"ვითარების "აფეთქებამდე" ცოტაღა დარჩა"

"ვითარების "აფეთქებამდე" ცოტაღა დარჩა"

რა კომპრომატები გადასცა დათა ახალაიამ საქართველოს მთავრობას - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე, რაც გახმაურებულ მკვლელობებს უკავშირდება, "კვირის პალიტრას" აჭარის ტელევიზიის და საინფორმაციო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი, ყოფილი პატიმარი (სახელმწიფო ქონების დატაცების ბრალდებით დააკავეს) და ამჟამინდელი უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია "ჩვენი უფლებებისათვის" თავმჯდომარე თამაზ ბაკურიძე ესაუბრა.

- მე იმ პერიოდში ვიყავი პატიმარი, როცა ახალაიას სასჯელაღსრულების სისტემა ჩააბარეს. ბათუმის მესამე საპყრობილეში ვიჯექი, როცა ბაჩო ახალაიამ თავი შემოყო "კარმუშკაში" და მომესალმა. ცოტა ხანში ჯერ სპეცრაზმელთა ერთი ჯგუფი შემოცვივდა საკანში და გვცემეს, მერე სხვა სპეცრაზმელები გაგვისწორდნენ და ბოლოს მესამე მობილიზებულმა ჯგუფმა გადაგვიარა. ოთხწელიწად-ნახევარი გავატარე "ახალაიების ციხეში". მაშინ დავისახე მიზნად, რომ თუკი გავთავისუფლდებოდი, ყველაფერს საჯაროდ ვიტყოდი.

განსაკუთრებით ბევრი ინფორმაცია დამიგროვდა მაშინ, როცა თბილისის სასჯელაღსრულების N1 დაწესებულებაში სანდრო გირგვლიანის მკვლელების მეზობელ საკანში ჩამსვეს და მათი საუბრები ძალიან კარგად მესმოდა. ზოგჯერ ქალაქში გაჰყავდათ, შემდეგ კოლონიაში აბრუნებდნენ. ზოგჯერ მათთვის მეძავებიც მოჰყავდათ. ყველას იარაღი ჰქონდა, ხანდახან გარეთ გადიოდნენ და ისროდნენ, ხშირად გათენებამდე ღრეობდნენ. გირგვლიანის მკვლელებს ხშირად უამრავი მაღალი თანამდებობის პირი და მაღალჩინოსანი სტუმრობდა.

- ციხის ადმინისტრაციამ როგორ დაუშვა, რომ მათ გვერდით საკანში მოგათავსათ?

- თავიდან არ იცოდნენ, რომ მათ გვერდით საკანში ვიყავი. ნოემბრის მოვლენების შემდეგ საპარლამენტო ოპოზიციისგან შემდგარმა ანტიკორუფციულმა საბჭომ, თორთლაძისა და ცაგარეიშვილის ძალისხმევით, პოლიტპატიმართა სიაში შემიყვანა. იმჟამინდელმა ხელისუფლებამ გააპროტესტა, რა პოლიტპატიმარი ეგ არისო. სწორედ მაშინ გაიგეს გირგვლიანის მკვლელებმა, რომ მათ გვერდით საკანში ვიყავი. გამოიძახეს სასჯელაღსრულების პირველი დაწესებულების უფროსი თემურ ტაბაღუა და უსაყვედურეს, - არ იცი, რომ ჟურნალისტის გვერდით საკანში ყოფნა ჩვენთვის ბომბზე ჯდომას უდრის, ეს როგორ გამოგეპარა?! სასწრაფოდ მოაშორე ბაკურიძე აქაურობასო! მაგრამ ეს შეუძლებელი იყო. იმხანად "წითელი ჯვრისა" და ეუთოს წარმომადგენლები მაკითხავდნენ და ციხის ადმინისტრაციას ჩემთვის პირობების გამკაცრების შეეშინდა. იმ პერიოდში შევიტყვე, რომ ახალაიებსა და მერაბიშვილს შორის ფარული დაპირისპირება ყოფილა.

როდესაც გირგვლიანის მკვლელების გათავისუფლება დააპირეს, ისინი შესაწყალებელთა სიაშიც ჩასვეს, მაგრამ ზურაბ ადეიშვილს ამოუღია მათი გვარები. ეს გირგვლიანის მკვლელებმა მერაბიშვილს მიაწერეს, საკანში გაჰყვიროდნენ, მერაბიშვილმა ჯერ ხელი შეგვახოცა, შემდეგ კი გადაგვაგდოო!

დაიწყეს აქეთ-იქით რეკვა და დამუქრება, ხომ არ დაგავიწყდათ, რომ ბევრი რამე ვიცითო...

ისე გამწვავდა ვითარება, რომ მერაბიშვილმა თავისი წარმომადგენელი მოაგზავნა მათთან. ამ უკანასკნელმა გირგვლიანის მკვლელებს განუმარტა, შესაწყალებელთა სიიდან თქვენი ამოღება ვანომ კი არა, ადეიშვილმა გადაწყვიტაო. კი, მაგრამ როგორ ვერ გაგვათავისუფლეთ ამ ქვეყანაში, სადაც სააკაშვილი პრეზიდენტია, მერაბიშვილი - მინისტრი, ახალაია კი დეპარტამენტის თავმჯდომარეო, - ზურაბ ადეიშვილმა საზოგადოებრივ აზრს გაუწია ანგარიში და თქვენი გათავისუფლების საკითხი დროებით გადაიდოო, ბურტყუნებდა მერაბიშვილის კაცი.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა