რატომ გაიტაცეს სააკაშვილის მეგობრის ვაჟი

რატომ გაიტაცეს სააკაშვილის მეგობრის ვაჟი

"ჩვენს ოჯახს, როგორც ჩანს, უფალმა არ აპატია, მამაჩემი, თორნიკე გასვიანი, მიხეილ სააკაშვილთან რომ მეგობრობდა" - ამბობს პრეზიდენტის ყოფილი მეგობრის ვაჟი თარხან გასვიანი, რომელიც თავისი პატიმრობის დროინდელ გაუხმაურებულ დეტალებზე გვესაუბრება და სურს ხმა მიაწვდინოს შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.

- მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებისა და ვანო მერაბიშვილის პოლიციური რეჟიმის პირობებში ჩემს ოჯახზე არაადამიანური ზემოქმედება განხორციელდა. პრეზიდენტის მეგობრობა მამაჩემს ჯანმრთელობის, თავისუფლების აღკვეთისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის ფასად დაუჯდა. მამაჩემი, თორნიკე გასვიანი, 2009 წელს დააკავეს შეთითხნილი ბრალდებებით - მაშინდელი სოდ-ის თანამშრომლებმა მამას სუბოტექსი და იარაღი ჩაუდეს. ამას წინ უძღოდა ის, რომ მამას დაუკავშირდა კუდ-ის მაშინდელი უფროსი დათა ახალაია და უთხრა, ჩვენს გუნდში დაბრუნდიო, რაზეც სასტიკი უარი მიიღო. სწორედ ამის გამო გაუსწორეს მას ანგარიში და დააკავეს. ვიდრე მიშა ხელისუფლებაში მოვიდოდა, მამა მისი უახლოესი მეგობარი იყო. სააკაშვილის იუსტიციის მინისტრობისას მამაჩემი მასთან მუშაობდა და ფინანსებს განაგებდა. მამაჩემი იხსენებს - ხშირად ყოფილა შემთხვევა, მიშას ჩემს მხარზე ჩამოუდევს თავი და უთქვამს, შენნაირი მეგობარი არ მყავსო. მიუხედავად ამის, რამდენჯერაც შესთავაზა თორნიკე გასვიანს სისულელეების გახმოვანება, ყოველთვის უარი მიიღო. ამის გამო მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა, რადგან მიშას არ უყვარს ისეთი მეგობრები, რომლებიც მონურად არ ემორჩილებიან და მამაჩემს და მას შორის ურთიერთობა დაიძაბა. სააკაშვილმა პირველი ნაბიჯი ჩვენი ოჯახის წინააღმდეგ მაშინ გადადგა, როცა თამარაშვილის ქუჩის N2-ში მდებარე კუთვნილი მიწა წაგვართვა და იქ არსებული შენობა-ნაგებობები დაანგრია საზოგადოებისთვის საჩვენებლად. ესეც არ იკმარა და ჩვენი ოჯახის განადგურება კვლავ განაგრძო. აი, ასეთი მეგობრობა იცის სააკაშვილმა. ამ პერიოდისთვის მე პატარა ვიყავი, მაგრამ კარგად მახსოვს ყველაფერი.

- აცხადებთ, რომ გსურთ შს მინისტრთან შეხვედრა, კონკრეტულად რა ინფორმაციის მიწოდება გინდათ ღარიბაშვილისთვის?

- ოქტომბრის არჩევნებიდან დაახლოებით თვე-ნახევარში, კერძოდ, 2012 წლის 21 დეკემბერს, შარდენის ქუჩიდან, სადაც მეგობართან ერთად ვიყავი, გამიტაცეს სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილმა პირებმა. ჩემი მეგობარი მანქანიდან გადააგდეს, შენ არ გვჭირდებიო, მე კი მამის სახელით "თორნიკევიჩით" მომმართეს, ცემით და გინებით მანქანაში ჩამტენეს და მიმიყვანეს გრიშაშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში. ერთ-ერთ ნაცნობ პოლიციელს, ბექა ჭანჭალაშვილს ვთხოვე, ტელეფონი მათხოვე, დედაჩემს ვეტყვი, რომ დღეს სახლში ვერ მივალ-მეთქი. პასუხად მივიღე, ახლავე აქ მოვიყვანთ დედაშენს, შენს თვალწინ გადავკუზავთ და გავაუპატიურებთო. პოლიციელები რამდენიმე საათის განმავლობაში 5 წუთის ინტერვალით მცემდნენ. ლამის ცემაში ამომხადეს სული. ბოლოს მითხრეს, უნდა გაგაუპატიუროთო. ძალა წართმეული მქონდა, მაგრამ ვიფიქრე, რკინის კარს თავს დავარტყამ და თავს მოვიკლავ-მეთქი. მადლობა ღმერთს, ეს აღარ დამჭირდა. გული რომ იჯერეს ჩემი ცემით, პოლიციელების შეურაცხყოფისთვის 500-ლარიანი ჯარიმა გამომიწერეს და გამათავისუფლეს. წავედი ექიმთან, ჩავიტარე სამედიცინო გამოკვლევა, სადაც წერია, რომ მქონდა ტვინის ძლიერი შერყევა, ჰემატომა თავზე და სხეულის მძიმე დაზიანებები. ყველა დოკუმენტი თან მაქვს. სამართალდამცავ ორგანოებში დღემდე არ შემიტანია საჩივარი, რადგან მიხეილ სააკაშვილის სასამართლოს პირობებში არანაირი იმედი არ მქონდა, რომ სასამართლო ჩემს სასარგებლოდ მიიღებდა გადაწყვეტილებას და დამნაშავეებს დასჯიდა. ახლა ამ მხრივ ბევრად უკეთესი მდგომარეობაა. პარლამენტმა უკვე მიიღო კანონი სასამართლოების შესახებ და ობიექტური გადაწყვეტილების იმედიც გამოჩნდა. თქვენი გაზეთის საშუალებით მივმართავ ირაკლი ღარიბაშვილს და უმორჩილესად ვთხოვ, დაითხოვოს და დასაჯოს ვანო მერაბიშვილის პოლიციური რეჟიმიდან შემორჩენილი კადრები, რომლებიც ახალი ხელისუფლების პირობებში კვლავაც აგრძელებენ ადამიანების ცემას და წამებას. ამის მოწმე პირადად მე ვარ. ხელთ მაქვს ყველა მტკიცებულება იმისა, რომ 2012 წლის 21 დეკემბერს ჩემს მიმართ განხორციელდა პოლიციური ტერორი. მოვითხოვ მინისტრთან შეხვედრას. ის უბედურება და ტრაგედია, რაც ჩვენმა ოჯახმა გადაიტანა, ნაწილობრივ შეგვიმსუბუქდება, თუკი ის პოლიციელები, ვინც მცემა, მაწამა, გაუპატიურებით დამემუქრა მეც და დედაჩემსაც, კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებიან.

- როგორც ვიცი, თქვენ პირველად 2012 წლის აგვისტოში დაგაკავეს...

- 2012 წლის 2 აგვისტოს მოსეშვილის ქუჩაზე ერთ-ერთ ბარში ვიმყოფებოდი მეგობრებთან ერთად. მათ შორის იყო ირაკლი ჯიბლაძე, ეკა ბერიძის ვაჟი. ბარიდან ფულის დასახურდავებლად გავედი და როცა დავბრუნდი, მითხრეს, ირაკლიმ ვიღაც დაჭრა და გაიქცაო. მე იქ დაჭრილი არავინ მინახავს, არადა, მიმტანიც და იქ მყოფი ადამიანებიც ამტკიცებდნენ, რომ ნამდვილად ასე მოხდა. ამ ბარში ხშირად დავდიოდი და ჩეჩენი მიმტანი იმ საღამოს იქ პირველად ვნახე. წამიყვანეს პოლიციაში, მაიძულებდნენ დამეწერა ეკა ბერიძის ვაჟის საწინააღმდეგო ჩვენება და მისთვის დამებრალებინა ის, რაც არ მომხდარა. ამაზე უარი რომ ვთქვი, სასტიკად გამისწორდნენ. გადამიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში, ერთი თვე ვიყავი ე.წ. ფუქსში, სადაც კბილის პასტის კოლოფზე მედო თავი და საერთოდ არ მიძინია. სასტიკად მცემდა პირადად ოლეგ ფაცაცია, ასევე ჩიჩუა და სხვები. ფაცაციას ვეხვეწებოდი, კარანტინში გადავეყვანე. იცით, ალბათ, კარანტინის დაშლის დროს, რომელსაც პატიმრები "ბაჩო ახალაიას წითელ პარასკევს" ეძახიან, იქ რა სისასტიკით ეპყრობიან პატიმრებს - განურჩევლად ასაკისა, დანაშაულისა, უმოწყალოდ სცემენ ყველას. მაგრამ "ფუქსში" ყოფნას "ბაჩო ახალაიას წითელი პარასკევი" მერჩივნა. 40 პატიმარს ჩემს თვალწინ სცემდნენ. სულ 3 "წითელი პარასკევი" მომიწყვეს და ამის შემდეგ გადამიყვანეს კამერაში, სადაც დაჯდომის უფლება არ მქონდა და სულ ფეხზე ვიდექი. სიკვდილამდე ურტყამდნენ ყველას, ვინც დაჯდომას გაბედავდა, მაგრამ კამერა ჩემთვის სამოთხე იყო. ფაცაცია რომ მცემდა, ბადრაგს გავყავდი და მეუბნებოდნენ, თუ სასამართლოს ირაკლი ჯიბლაძის წინააღმდეგ ჩვენებას არ მისცემ, ჩამოვათრევთ საქართველოში და შენს თვალწინ გავაუპატიურებთო. ისეთი ჯოჯოხეთი გამოვიარე, ყოველდღე სიკვდილს ვნატრობდი. ამიტომაც დაუშვებელად მიმაჩნია ციხის ადმინისტრაციის თანამშრომელთა დანდობა. სწორედ ბაჩო ახალაიას სადისტურმა ჯგუფმა შექმნა ციხის ადმინისტრაციაში პატიმართა წამების ჯოჯოხეთური პირობები. მამაჩემი, თორნიკე გასვიანი იყო ცნობილი ციხის კადრების ერთ-ერთი მსხვერპლი. მამაჩემია ის კაცი, რომელიც წვერს იპარსავს და დამამცირებლად ექცევიან. ის ამოცნობილი იქნა კადრებში. ჩვენი ოჯახი ერთ-ერთია იმ ათასობით ოჯახს შორის, რომელიც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა მიწასთან გაასწორა და ჯოჯოხეთი გამოატარა. მინდა ვთხოვო შს მინისტრს, გამოიძიონ ჩვენი ოჯახის მიმართ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების მიერ განხორციელებული ზემოქმედების ფაქტები და ყველა ის პირი, ვინც ჩვენზე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდა, კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯოს. მართალია, მეც და მამაც ახლა თავისუფალი ვართ, მაგრამ მანამდე ვერ ვპოვებთ სიმშვიდეს, ვიდრე ის ადამიანები არ აგებენ პასუხს კანონის წინაშე, ვინც ამდენი ტანჯვა-წამება მოგვაყენა.

დარეჯან ლიპარტელიანი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ