ღიმილის კაცი - გივი ბერიკაშვილი 80 წლის გახდა

ღიმილის კაცი - გივი ბერიკაშვილი 80 წლის გახდა

ქართული კინოსა და თეატრის გამორჩეული და ყველასთვის საყვარელი მსახიობი გივი ბერიკაშვილი 80 წლის გახდა. ეკრანისა და სცენის ღიმილი - ასე შეიძლება დაახასიათო ორი სიტყვით... ის არის ადამიანი, რომელიც თანაბრად უყვართ სოფლებსა და ქალაქებში, მისი თანაბრად ესმით სწავლულებსა და გლეხებს...

მე და პრეზიდენტი ბუში ორი კაცი ვართ მსოფლიოში, ვისი სახელიც ქუჩებს სიცოცხლეშივე დაარქვეს. ორივე ქუჩა საქართველოშია, ერთი აეროპორტის გზაზე, მეორე კი სოფელ კოლაგში - გივი ბერიკაშვილის გამზირიო, - ხუმრობს გივი ბერიკაშვილი და მსმენელი გულიანად იცინის. შეუძლებელია, გულგრილი დარჩეს. ეს ხომ გივი ბერიკაშვილია, მსახიობი, რომელიც იმდენად უყვართ, რომ მარტო თვითონ კი არა, პაპამისი პანწკალაც ახლობლად მიაჩნიათ... ცნობილი არტისტი ხომ ყველგან სიამაყით აცხადებს - მამაჩემის მამამ, პანწკალა პაპამ აღმზარდაო...

ქართველი გლეხკაცის გამჭრიახი, ხალასი იუმორიც პანწკალა პაპისგან მოსდევს. ხალისით ჰყვება არაერთ ამბავს პაპაზე:

- მიყვარს სოფელი... იქაურებსაც ვუყვარვარ. ზურა ქაფიანიძემ ჩამოიტანა ჩვენი სოფლიდან აფიშა, რომელზეც დაუწერიათ: "კოლაგის კლუბში ნაჩვენები იქნება ქართული მხ. ფილმი "ლონდრე". მთავარ როლში ჩვენი სოფლის მკვიდრი - პანწკალას შვილიშვილი გივია ბერიკაშვილი".

ერთ ზაფხულს შინ მისულს პაპამ ვიღაცის სამხედრო ბილეთი მომცა.

ეს რა არის-მეთქი. ამან და მისმა ძმაკაცმა ჯიბიდან 80 მანეთი ამომაცალესო.

გავიკითხე და ვიპოვე, ვინც იყო ქურდი. ის 80 მანეთი გამოვართვი, მაგრამ მეუბნება: - იცი, რა მაინტერესებს, ჯიგარო? ეგ ფული რომ ამოვაცალეთ, გაქანებული მანქანიდან გადმოვხტით მე და ჩემი ძმაკაცი. ეგეც რომ გადმოხტაო!..

მანქანის "კუზაოდან" გადმომხტარა პაპაჩემი. ერთი დაუჭერია და საბუთი წაურთმევია, მეორე კი გაქცეულა. კაცო, ეს რა გიქნია-მეთქი, - მივვარდი პაპას. რა გითხრესო... გაქანებული მანქანიდან გადმომხტარხარ-მეთქი.

ეგენი სხვისი ფულის გულისთვის გადახტნენ და მე ჩემი ფულის გულისთვის აღარ გადავმხტარიყავიო?

პანწკალა პაპას ნათქვამი, "პალტოიანი მკვდარი გინახავსო", ხომ ფრთიან გამოთქმად დადის: - რამდენი პალტოც უნდა გქონდეს, რომ მოკვდები, არც ერთს არ ჩაგაცმევენო, - ასწავლიდა შვილიშვილს, - ამიტომ პალტოებსა და ქონებაზე თვალი არ უნდა დაგრჩესო... არც დარჩენია... გივი ბერიკაშვილს თავისი საქმე უყვარს და აკეთებს კიდეც ბრწყინვალედ...

- ფიანდაზებით მოფენილი გზა არ დამხვედრია, დიდი შრომა დამჭირდა, სანამ მაღიარებდნენ. ქუჩაში რომ ცნობა დამიწყეს, 40 წელს გადაცილებული ვიყავი.

ერთხანს გადაწყვეტილი მქონდა, მსახიობობისთვის თავი დამენებებინა. სამედიცინო სფეროში უფრო ბევრი ძმაკაცი მყავს, ვიდრე ჩემი პროფესიისა. სამეზობლო, სკოლის მეგობრები - სულ ექიმები გახდნენ. ერთ-ერთმა მითხრა, - წამოდი, საწყობში წაგიყვან, კარში დაჯექი და დაითვალე, რამდენ "მეშოკსაც" გაიტანენ, აღრიცხავ და სულ ეს იქნება შენი საქმე. ხელფასი 400-500 მანეთი გექნებაო. ჩავფიქრდი. თან ეს დიდი თანხა იყო. იმავდროულად, გიორგი შატბერაშვილის პიესაზე, "მკვდრის მზეზე" როლები განაწილდა. მე სოფლის გიჟის, ყაჭიას როლი მომცეს, რომელმაც შვიდზე მეტი თვლა არ იცოდა. მთავარ როლს ალე ომიაძე თამაშობდა. სპექტაკლი რომ დამთავრდა და "მაყურებელთან სამადლობელოდ გავედით, ალე მომიახლოვდა, ხელი მომკიდა, სცენაზე წინ დამაყენა და თავად უკან დაიხია. დარბაზი კინაღამ ტაშით ჩამოიქცა. მსახიობებმაც მომილოცეს. ეს იყო ჩემი პირველი სერიოზული როლი მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე...

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"