თბილისის ზღვა სპეციალისტთა შეფასებით, ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ტერიტორიაა დედაქალაქში. აქ ზაფხულობით ხალხი მრავლად არის და, როგორც წესი, ბევრი დამსვენებელი ანტისანიტარიას უჩივის ხოლმე, თუმცა ეს უკვე ლამის ჩვეულებრივ ამბად იქცა.
თბილისის ზღვაზე სეზონი მალე დაიწყება. თუმცა მე პირადად, სანამ წყალში შევიდოდი, კარგად დავფიქრდებოდი. თქვენი მონა-მორჩილი რამდენიმე დღის წინ იყო თბილისის ზღვაზე და მართლაც მძიმე სურათი დახვდა, მის პლაჟზე სეირნობისას რას არ წააწყდებით: სამშენებლო მასალებს, ძველ საბურავებს, ცალ-ცალ "შლოპანცს", უთვალავ ბოთლს და ვინ მოთვლის, კიდევ რას. ჩამოთვლით თავს აღარ შეგაწყენთ, ფოტომასალა უფრო კარგად ასახავს იქ არსებულ რეალობას.
უბრალოდ, გეტყვით იმას, რომ დედაქალაქის რამდენიმე დიდი რაიონი სასმელ წყალს თბილისის წყალსაცავიდან იღებს. მიუხედავად ამისა, სპეციალისტების განცხადებით, არ არის შემოსაზღვრული სანიტარიული ზონები და არ ხორციელდება წყალსაცავის წყალდაცვით ზონებში გათვალისწინებული ღონისძიებები. წყალსაცავი ახლომდებარე სოფლებიდან ჩამორეკილი ნახირის დასარწყულებლად არის ქცეული - პირუტყვი წყალში ჩადის და აბინძურებს მას.
თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ნიკა დარბაისელი ამბობს, რომ გარდა პირუტყვისა, სანიტარიული ნორმების დარღვევას იწვევს ისიც, რომ პლაჟზე არ არის საპირფარეშოები: "ერთმა ჩვენმა მეზობელმა უჩივლა პირუტყვის პატრონს და ძროხები კი მოვიშორეთ, მაგრამ აქ ზაფხულში უამრავი ხალხი ამოდის, საპირფარეშოები კი არსადაა. ამას წინათ სამხრეთ კორეელი ტურისტები იყვნენ და რომ მკითხეს, საპირფარეშო სად არისო, შემრცხვა და სახლში წავიყვანე".
ბოლო წლებში მდგომარეობას ამძიმებდა თბილისის წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სასტუმროებისა და დასასვენებელი სახლების (ახლა იქ დევნილები ცხოვრობენ) დაზიანებული საკანალიზაციო სისტემიდან გამონადენი ფეკალური მასები, რომელიც ყოველგვარი გაწმენდის გარეშე ჩაედინებოდა წყალსაცავში.
"დაბინძურების შედეგად თბილისის წყალსაცავის აკვატორიაში, პლაჟის ზონაში 20-30 სმ სიღრმეზე ინტენსიურად ვითარდება წყალმცენარეები, რომლებიც შთანთქავენ წყალში არსებული ჟანგბადის დიდ ნაწილს და იქტიოფაინა და წყლის სხვა ბინადარნი საჭირო რაოდენობის ჟანგბადს ვეღარ იღებენ, იღუპებიან, რაც იწვევს წყალსატევში ტოქსიკური ნივთიერებების შემცველობის ზრდას. წყალმცენარეებით მდიდარი წყლის ადამიანის ორგანიზმში მოხვედრა ჯანმრთელობისათვის მეტისმეტად საშიშია - იწვევს კუჭ-ნაწლავის, სასუნთქი ორგანოებისა და თვალების სერიოზულ დაავადებას მეტად არასასურველი შედეგებით", - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია "უსაფრთხო სივრცის" ხელმძღვანელი ანა გაბრიაძე.
არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, წყალსაცავის ხარისხის დასადგენად წყლის ნიმუშების ქიმიური და მიკრობიოლოგიური ანალიზი ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენისა და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტს დაუკვეთეს. ბოლო მონაცემებით, თბილისის ზღვა დასაშვები დაბინძურების ობიექტს მიეკუთვნება. წყალსაცავში ფეკალიების ჩადინება უკვე შეჩერებულია, თუმცა წყალმცენარეების გაჩენა დიდ პრობლემას ქმნის.
ჰიდროლოგი ბაკურ უკლება იმ შედეგებზე საუბრობს, რაც ამგვარ დაბინძურებას შეიძლება მოჰყვეს: როცა ფეკალური მასები წყალში ჩადის, ის წყალს ამდიდრებს ფოსფორითა და აზოტით, რაც ხელს უწყობს წყალმცენარეების ზრდას. ისეთ წყალსაცავში, სადაც წყალმცენარეებია გავრცელებული, ბანაობა დაუშვებელია, რადგან ისინი გამოყოფენ ტოქსიკურ ნივთიერებებს და ადამიანმა საერთოდ რომ არ ჩაყვინთოს, ორასი-სამასი გრამი წყალი მაინც ხვდება ორგანიზმში. ეს კი საკმარისია იმისთვის, რომ გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ანთებითი პროცესები და სხვა დაავადებები. თუმცა, ეს აუცილებელია, რადგან თბილისის ზღვა ნელ-ნელა ემსგავსება სახიფათო ზონას.
სპეციალისტების განცხადებით, ასეთი ხარისხით დაბინძურებული წყლის დასუფთავება დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.
ვიმედოვნებთ, ვიდრე სახელმწიფო გაიღებს იმ თანხებს, რაც ამ ტერიტორიის დასუფთავებას სჭირდება, იქ მცხოვრები თუ გასართობად ასული საზოგადოება თავად დაიცავს გარემოს, რომელიც პირდაპირ კავშირშია თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობასთან.
მაკა ქობალია
![]()
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)