჯგუფისთვის წინა კვირა ხმაურიანი გამოდგა. აჟიოტაჟის მიზეზი მათი ყოფილი თანაგუნდელი გიორგი აფციაური გახდა.

"მინდოდა, პრეზიდენტის პაროდიას გავაკეთებდი და მინდოდა - დამლაგებლისას"

პრეზიდენტის პაროდისტმა პრესკონფერენცია მოიწვია და სწორედ ამ ჯგუფის ლიდერთა მხრიდან მისი შევიწროებისა და დაბლოკვის ფაქტებზე ისაუბრა. მსახიობი აცხადებდა, რომ მას პრეზიდენტის პაროდიის კეთება აუკრძალეს: "არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ვანო ჯავახიშვილმა პირად საუბარში მითხრა, რომ პრეზიდენტის პაროდია მოძველდა, ტაბუ დაედო და აღარ უნდა გამეკეთებინა. მეორე დღეს ალეკო მალხაზიშვილი მოვიდა ჩემს სახლთან და მითხრა, რომ თუ ამ თემაზე შეკითხვები გაჩნდებოდა საზოგადოების მხრიდან, უნდა მეთქვა, რომ ჯავახიშვილმა იხუმრა. ამის შემდეგ მივიღე სარედაქციო თავისუფლება, რომელიც შემდეგ გაქრა... ჩემი მიზანია ვანო ჯავახიშვილის მარტო დატოვება ჟურნალისტებთან, თუმცა ის მარტო არ მოქმედებს. მისი მეგობრები ამ საქმეში არიან ბატონი ალეკო ავლაბრელი, იგივე მალხაზიშვილი, ბატონი უხამსი ვართე და შედარებით სათუთი და ნაზი ოთო ლომთაძე", - განაცხადა პრესკონფერენციაზე გიორგი აფციაურმა. მსახიობმა იუმორისტთა გუნდის სხვა წევრების სამსახურიდან წასვლისა თუ დათხოვნის მიზეზებზეც ისაუბრა. თქვა, რომ ამიკო ჩოხარაძესა და ლევან გოგორელიანს ყველანაირი პირობა შეუქმნეს იმისთვის, რომ სამსახური დაეტოვებინათ და თუ სხვა მიზეზი ვიცოდით მათი წასვლის შესახებ, ყველაფერი სიცრუე იყო. "თემო მჟავიას ხელფასი 700 ლარამდე შეუმცირეს, რასაც 14-ჯერ აღემატებოდა ვანო ჯავახიშვილის გასამრჯელო".

პრეზიდენტის პაროდისტი ნიკა გრიგოლიას სამსახურიდან დათხოვნასაც შეეხო, თქვა, რომ ნიკას სამსახურიდან გაშვება არ აკმარეს და ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. ზემოთ აღნიშნულ ადამიანებს გიორგი "სექტას" უწოდებს, ამბობს, რომ ისინი სიცილითა და იუმორით შედიან ადამიანთა სულებში და იქაურობას ანაგვიანებენ. ამავე პრესკონფერენციაზე აფციაურმა გუნდში დარჩენილ მისთვის მისაღებ მსახიობებს მიმართა და მოუწოდა, გაემიჯნონ "სექტას". დასასრულ კი თავისი ახალი სამსახურის შესახებ გაგვიმხილა. მსახიობი სათავეში ჩაუდგა "პროფესიული კავშირების" ახალგაზრდულ ფრთას.

-  გიორგი, რატომ დუმდი აქამდე?

-  მე რომ არჩევნებამდე ამ საკითხზე რამე მეთქვა, ხომ წარმოგიდგენიათ, რა კუდებს გამოაბამდნენ, რომ ფული გადამიხადეს, რომ მოღალატე ვარ. ამ ამბის პოლიტიზება არ მინდოდა.

-  მაგრამ არჩევნებიდან შვიდი თვე გავიდა, დღეს რატომ გახდა აქტუალური ეს საკითხი?

-  რა მნიშვნელობა აქვს, რამდენი თვე გავიდა. ერთწლიანი უმუშევრობის პერიოდი მქონდა, მეტი ფიქრის საშუალება, და გადაწყვეტილება მივიღე.

-  ეს უთანხმოება ხომ ბევრად ადრე დაიწყო, შენ ჯერ კიდევ 2011 წლის დეკემბერში გამოეყავი გუნდს და მარტომ დაიწყე "თქვენი შოუს" კეთება. რა იყო განხეთქილების მიზეზი?

-  ვერ დაგეთანხმები, 2012-ში იყო ეგ ამბავი. რაც შეეხება განხეთქილებას, სწორედ სარედაქციო თავისუფლებას ვითხოვდი. ეს რომ მქონოდა, მინდოდა, პრეზიდენტის პაროდიას გავაკეთებდი და მინდოდა - დამლაგებლისას.

-  თუ პრეზიდენტის პაროდიის კეთება აღარ სურდათ, რატომ აიყვანეს ქართლოს ნატროშვილი?

-  ვერ გეტყვით. ალბათ იმიტომ, რომ არგუმენტი ჰქონოდათ დღევანდელი დღისთვის.

-  რისი თქმა გინდა, თავის მართლებისთვის აიყვანეს ახალი პაროდისტი?

-  არ ვიცი. ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, დღეს რატომ ჰყავთ პრეზიდენტის პაროდისტი. ქართლოსი ნიჭიერი კაცია, კარგი ადამიანი და წარმატებებს ვუსურვებ.

-  მართალია, რომ ქართლოსი შენთან სათანამშრომლოდ მოვიდა "თქვენს შოუში" და შენ ის არ მიიღე?

-  არა, ეს ტყუილია.

"დღეს ეს ადამიანები ბიძინა ივანიშვილის უკან სხედან"

იუმორისტთა გუნდის "სექტად" მონათლულ წევრებს "რუსთავი 2"-ში ვესტუმრეთ და გაჩენილ შეკითხვებზე პასუხი ვთხოვეთ.

-  ალეკო, საზოგადოების დიდ ნაწილს "კომედი ჯგუფის" ხელმძღვანელი ვანო ჯავახიშვილი ჰგონია, რატომ?

ალეკო მალხაზიშვილი:

-  ეს აფციაურის დამსახურებაა ალბათ. ზოგადად ჩვენ დემოკრატიული მმართველობა გვაქვს. ერთპიროვნულად არ ვწყვეტთ მნიშვნელოვან საკითხებს.

-  როგორც ვანო გადაწყვეტს, ისე იქნება ყველაფერიო, - ეს ფრაზა თქვა გიორგიმ პრესკონფერენციაზე.

-  მისი ფრაზების გარჩევას არ ვაპირებ. როცა ვუყურებდი პრესკონფერენციას, ისეთი იუმორისტული იყო მისი გამოსვლა, მეგონა, ბოლოს იტყოდა, "კომედი შოუ" იწყებაო. ტყუილი და ბოდვა იყო მისი პრესკონფერენცია. პოლიტიკური ელფერი მისცა ყველაფერს, თუმცა ამას რატომღაც შემდეგ უარყოფდა. ამბობდა, თითქოს არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე მოხდა განხეთქილება ჩვენ შორის. არადა, ზუსტად მახსოვს, 2011 წლის ნოემბრიდან აღარ არის ჩვენს გუნდში. ამის მიზეზები იყო და საშუალება უნდა მომცეთ, ცოტა ვრცლად მოვყვე. ზოგადად არ მიყვარს ჩვენს თანაგუნდელებზე აუგად საუბარი, მაგრამ რადგან სხვა გზა არ დაგვიტოვა და პრესკონფერენციაზე შეკითხვები თავად დასვა ჩვენი მისამართით, მოვყვები.

პირველ რიგში, როცა ის ამბობს, რომ "თქვენი შოუ" მისი საავტორო პროექტი იყო, ცრუობს. მან გააკეთა "სხვა კონცერტი", მოგვეწონა ამ კონცერტში მონაწილე ახალი თაობა და გადავწყვიტეთ, მოგვეფიქრებინა პროექტი, რომელშიც ამ ბიჭებს დავასაქმებდით. ამაში "რუსთავი 2"-ის მაშინდელი ხელმძღვანელობაც იღებდა მონაწილეობას. თუ შეადარებთ "თქვენს შოუს" და "სხვა კონცერტს", აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ ვინაიდან ბიჭები გიორგი აფციაურის მოყვანილი იყვნენ არხზე, წასახალისებლად გადაცემის ტიტრებში ავტორის გასწვრივ გიორგი აფციაური მივუთითეთ. სხვათა შორის, იყვნენ ადამიანები, რომლებიც მეუბნებოდნენ, არ გააკეთო ეს, თავში აუვარდებაო, მაგრამ არ დავუჯერე. გადავახალისეთ, გადავარჩიეთ ეს გუნდი, დავუმატეთ წამყვანები - ამიკო და ფაქო. ამაშიც გვეწინააღმდეგებოდა გიორგი, უნდოდა, კაკი და პარუნა ყოფილიყვნენ გადაცემის წამყვანები. ჩვენ ავუხსენით, რომ ამიკო და ფაქო უკვე სახეები იყვნენ და გადაცემის რეიტინგს წაადგებოდა, მაგრამ მაინც ნაწყენი დარჩა. ყველაფერზე "ჭედავდა". დავახმარეთ ჩვენი სცენარისტებიც და კვირაში ერთი დღე მთელი "კომედი ჯგუფი" ამ გადაცემაზე ვმუშაობდით.

ოთხ თვეში გიორგის ამბიციები გაუჩნდა, რომ ჩვენ ვბლოკავდით მას და შემოქმედებითი თავისუფლება უნდოდა. რას ნიშნავდა შემოქმედებითი თავისუფლება, ვერ ამიხსნა, მაგრამ მე მივხვდი, ეს იმას ნიშნავდა, როცა აფციაური სცენარს დაწერს, შენ არ უნდა ჩაერიო. ბევრი ცუდი ხუმრობა იყო, რედაქტირებას ითხოვდა, რასაც ვართე და ოთო აგვარებდნენ. ამას გამოცდილება სჭირდება, ეს კი გიორგისთვის გაუგებარი იყო.

რამდენჯერმე შენიშვნა მივეცი დაგვიანებაზე. დირექტორობა მოინდომა, ბიჭებს სცენარებს აწერინებდა, საღამოს მოვიდოდა, ხუმრობებს გადახედავდა და ეგ იყო მისი საქმე. დამოუკიდებლობისკენ მისი სწრაფვა გაცილებით ადრე დაიწყო, საახალწლო კონცერტებზე გამოგვიცხადა, მე ჩემი ნომრით გამოვალო. ჩაკეტა თავისი მოყვანილი ბიჭები, ატარებდა თათბირებს, რომ ჩვენ ცუდები ვიყავით, რომ ამ "სასტავის" დათრევას ვცდილობდით. საქმე იქამდე მივიდა, სტილისტი და ვიზაჟისტი მეკითხებოდნენ, ალეკო, აფციაურის ბავშვები რატომ მეკითხებიან, ხელფასი რამდენი გვაქვსო. უკვე ამომასხა. ვუთხარი, ჩვენ ერთად ვერ ვიმუშავებთ, ავიდეთ არხის გენდირექტორთან და რამე გადავწყვიტოთ-მეთქი. მას უკვე ამბავი ჰქონდა მიტანილი, რომ ჩვენ ვბლოკავდით, სააკაშვილის პაროდიას არ ვაკეთებინებდით. ერთი სიტყვით, მე და გენდირექტორმა მივიღეთ გადაწყვეტილება, გიორგი ცალკე გასულიყო, რადგან ბიჭს უნდოდა პროდიუსერობა და მხოლოდ მიშა სააკაშვილის პაროდიით არ კმაყოფილდებოდა. გადაცემის ბიუჯეტი და ცალკე ოთახი მივეცით და გავუშვით, გავატანეთ თავისი მოყვანილი ბიჭებიც. წავართვით მხოლოდ სცენარისტები და წამყვანები. ეს უნდოდა მას, შემოქმედებითი თავისუფლება.

-  არ მოგწონდა გიორგის გაკეთებული "თქვენი შოუ"?

-  რა თქმა უნდა, არ მომწონდა. მას მერე, რაც ჩვენგან წავიდა, მკვეთრად დაეცა გადაცემის რეიტინგი და ბოლოს დაიხურა კიდეც ამ მიზეზით. დაბალრეიტინგულებს შორის მოხვდა ასევე სერიალი "ალუბლების ქუჩა" და გადაცემა "ეთამაშე ვარსკვლავს".

-  ვანო ჯავახიშვილს რა თანამდებობა აქვს გუნდში?

-  იუმორისტული დეპარტამენტის ბორდის წევრია... დაბლოკვა და უსამართლოდ სამსახურიდან გაშვება გიორგის ოსტატობაა. როცა ცალკე გავუშვით, გუნდი და ბიუჯეტი ჩავაბარეთ, ორ კვირაში ორი თანამშრომელი, უახლოესი მეგობარი ლევან კვარაცხელია და დავით ფიფია გაუშვა. შეთქმულებას მიწყობდნენო, თქვა. კიდევ ერთი იუმორისტი, გიორგი მარშანია, ერთი თვის შემდეგ ჩვენთან დაბრუნებას ცდილობდა, რაზეც აფციაურმა არხის გენდირექტორთან უჩივლა, გიორგი მარშანია "რუსთავი 2"-დან გააგდე, მალხაზიშვილთან მიდისო, ეუბნებოდა. მტრებად მოგვიაზრებდა, მისი ქცევები შიზოფრენიული იყო.

-  მან არაერთი თქვენი ყოფილი თანაგუნდელის სამსახურიდან გაშვების მიზეზებზე ისაუბრა.

-  რაღაც არ მესმის, სხვის მაგივრად რატომ ლაპარაკობს. ყველა ჩვენს ყოფილ თანაგუნდელს იყენებს თავისი მიზნებისთვის. არადა, ყველა სხვადასხვა დროს სხვადასხვა მიზეზით წავიდა. ამიკო, ფაქო და თემო მჟავია თვითონ წავიდნენ. ნიკა გრიგოლია და სიკო ჭუმბურიძე ჩვენ გავუშვით.

-  გიორგიმ მჟავიასა და ვანოს ხელფასებიც შეადარა ერთმანეთს.

-  ეს სისულელეა. ჩვენ არ ვართ სახელმწიფო დაწესებულება, რომ თანამშრომლების ხელფასების ოდენობა კედელზე გამოვაკრათ. თითოეულ თანამშრომელს აქვს ისეთი ანაზღაურება, როგორსაც იმსახურებს.

-  ნიკა გრიგოლიას ფიზიკურად გაუსწორდნენო, გიორგიმ თქვა...

-  ნიკა გრიგოლია უდისციპლინობის გამო გავუშვით სამსახურიდან. ბევრს ეს რატომღაც ვერ წარმოედგინა. გუშინ ბატონ დავით აქუბარდიას ვუსმენდი "კავკასიაზე". დიდ პატივს ვცემ დავითს, მაგრამ გამიკვირდა, დისციპლინის გამო თანამშრომლის სამსახურიდან გაშვება რომ შეიცხადა. თუ მისი ოპერატორი არ მოვა ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, საინტერესოა, როგორ მოიქცევა თვითონ?! სწორედ ეს გააპროტესტა ნიკა გრიგოლიამაც, ყველასგან მაინტერესებს პასუხი, რატომ გამიშვით სამსახურიდანო, ყვიროდა. ამავე შეკითხვით თავის ყოფილ ქვისლთან, ანდღულაძესთანაც მივიდა, წაებლატავა. მიშამ ვერ მოითმინა, გაარტყა, ამანაც გაიწია, ჩვენ გავაშველეთ. სულ ეს იყო, მეორე დღესვე შერიგდნენ ქვისლები.

-  ალეკო, "რუსთავი 2"-ს ნაცმოძრაობასთან კეთილგანწყობაში ხშირად ამხელენ, ამბობენ, რომ ეს მოძრაობა მფარველობდა თქვენს გუნდსაც. "კომედი ჯგუფის" კორპორატიულ საღამოზე პრეზიდენტიც კი მოვიდა. ვინ მოიწვია ქვეყნის პირველი პირი იუმორისტების საღამოზე?

-  ყოველთვის ვეუბნები ჩემი გუნდის წევრებს, ნუ გაერევიან პოლიტიკაში, ნუ გახდებიან ვიღაცის სახე. იყო ასეთი ფაქტი, როცა გიგი უგულავა მერი გახდა, მის უკან კადრში ჩანდნენ ნიკა გრიგოლია, თემო მჟავია, ლევან გოგორელიანი, გიორგი აფციაური. როცა მათ ამაზე შენიშვნა მივეცი, აფციაურმა მითხრა, უკან არ დავჯექი, კადრში არ გამოვჩენილვარო. დანარჩენებმა განმიმარტეს, ეს ჩვენთვის კარგია, გამოგვადგებაო. მე უკეთ ვიცი, რა გამოგვადგება, პოლიტიკაში ნუ ერევით-მეთქი, ვუსაყვედურე. დღეს ეს ადამიანები ბიძინა ივანიშვილის უკან სხედან.

-  პრეზიდენტის სტუმრობაზე გეკითხებოდი...

-  ეს ჩვენი გუნდის კორპორატიული საღამო იყო, მოვიწვიეთ ჩვენი არხის დირექტორი ნიკა გვარამიაც. ორი საათის შემდეგ მოულოდნელად შემოვიდა პრეზიდენტი, პაროდისტების გაცნობა სურდა. სხვათა შორის, პირველად ვნახე პრეზიდენტი "ლაივში".

-  როგორ გაიგო, რომ თქვენი საღამო იმართებოდა და ასე უცერემონიოდ, დაუპატიჟებლად მოვიდა?

-  შემდეგ კორპორატიულზე თუ ბიძინა ივანიშვილიც საკუთარი სურვილით მოვა და თავის პაროდისტს გაიცნობს, მხოლოდ გამიხარდება.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"