ფილოსოფიის გაკვეთილები ივანიშვილის შესრულებით...

ფილოსოფიის გაკვეთილები ივანიშვილის შესრულებით...

მხოლოდ ზღაპარში თუ ხდება ხოლმე ისე, როგორც გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკური კარიერა განვითარდა. სულ ორი წლის წინ საზოგადოების დიდი ნაწილი მას იცნობდა როგორც ჭკვიან ფილოსოფოსს, რომელიც შორს იდგა პოლიტიკისგან. თუმცა მარგველაშვილი ჟურნალისტების საყვარელი რესპონდენტი იყო - ყოველთვის საღად და ობიექტურად აფასებდა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. დღეს კი გიორგი მარგველაშვილზე შეგვიძლია ვისაუბროთ როგორც საქართველოს მომავალ პრეზიდენტზე. მოვლენებს წინ არ ვუსწრებთ, მაგრამ მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც აღიარებენ - ბიძინა ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატთან ჭიდილი (მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნებოდა), ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას გაუჭირდება. ამ მოსაზრებას ეთანხმება პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომელიც მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი და კოალიცია "ქართული ოცნება" არჩევანში არ შემცდარა.

- გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტობის შესანიშნავი კანდიდატია. უპირველესად კი ბრწყინვალე პიროვნებაა და ფილოსოფოსი. მარგველაშვილი არ არის ის ადამიანი, რომელიც ამა თუ იმ საკითხს პარტიული კუთვნილებით გადაწყვეტს. ის არ არის პოლიტიკოსი იმ გაგებით, რომ სკამისთვის ყველაფერი იკადროს. თუმცა, თავისი მტკიცე პოლიტიკური პოზიცია ყოველთვის ჰქონდა. გარდა ამისა, მარგველაშვილს აქვს მასშტაბური ხედვა ყველა იმ პრობლემისა, რომლებიც ქვეყანას აქვს. რაც მთავარია, მას არ უყვარს ძალაუფლება. ასე რომ, მარგველაშვილის პიროვნული და საქმიანი თვისებები მის კანდიდატურას შესანიშნავ ფონს უქმნის.

- თუმცა, პრეზიდენტს სხვა თვისებებიც უნდა ჰქონდეს. მიუხედავად საკონსტიტუციო ცვლილებებისა, ის არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობაში. თქვენი აზრით, დასავლეთი მარგველაშვილს რამდენად სერიოზულად აღიქვამს?

- ეს მზამზარეულად არ მოდის. თუ მარგველაშვილი არჩევნებში გაიმარჯვებს, რა თქმა უნდა, დასავლეთი ხალხის არჩევანს პატივს სცემს. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.

- სიმართლე გითხრათ, ამომრჩეველს მაინცდამაინც დიდი ინტერესი ვერ შევამჩნიე, "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი მარგველაშვილი იქნებოდა, პეტრე თუ პავლე. მათ სწორება ბიძინა ივანიშვილზე აქვთ. ისევე როგორც მაჟორიტარი არჩევნებისას, ამომრჩეველი ივანიშვილის კანდიდატს აძლევდა ხმას და ზოგადი წარმოდგენა ჰქონდა მათ ბიოგრაფიაზე ან პროგრამაზე.

- რა თქმა უნდა,ეს ბიძინა ივანიშვილის არჩევნებია და რეალურად, ხალხი ისევ მას ირჩევს. პრემიერი კვლავ ასრულებს პოლიტიკური ორთქლმავლის როლს, დანარჩენები ვაგონები არიან. შესაბამისად, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგის პროგნოზირება ძნელი არ არის.

საკითხავი ის არის, მოემატება თუ დააკლდება "ქართული ოცნების" კანდიდატს მხარდამჭერები. ჯერ კიდევ საკმარისი დროა ოქტომბრამდე და შესაძლოა, რაღაც-რაღაცები მოხდეს. მაგალითად, უკვე ხშირად ამბობენ, რომ სამართლიანობის აღდგენა იგვიანებს. თუ ასეთი ტენდენცია გაგრძელდა, შესაძლოა, არჩევნებამდე "ქართული ოცნების" კანდიდატს მხარდამჭერები შეუმცირდეს.

- ვის მისცემს ხმას ის ხალხი, რომელთა აზრითაც, სამართლიანობის აღდგენა იგვიანებს?

- "ნაციონალებს" ნამდვილად არ მისცემენ ხმას და, ალბათ, ეს ელექტორატი არასაპარლამენტო ოპოზიციის კანდიდატებზე გადანაწილდება.

- ალბათ, ჯერ ნაადრევია მსჯელობა იმაზე, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციის რომელიმე კანდიდატს წარმატების შანსი აქვს.

- რა თქმა უნდა, და სწორედ ამიტომაცაა ეს არჩევნები ყველაზე პროგნოზირებადი.

- პრეზიდენტი 2013 წლის ოქტომბრის შემდეგაც შეინარჩუნებს ბერკეტებს, რომელთა გამოყენებითაც შეუძლია პრობლემები შეუქმნას პრემიერსა და მთავრობას. თუ "ქართული ოცნების" კანდიდატმა გაიმარჯვა, შეიძლება ასეთი კონფლიქტის რისკის გამორიცხვა?

- არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. ისე კი, რომელიმე პირზე დამოკიდებული რომ არ ვიყოთ, ყველაფერს კონსტიტუცია უნდა არეგულირებდეს. ჩვენი ყველა კონსტიტუცია კი ერთმანეთზე უარესი იყო და დღესაც ასეთივეა. გასაგებია, რომ ჩვენთან ჯერ არ არის მაღალი პოლიტიკური კულტურა და არც კონსტიტუციის დაწერის გამოცდილება გვაქვს. სწორედ ამიტომაა ჩემთვის სამაგალითო აშშ - თავის დროზე, ფართო ფენებში არც იქ იყო მაღალი პოლიტიკური კულტურა და არც გამოცდილება ჰქონდათ, თუმცა შექმნეს ისეთი დოკუმენტი, რომელმაც ყველა ქარიშხალს გაუძლო.

- დღევანდელობას დავუბრუნდეთ. "ქართული ოცნების" თითქმის ყველა ფლანგს თავისი საპრეზიდენტო კანდიდატი ჰყავდა. ალბათ, ამ ფლანგების ლიდერებს წყენა ჩარჩებოდათ გულში, რომ ივანიშვილმა მათგან არ აარჩია ქვეყნის მომავალი პირველი პირი. ეს ხომ არ გახდება განხეთქილების ან დაპირისპირების წინა პირობა?

- მაგალითს ცხოვრებიდან მოვიყვან. მაგალითად, სანამ შვილი მშობლების კმაყოფაზეა, ის მათ ბევრ რამეს უთმენს, ხოლო როცა თავისი შემოსავალი გაუჩნდება, ეცდება, დამოუკიდებლად დაიჭიროს თავი. ქართულ პოლიტიკურ რეალობაში ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი ივანიშვილის რეიტინგზე იქნება დამოკიდებული. სანამ "ქართულ ოცნებაში" შემავალ პარტიებს დამოუკიდებელი რეიტინგი არ ექნებათ, ისინი პრემიერის რეიტინგზე იქნებიან მიბმული. მაგრამ მთავარი ის არის, რომ თუ ხელისუფლების რეიტინგმა დაიწია, რა თქმა უნდა, ეს კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალი პარტიების ხარჯზე მოხდება. ასე

რომ, უახლოეს მომავალში მოვლენების ზემოხსენებული სცენარით განვითარებას არ ვვარაუდობ, მცირე გაუგებრობებს თუ არ ჩავთვლით.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა