საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გმობს ძალადობას და აცხადებს, რომ შეკრების თავისუფლება საქართველოს დემოკრატიისთვის ფუნდამენტურია. პრემიერის განცხადება მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინგლისურ ენაზე გამოქვეყნდა.
ბიძინა ივანიშვილი ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. პრემიერი მოუწოდებს საქართველოს ყველა მოქალაქეს, პატივი სცეს დემოკრატიას და სიტყვის თავისუფალებას.
"მშვიდობიანი შეკრების და აზრის თავისუფალი გამოხატვის უფლება არის ფუნდამენტალური ჩვენი დემოკრატიისთვის. საქართველოს თითოეული მოქალაქე თანასწორად და სრულად სარგებლობს ამ უფლებით. ძალადობის, დისკრიმინაციისა და სხვათა უფლებების შეზღუდვა არ იქნება დაშვებული და ნებისმიერი ასეთი ქმედების ჩამდენი კანონის მიხედვით დაისჯება", - აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.
ბიძინა ივანიშვილის მიმართვაში ასევე ნათქვამია, რომ ლგბტ დემონსტრანტების მცირე კონტინგენტსა და მოწინააღმდეგე დემონსტრანტებს შორის განხეთქილების თავიდან ასაცილებლად 2000-ზე მეტი პოლიციელი იყო გამოყვანილი, თუმცა, ისინი წალეკა რამდენიმე ათასმა მოწინააღმდეგე დემონსტრატმა.
"რამდენიმე მათგანმა ძალადობა განახორციელა, გაარღვია პოლიციის კორდონი და სცადა ფიზიკური შეურაცხყოფა მიეყენებინა ლგბტ წარმომადგენლებისთვის. აქციის მონაწილეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ისინი სპეცრაზმმა სხვა ადგილას გადაიყვანა", - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.