დედა სიდონია - "ეკლესია უნდა გაძლიერდეს სათნოებაში და არა აგრესიულობაში"

დედა სიდონია - "ეკლესია უნდა გაძლიერდეს სათნოებაში და არა აგრესიულობაში"

საბერძნეთში მოღვაწე დედა სიდონიამ "კვირის პალიტრასთან" 17 მაისის ჰომოფობიასთან ბრძოლის დღისადმი მიძღვნილი აქციაზე გამართული შეხლა-შემოხლის შესახებ ისაუბრა.

დედა სიდონია:

- სამწუხაროდ, განცხადება, რომელიც უკვე გავაკეთე, ზოგმა არასწორად აღიქვა, რადგან როცა ვთქვი, დარბევა არ უნდა მომხდარიყო მეთქი, ეგონათ, თითქოს ჰომოსექსუალების მხარეს ვიჭერ. მე ძალადობის წინააღმდეგ ვარ, რაც სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სექსუალურ უმცირესობას ვემხრობი. იოანე ოქროპირი წერდა, რომ სოდომია უფრო საშინელია, ვიდრე მრუშობა, რომელიც მართალია, უკანონოა, მაგრამ ბუნებრივი. მამათმავლობა უსჯულოებაცაა და ამავე დროს, ბუნების წინააღმდეგ წასვლაც. ერის და ეკლესიის სიწმინდეს ლახავს როგორც ერთი, ასევე მეორე მხარის არაკორექტულობა და არაქრისტიანული დამოკიდებულება ერთმანეთთან და საზოგადოებასთან მიმართებაში. ჩემი აზრით, ზოგადად, აქციაზე რაც მოხდა, ამის გამო მთელი პასუხისმგებლობა ორგანიზატორებს ეკისრებათ. მათ იცოდნენ საზოგადოების რეალური მდგომარეობა და ის, თუ როგორი რეაგირება ექნებოდა ხალხს ამაზე. ცივილურ სამყაროში, შეიძლება, ასეთი რამ ხდება, მაგრამ ჯერ ერთი, უწმინდესის თხოვნა იყო, ეს აქცია არ ჩატარებულიყო, რომელიც ყურად არავინ იღო. სექსუალური უმცირესობა შეიძლება, დაუცველია და უმრავლესობის მხრიდან აგრესიის მსხვერპლი ხდება, მაგრამ როდესაც ხდება ასეთი პროპაგანდა და აგიტაცია მათ მიერ, მეორე მხარეს კი აიძულებენ, რომ ეს მიიღონ, ამ შემთხვევაში, ჩემი აზრით, ეს უმრავლესობა უკვე უმცირესობა ხდება, იმიტომ, რომ თავს ახვევენ იმას, რაც მათთვის მიუღებელია. ჩემთვის ორივე მხარე რადიკალურია, რადგან საზოგადოებაში, ჯანმრთელ სახელმწიფოში ნებისმიერი მენტალობის, აზროვნების, ცხოვრების წესის ადამიანების უნდა შეეძლოთ ცხოვრება ისე, რომ ერთმანეთს არ შეეხონ, ერთმანეთი არ გააღიზიანონ და გამოიწვიონ. მაგრამ ჩვენ, ალბათ, აქამდე ძალიან ბევრი გვიკლია და ჯერ ამ გზას გავდივართ. ვინაიდან უწმინდესს ორგანიზატორები არ დაემორჩილნენ და ეს აქცია მაინც შედგა, საზოგადოების უმრავლესობას შეეძლო იმ აზრის დაფიქსირება, რომ ისინი წინააღმდეგნი არიან, მაგრამ ეს მშვიდობიანად უნდა მომხდარიყო და ყოვლად დაუშვებელი და გაუმართლებელია ის, რაც მოხდა, დარბევას, ცემა-ტყეპას ვგულისხმობ. ეს ძალიან ცუდი და არაქრისტიანულია, გინებით სიწმინდეს და უფალს ვერ დავიცავთ.

- თქვენ რით ხსნით აქტივისტების გამოსვლის სურვილს? როგორ მიგაჩნიათ, ისინი რეალურად იჩაგრებიან თუ აქციას, შეგვიძლია, მათი ცხოვრების წესის პროპაგანდა ვუწოდოთ?

- პირადად ჩემი აზრით, ეს პროპაგანდას უფრო ემსგავსება. თბილისში, მე რამდენადაც ვიცი, არატრადიციული ორიენტაციის ადამიანები დაჩაგრულად თავს ნამდვილად არ გრძნობენ. მე უფრო მგონია, რომ ეს აქცია უფრო დაკვეთით ხდებოდა, ეს პოლიტიკაა.

- ამასთანავე, ჩვენ ვიცით, რომ ამ ტიპის არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ასეთი ღონისძიებები მათი ვალდებულებაა, რადგან ისინი სპონსორი ორგანიზაციების მიერ ფინანსდებიან. თქვენი აზრით, აქციის გამართვა მხოლოდ ამ ვალდებულების შესრულება ხომ არ იყო?

- მე ნამდვილად არ ვიცი, იმდენად მცირე ინფორმაცია მაქვს აქციის შესახებ, რადგან ძალიან გვიან შევიტყე, რაც მოხდა. არ ვიცი, ეს უცხოეთია თუ საქართველოში ჰქონდათ რაიმე ძალებს დაინტერესება, რომ ეკლესიის დისკრიმინაცია მომხდარიყო. ინტუიციით უფრო ამ აზრისკენ ვიხრები - ეკლესია უნდა გამოეწვიათ. თუ ვინ აგულიანებს თავად ორგანიზატორებს და ვისთან აქვთ მოკავშირეობა, ნამდვილად ვერ ვივარაუდებ. ეს პრობლემა უფრო გლობალურია.

- რას იტყვით სასულიერო პირების ქცევაზე აქციის დროს?

- ამბობენ, რომ მაგალითად, ის ვიდეო, სადაც ჩანს მამაო, რომელიც "ტაბურეტით" მირბოდა, მონტაჟი იყო. მე პირადად, მამაო დავიცავი. ერთ-ერთმა სასულიერო პირმა მის შესახებ მითხრა, რომ თურმე, ძალიან სათნო მამაო ყოფილა. თუ შენი თვალით ასეთი შემთხვევა ნანახი არ გაქვს, ეკრანზე დანახულით მსჯელობა ძალიან რთულია. დავუშვათ, ვიღაცას გამოართვა "ტაბურეტი", სადღაც მირბოდა, რატომ და საით მიიწევდა, ეს ცოტა გაურკვეველია და ზუსტად ასეთი გაურკვეველი მომენტი აღიბეჭდა კადრზე. რთულია, ერთი შეხედვით დავასკვნათ, რომ მამაო ვიღაცისთვის ამ "ტაბურეტის" თავში ჩასარტყმელად მირბოდა. იქ იყო მეორე მამაოც, რომელიც გარბოდა და ვიდეოში უწმაწური სიტყვებით ილანძღებოდა. ამბობენ, რომ არ არის გამორიცხული, ამ ვიდეოსთვის ხმა დაედოთ. მე იმას ნამდვილად არ შთაგაგონებთ, თითქოს, მამაო არ იგინებოდა და სინამდვილეში, ხმა დაადეს. ამაზე იერარქებთან ვისაუბრე და მითხრეს, , რომ ქართულ მენტალობას აქვს ადგილი და იმ მამაოებსაც შეცდომა მოუვიდათ, მეტად გაღიზიანდნენ, როდესაც ეს აქტივისტი ყმაწვილები დაინახეს და მათთან მოუწიათ შეხება. მე უკვე 9 წელია, საბერძნეთში ვარ და იქ, როცა სასულიერო პირი საჭესთან ზის, ჩვეულებრივად ემორჩილება კანონს. კონსტიტუციის მიხედვით უნდა მოხდეს მოქმედება და არც სასულიერო პირს და არც სხვა სტატუსის მქონე ადამიანს არ უნდა გაეწიოს ანგარიში, ყველა კანონის დამრღვევი თანაბრად უნდა დაისაჯოს და მეც და სხვებმაც კანონის წინაშე ერთნაირად უნდა ვაგოთ პასუხი. არ უნდა იყოს ანგარიშის გაწევა იმის გამო, რომ ვიღაც დედაო ან მამაოა.

- ამგვარი აქციის დროს, სასულიერო პირმა რა როლი უნდა იკისროს?

- როგორც ვთქვი, შეიძლებოდა, მშვიდობიანი აქცია გამართულიყო, რომ სექსუალური უმცირესობის აქციის პარალელურად ამ სახელმწიფოში დაფიქსირებულიყო უმრავლესობის არსებობაც და ნება-სურვილი. ეკლესია უნდა გაძლიერდეს სათნოებაში და არა აგრესიულობაში, სათნოებითა და ლოცვით უნდა ვძლიოთ ყოველგვარ ბოროტისეულ ძალადობას და პროპაგანდას... ეკლესიის ავტორიტეტი სასულიერო პირების მორალით არ განისაზღვრება. მაგრამ ასევე ძალიან სახიფათოა მღვდელმსახურის განსჯა და განკითხვა.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"