დღეს რაც ხდებოდა, ეს ერის დაკვეთაა, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ყოვლადწმინდა სამების ტაძარში გამართული პარაკლისის შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.
მეუფემ ტაძარში შეკრებილ მრევლს ქადაგებით მიმართა და დღევანდელი დღის შესახებ იქადაგა. მან მადლობა გადაუხადა უფალს ყველაფრისთვის, დღევანდელი დღისთვის და აღნიშნა, რომ ხშირად ადამიანები ფიქრობენ, თუ რისთვის მოავლინა უფალმა ამ ქვეყანაზე, ჭკვიანი და გონიერი ადამიანი ყოველთვის ემზადება ღმერთთან შესახვედრად.
"დღეს ჩვენ ვნახეთ ადამიანების ჯგუფი როგორ უპირისპირდებოდა ადამიანის ზნეობას და მორალს. თითოეული ადამიანი როგორ ცხოვრობს, ამაზე უფლის წინაშე აგებს პასუხს", - აღნიშნა მეუფემ.
მისივე თქმით, როგორც დაუშვებელია მართლმადიდებლობის ძალადობით გავრცელება, ასევე დაუშვებელია სხვა ადამიანების მიერ გარკვეული წესების სხვა ადამიანებისათვის თავზე მოხვევა. მეუფის განცხადებით, ყველა ერს თავისი ისტორია, წესი და კანონი გააჩნია, შეუძლებელია სხვადასხვა ქვეყანა თავისი ცხოვრების წესით ერთმანეთს ემსგავსებოდეს.
"ჩვენ ახლა ვიწყებთ დემოკრატიას. სად იყო დემოკრატია, 26 მაისი გავიხსენოთ, დღეს გამოდიან და ჩვენზე რაღაცებს ლაპარაკობენ, იმათში არ შევეშალოთ, ვინც არაფერს მოსთხოვს. პარპაშის დრო დასრულდა, ვერავითარი უცხოეთი ვერ გვაიძულებს მივიღოთ ის, რაც დაუშვებელია. რას უშვებოდნენ ერს, ციხეებში აუპატიურებდნენ, ბიზნესს ართმევდნენ, კანონს ყოველდღე ცვლიდნენ", - აღნიშნა მეუფე იაკობმა.
მისივე თქმით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" თვენახევრის განმავლობაში 5 000 ადამიანი ძლივს შეკრიბა აქციისთვის და აცხადებდა, რომ ეს ძალიან ბევრი იყო. "დღეს ადამიანები თავიანთი ნებით გამოვიდნენ ქუჩაში, აქციაში 100 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, ყოველგვარი მობილიზაციის გარეშე", - აღნიშნა მეუფემ.
მისივე განცხადებით, ერი "ნაციონალური მოძრაობისაგან" პატიების თხოვნის მოლოდინის რეჟიმშია, "ძალიან ძნელია პატიება, მაგრამ თუკი ამას გააკეთებენ, მათ ეპატიებათ".