მოგზაურობის ხიბლი, შეჯიბრება გარუჯვაში და ქვეყანა, რომელიც "დედამიწურს" არ ჰგავს

მოგზაურობის ხიბლი, შეჯიბრება გარუჯვაში და ქვეყანა, რომელიც "დედამიწურს" არ ჰგავს

"სუხიშვილების" მოცეკვავე თეა დარჩია 27 წელია, დროის უმეტეს ნაწილს მოგზაურობას უთმობს. იმდენ ქვეყანაში ჰქონია კონცერტი, ამბობს, რომ დამეთვალა, გინესის რეკორდსმენი ვიქნებოდიო. პირველ მოგზაურობაზე, კურიოზებზე, სირთულეებსა და სასიამოვნო მოგონებებზე თავად გვიყვება.

- გიყვართ მოგზაურობა?

- კი, ძალიან. წლების განმავლობაში, "სუხიშვილების" ანსამბლთან ერთად მოგზაურობის გარდა, "ასა" პროექტში ვიყავი ჩართული, რომელიც ძალიან მოთხოვნადი იყო. ხშირად გვიწვევდნენ საზღვარგარეთ კერძო ღონისძიებებსა და დიდ დღესასწაულებზე. მოგზაურობა ყველაზე კარგი საშუალებაა საკუთარი თავის შემეცნებისთვის - ვინ ხარ, რას წარმოადგენ, რა შეგიძლია... შეიძლება მთელი ცხოვრება იმოგზაურო, მაგრამ ვერაფერმა მოახდინოს შთაბეჭდილება, ვერაფერი ისწავლო ან საერთოდ არ მოგზაურობდე და სულით იყო მოგზაური, ყველაფერი იცოდე და გესმოდეს.

- პირველი მოგზაურობა როგორ გახსენდებათ?

- ანსამბლში 15 წლისა მივედი. აუცილებელი იყო, ერთი წელი სტაჟიორი ყოფილიყავი და ამის შემდეგ გამხდარიყავი სრულფასოვანი წევრი, თუ ამას ინებებდნენ ნინო რამიშვილი და თენგიზ სუხიშვილი. მანამ, სანამ სტაჟიორი ვიყავი, თვე-ნახევრის მანძილზე ვიმოგზაურეთ შუა აზიაში. ეს ძალიან კარგი საშუალება იყო იმისთვის, რომ შევრწყმოდი დიდი ტრადიციების მქონე ანსამბლს. დიდი გამოცდილება შევიძინე. მაშინ, როცა სუხიშვილების სრულფასოვანი წევრი გავხდი, ერთი თვით საფრანგეთში წავედი. არასდროს დამავიწყდება კონგრესების სასახლეში გამართული კონცერტი. ვიმოგზაურეთ ნიცაში, მონტე-კარლოში, მარსელში, მონაკოსა და კანში. იქიდან ისეთი ემოციებითა და შთაბეჭდილებებით დავბრუნდი, ერთი კვირა ხმას ვერ ვიღებდი. დიდი კონტრასტი იყო საბჭოთა საქართველოს ყოფასა და საფრანგეთს შორის. თუ ელემენტარული სილამაზის აღქმის უნარი მქონდა, ეს სერიოზულ დეპრესიას გამოიწვევდა. იქ ვნახე, რას ნიშნავს ცხოვრება, რას ნიშნავს სილამაზე, რა არის თავისუფლება. ენით აღუწერელი სითბო და სიყვარული მოდიოდა ანსამბლის წევრების მიმართ იქაური ემიგრანტებისგან. ხშირად ელჩებს უთქვამთ, - ჩამოდიხართ და 2 საათში აკეთებთ ისეთ საქმეს, რასაც ჩვენ წლობით ვაკეთებთ და მაინც ბოლომდე არ გამოგვდისო. იქ, სადაც სიტყვების ნაცვლად მხოლოდ ცეკვა, პლასტიკა, მუსიკა, ფერები, ემოციაა ჩადებული, - დიპლომატია, თარჯიმანი და ა.შ. აღარ არის საჭირო. საკუთარი მხრებით ატარებ საქართველოს სახელს. ადამიანი ხარ და შეიძლება ცეკვის ხასიათზე არ იყო ან ავად გახდე. ჩვენთვის ადამიანური სნეულებები მიუღებელი იყო. თამრიკო ელიოზიშვილი, "ქართულის" ფანტასტიკური მოცეკვავე, კუნთგახლეჩილი ცეკვავდა. სამი თვე ისე იცეკვა, ეს ამბავი არავის გაუგია.

- დაგითვლიათ, რამდენ ქვეყანაში ხართ ნამყოფი?

- რომ დამეთვალა, რამდენ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და რამდენ ადგილას მაქვს ნაცეკვი, ალბათ გინესის რეკორდების წიგნში მოვხვდებოდი. 27 წლის განმავლობაში, მხოლოდ ოთხჯერ, ოთხ-ოთხი თვით ვიყავი დეკრეტში. დანარჩენი დრო თითქმის სულ მოგზაურობას ეთმობოდა. ჩხოროწყუში ვიცეკვებდით თუ "ლა სკალაში", ზუსტად ერთნაირი თავგანწირვით ვმუშაობდით ყველგან.

- რომელმა ქვეყანამ მოგხიბლათ ყველაზე მეტად?

- იაპონია საერთოდ სხვა სამყაროა. ავსტრალია კი სასუფეველია დედამიწაზე. უამრავი ოქროსფერი პლაჟია, ულამაზესი ბუნება - ცხოველებით. ძალიან მიყვარს ინგლისი ორსართულიანი ავტობუსებით, წითელი ტელეფონის ჯიხურებით. თავისი ხიბლი აქვს იქაურ კლიმატს. სულ ცრის, უცებ მზე გამოანათებს და მთელი მოსახლეობა ბალახზე წევს და ირუჯება. შთამბეჭდავია ამერიკა თავისი მასშტაბებით, უკიდეგანო სივრცეებითა და კონტრასტული პეიზაჟებით. აზია ზღაპრული, იდუმალი და მრავალფეროვანია. ახალი ზელანდია სასწაულია, გეგონება, რომ დედამიწაზე არ ხარ.

- ძალიან ბევრი ოცნებობს იაპონიაში მოხვედრაზე. რით გამოარჩევთ ამ ქვეყანას?

- 17 წლის ვიყავი, საქართველოს კულტურის დღეებზე იაპონიასა და ფილიპინებზე რომ გავემგზავრეთ. "სუხიშვილებიდან" ერთი გოგო, ოც ბიჭთან ერთად ვიყავი. ჩვენთან ერთად იმყოფებოდნენ რეზო თაბუკაშვილი, მანანა თოდაძე, მაია თომაძე, გია ფარადაშვილი... რეზო თაბუკაშვილს უნდოდა ფილმის გადაღება, როგორ აკეთებდნენ ფილიპინებზე ხელით უსისხლო ოპერაციებს. სამწუხაროდ, ამ ფილმის დამონტაჟება არ დასცალდა. ვიცი, რომ მის შვილიშვილს იქ გადაღებული მასალა შენახული აქვს. ვინმემ ხელი რომ მოჰკიდოს და დაამუშაოს, ძალიან სერიოზულ ფილმს აჩუქებს ქართველ საზოგადოებას. პირველი სასწაული, რომელიც მე შევიგრძენი, იყო ის, რომ ტოკიოში დილით გავფრინდით და დილით ჩავფრინდით - მზეს დავეწიეთ. ფრენა ათ საათს გაგრძელდა და მთელი ამ დროის განმავლობაში რეზო თაბუკაშვილი თავის ამბებს მიყვებოდა. მეტსახელი შემარქვა - "ჭყინტის" მეძახდა. 10 საათი თვალი არ მოგვიხუჭავს, მიყვებოდა, როგორ უყვარდა მეუღლე, როგორ გაიცნო, როგორ ცხოვრობდნენ ტკბილად, როგორ იღებდა ფილმებს. დღემდე ვნანობ, ჩამწერი რომ არ მქონდა და ეს ყველაფერი არ ჩავიწერე. მიკვირს, როგორ არ დაეზარა ამხელა ადამიანს 17 წლის "ლაწირაკისთვის" მთელი თავისი ცხოვრების მოყოლა. ტოკიოში რომ ჩავფრინდით, ძალიან მკაცრად შეგვამოწმეს, ლამის სისხლის ანალიზებიც კი აგვიღეს. ვიკითხე, იაპონელებს რატომ არ ამოწმებთ-მეთქი? მითხრეს, - იაპონელები იაპონიაში დანაშაულს არ სჩადიანო. როგორი პატრიოტები არიან, როგორ უყვართ თავისი ქვეყანა, წარმოგიდგენიათ? შემშურდა მათი. ფილიპინებზე რეზო თაბუკაშვილმა გადაიღო, როგორ ამოაჭრეს თათუზა ყურაშვილს ხელიდან კვერცხისოდენა ცხიმგროვა. განცვიფრებული რეზო მიყვებოდა, რომ ახალგაზრდა ბიჭმა, ცხიმგროვის ადგილი თათუზას საჩვენებელი თითით გაუჭრა, ბატონ რეზოს კი იმ მომენტში შოკისგან კამერა გაუთიშია, თუმცა მისი ოპერატორი იღებდა. ექიმმა პარკში ჩაუდო ამოღებული ცხიმგროვა, ხელითვე შეუკრა ჭრილობა და პატარა რაღაც დააკრო. თათუზას უკითხავს: - ხვალ კონცერტი მაქვს და შევძლებ დაკვრასო? - თუ გინდა, ახლავე დაუკარიო. ბატონმა რეზომ მითხრა, ფილიპინებზე ასეთი სასწაულები რომ არსებობდა, ვიცოდი, მაგრამ ამ შემთხვევამდე ეჭვი მაინც მეპარებოდაო. მარჯნის ულამაზესი პლაჟები ვნახე. დილით წყალი თუ საცხოვრებელ სახლებთან იყო მოსული, შუადღეს მიქცევა ხდებოდა და პლაჟზე მარჯანი წითლად ანათებდა.

- ალბათ უამრავი კურიოზიც გადაგხდენიათ.

- ფილიპინებში, მე და მანანა თოდაძე, ერთ ნომერში ვცხოვრობდით. ერთმანეთს გარუჯვაში ვეჯიბრებოდით. ხორბლისფერი კანი მაქვს, მანანა კი თოვლივით თეთრია. ფილიპინები ეკვატორზე მდებარეობს, მზე პერპენდიკულარულად ეცემა და ადამიანი უცბად იწვება. ამას არ ვაკვირდებოდი, გადარეული ვიყავი მზესა და წყალზე. გარუჯვის დროს მანანამ მითხრა, ვერ ვარ კარგადო. ვთხოვე, ნომერში ასულიყო და შეჯიბრება შეეწყვიტა. არ დამიჯერა. ორი საათის მერე მითხრა, ნომერში დავისვენებო. ცოტა ხანში მეც ავყევი. ვხედავ, ლოგინში წევს, ბროწეულივით წითელი და კანკალებს. მესამე ხარისხის დამწვრობა მიიღო. კონცერტზე მაინც წამოვიდა, თუმცა სიმღერის დროს გული წაუვიდა. მაშინ ძალიან ვინერვიულე. ერთ კურიოზსაც მოგიყვებით: იცით ალბათ, ზოგიერთ აუზში არის მოწყობილობები, საიდანაც წყლის მეშვეობით პირდაპირ აუზში ვარდები. სად გვქონდა მაშინ საქართველოში ასეთი აუზები? ვუყურებდი, ბავშვები ზოგი თავით, ზოგიც - ტანით მოსრიალებდა. ვფიქრობდი, ამხელა გოგო სად ავიდე, ხალხი რომ წავა, მერე ჩამოვსრიალდები-მეთქი. "სასრიალოზე" პატარა ონკანი იყო, რომელიც უნდა მომეშვა, წყალი წამოვიდოდა და აუზში ჩამასრიალებდა. მე ეს არ ვიცოდი და ცხელ, გავარვარებულ პლასტმასზე ჭრიალ-ჭრიალით ჩამოვსრიალდი. წყლამდე სიმწრით ჩავაღწიე. მწარედ მახსენდება, 4 დღე ვეღარ ვჯდებოდი, ყველაფერი მტკიოდა. ამდენი მოგზაურობის შემდეგ მივხვდი, რომ საქართველოზე მაგარი ქვეყანა არ არსებობს. ქართველებზე კარგი ხალხი და ჩვენზე მადლიანი მიწა არ არსებობს. ის, რაც სხვაგან განგაცვიფრებს და აღგაფრთოვანებს, შეგიძლია აქაც შექმნა. უამრავი შანსი მქონდა, სხვა ქვეყანაში დავრჩენილიყავი და ძალიან კარგად მეცხოვრა. მადლობა ღმერთს, გონება გამინათდა და ასეთი არჩევანი არ გავაკეთე.

- საჩუქრები ჩამოგაქვთ ხოლმე?

- შოპინგსა და საჩუქრების ჩამოტანაზე ვგიჟდები. სია მიმაქვს ჩამოწერილი, საზღვარგარეთიდან ვის რა უნდა ჩამოვუტანო. ბევრი სიამოვნება მომიკლია იმისთვის, რომ საჩუქრები მეყიდა და გამეხარებინა ისინი, ვინც აქ მელოდნენ.

- მეუღლე როგორ ეგუებოდა თქვენს "ჩემოდნებზე ცხოვრებას"?

- ჩემი მეუღლე მოცეკვავეა. წლების განმავლობაში ერთად ვმოგზაურობდით. შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და ცეკვა ვეღარ გააგრძელა. სიყვარული იცით, რა არის? როცა შენს ხარჯზე აკეთებ იმას, რაც შენს საყვარელ ადამიანს ბედნიერებისთვის სჭირდება. ჩემმა მეუღლემ სწორედ ეს გააკეთა. ეს ადვილი არ ყოფილა ჩემთვის, ჩემი მეუღლისა და შვილებისთვის. უფროსი ქალიშვილი, მარიამი მეუბნებოდა, არასდროს ჩემს შვილებს იმ ტკივილს არ მივაყენებ, რაც შენ მომაყენე განუწყვეტელი მოგზაურობებით, მთელი ცხოვრება მენატრებოდიო. ხელოვნება მსხვერპლს მოითხოვს. სხვანაირად ვერ მოვიქცეოდი. ჩემი შვილი "სუხიშვილებში" ცეკვავს. ცოტა ხნის წინ მითხრა, - ადრე თუ შენი არ მესმოდა, ახლა ყველაფერს ვხვდებიო. მადლობა ღმერთს, რომ ჩემი ოჯახი შენარჩუნდა, გაიზარდა და გაძლიერდა.

ჟანა გოგინაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"დარწმუნებული ვარ, ბევრს არ მოგეწონებათ, თუმცა მე ძალიან მომწონს!" - მსახიობი ანი ბებია ულამაზეს ფოტოებს აქვეყნებს

“ბნელი 90-იანების დროს მე გავხდი ძალადობის მსხვერპლი" - ლელა წურწუმია

"პატიება უნდა ვიცოდეთ, ხალხო... მეგობრები არიან, უყვართ საქართველო და ქართველები" - რას ამბობს იმ ქალის დედა, რომელმაც პოზნერს საქართველოში უმასპინძლა