ლაფანყური საშინელი სიმართლის მოლოდინშია

ლაფანყური საშინელი სიმართლის მოლოდინშია

"მინდა, რომ ჩვენმა ქისტმა თანამემამულეებმა და დაღუპულთა ახლობლებმა აუცილებლად იცოდნენ, რომ ამ უბედურებას ჩვენ გამოუძიებელს არ დავტოვებთ, ყველაფერს გავარკვევთ. გპირდებით ყველას, რომ დამნაშავე არ დარჩება დაუსჯელი".

ბიძინა ივანიშვილი, 9 სექტემბერი, 2012 წ.

"მე წავედი საკუთარი რელიგიის, მამაპაპური ადათ-წესების წინააღმდეგ და ჩემი შვილი საფლავიდან ამოვაღებინე იმ იმედით, რომ ექსპერტიზა სიმართლის დადგენაში დაგვეხმარება. შიში მიპყრობს: ო, ალაჰ, თავისიანების მოკლული არ აღმოჩნდეს. თუ არაფერი გაირკვა, ხეობის სასაცილონი გავხდებით".

რამზან ბაღაკაშვილი, ბაჰაუდინ ბაღაკაშვილის მამა

8 მაისს, დილით, მოსახლეობის სამდღიანი ლოდინის შემდეგ, დუისის სასაფლაოზე ლოპოტის ხეობაში დაღუპული ახალგაზრდების საფლავების გახსნა დაიწყო... პირველად სალამ ზაურბეკოვის საფლავი გაიხსნა. როდესაც სალამის ცხედარი ამოასვენეს, მისმა უბედურმა დედამ ჩაილაპარაკა, - უკვე მესამედ ამოთხარეს ჩემი 19 წლის ბიჭი საფლავიდანო და ჩაიკეცა... ზაურბეკოვთან ერთად ასლან მარგოშვილის და ბაჰაუდინ ბაღაკაშვილის ცხედრებიც ამოასვენეს. რამზან ბაღაკაშვილი (მისი ოჯახი საგანგებოდ ამ დღისთვის ჩამოვიდა ავსტრიიდან) საგამოძიებო ჯგუფთან მივიდა და სთხოვა, - ჩემს რძალს უკანასკნელად უნდა მეუღლის ნახვა და, თუ შეიძლება, ცელოფანი გახსენითო (გარდაცვლილები შავ ცელოფანში გახვეულნი იყვნენ დასაფლავებულნი). თქვენი შვილის ცხედარი ყველაზე ცუდ მდგომარეობაშია (საფლავიდან თითქმის ნაწილ-ნაწილ ამოიღეს), მძიმე სანახავი იქნება ჭირისუფლისთვისო.გახსენითო - მოითხოვა მამამ. როდესაც თხოვნა შეასრულეს, ბაღაკაშვილის ქვრივმა ცხედართან ჩაიმუხლა და ქმრის ნეშტის ნაწილებს მოეფერა. ამ სურათის მაყურებელი ქალების მოთქმამ ხეობა შეძრა...

ბაღაკაშვილის, მარგოშვილის და ზაურბეკოვის ცხედრები თბილისში წამოასვენეს ექსპერტიზის ჩასატარებლად. დუისის სასაფლაოზე სამი საფლავი ისევ ცარიელი დარჩა.

მუსლიმანური წესით, საფლავების გახსნა უმძიმეს ცოდვად ითვლება, ხოლო ცარიელი საფლავები - უბედურების მაუწყებელია, ამიტომ ხეობა ავის მოლოდინით ცხოვრობს.

ვფიქრობდით, ჩვენი ხალხის (ქისტების) ტრაგედია ლოპოტაში დამთავრდაო, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩვენი უბედურება ლოპოტაში დაიწყოო, - ამბობენ ხეობაში.”

...***1999 წლის ზამთარში, ჩეჩნეთში რუსეთის მიერ საომარი მოქმედებების განახლების შემდეგ იჩქერიის სამხედრო დაჯგუფებები ხშირად იყენებდნენ საქართველოს ტერიტორიას, კერძოდ, პანკისის ხეობას სულის მოსათქმელად და ძალების მოსაკრებად, რასაც რუსეთი რეაგირების გარეშე არ ტოვებდა. ბოლო დროს რუსეთი ხმამაღლა აცხადებდა, რომ მსოფლიოში აღიარებულ ტერორისტულ ორგანიზაციას, "კავკასიის ემირატს" და მის თავკაცს, დოკუ უმAAაროვს, ტერორისტულ საქმიანობაში ხელს სწორედ საქართველოს ხელისუფლება უწყობდა. საქართველოს ხელისუფლება რუსეთის განცხადებებს აბსურდულს უწოდებდა, თუმცა, სავარაუდოდ, მეორე მხრივ, ანტიტერორისტული ცენტრის მეშვეობით, თანამშრომლობდა ემირატთან. უმაროვის ინტერესებს ქართველებთან აჰმად ჩატაევი ("ცალხელა აჰმადი") წარმოადგენდა, რომელიც ვინმე "გუსლიკასთან" ერთად ევროპაში ემირატის სამხედრო რაზმებისთვის მოხალისეებს არჩევდა საქმეში ჩართული იყო რაულ პაპასკირიც, მეტსახელად "ზოონი". საქართველოს ხელისუფლება ამ თანამშრომლობით ორ კურდღელს იჭერდა - ძირს უთხრიდა რუსეთის რეჟიმს ჩრდილოეთ კავკასიაში და ფინანსურ სარგებელსაც ნახულობდა. "ქართული დერეფანი" ემირატის არაბ დამფინანსებლებს რამდენიმე მილიონი უჯდებოდათ. არავინ იცის, ჩეჩნურ-ქართული თანამშრომლობა რამდენ ხანს გასტანდა, რომ არა 2012 წლის 25 აგვისტოს ლაფანყურში განვითარებული მოვლენები.

ყველაფერი უფრო ადრე, აგვისტოს დამდეგს დაიწყო, როდესაც პანკისში ნათესავების მოსანახულებლად რამდენიმე ათეული ახალგაზრდა ჩამოვიდა ევროპიდან.

"ჩემი შვილები (ორი ბიჭი მყავს) აგვისტოს დასაწყისში ჩამოვიდნენ ავსტრიიდან, უფროსი ბიჭი რომ დავინახე, ძალიან გამიკვირდა - უკვე რამდენიმე წელია, საქართველოში შემოსვლას ვერ ახერხებს. შემეშინდა, პრობლემები არ შეექმნას-მეთქი. ნუ გეშინია, ზემოდან მომიგვარესო, - დამამშვიდა. მათთან ღამღამობით შავი ჯიპი მოდიოდა, სადღაც მიდიოდნენ და გამთენიისას მოდიოდნენ. ერთხელ, როდესაც ის ჯიპი ისევ გამოჩნდა, ჩემმა უმცროსმა შვილმა უფროსს გასძახა, - ცალხელა მოვიდაო. სოფელში ათი დღე იყვნენ. ერთ საღამოს გამომიცხადეს, - უკან მივდივართ, საქმე ჩაიშალაო. ჩავეძიე, - სადმე გადასვლას ხომ არ აპირებდით-მეთქი. ამ ეტაპზე ვერ შევთანხმდით, გარანტიებს არ გვაძლევენო. მეტი არაფერი უთქვამთ. წასვლის წინ ვეღარ მოვითმინე და მაინც ვკითხე, - ალაჰის გულისთვის მითხარი, ვინ შემოგიშვა საქართველოში-მეთქი. შს სამინისტროდან ვინმე ლორთქიფანიძემო (სავარაუდოდ, მინისტრის მოადგილე გია ლორთქიფანიძემ. - ავტ.). მომდევნო დღეებში გავიგე, რომ ჩემს ბიჭებთან ერთად ჩამოსულთა უმრავლესობა ევროპაში დაბრუნებულა".

ნათელა, სოფელი ჯოყოლო

2012 წლის 25 აგვისტოს ხუთი ლაფანყურელი ახალგაზრდა ლოპოტის ხეობაში გაუჩინარდა. საძებნელად წასულმა თანასოფლელებმა ტყეში დაახლოებით 20-კაციანი შეიარაღებული ჯგუფი შენიშნეს, რომელსაც ახალგაზრდები მძევლად აეყვანა. ჯგუფი რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთისკენ მიიწევდა. ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთმა იცოდა ჯგუფის გადაადგილების შესახებ და საზღვართან მათ ელოდებოდნენ კიდეც. საქართველოს ხელისუფლება შიშობდა, რომ დაღესტანში იმ დროს განვითარებული მოვლენების ფონზე შეიარაღებული ჯგუფის მიერ საზღვრის გადაკვეთის მცდელობას რუსეთი სათავისოდ გამოიყენებდა და რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ანტიტერორისტულ სამხედრო ოპერაციას დაიწყებდა, რაც, ფაქტობრივად, ომის გამოცხადებას ნიშნავდა. ალყაში მოქცეულ შეიარაღებულ ჯგუფთან მოლაპარაკებები დაიწყო.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ