17 მაისის ინციდენტის გამო დაკავებულ ოთხ პირს ბრალი წარედგინა

17 მაისის ინციდენტის გამო დაკავებულ ოთხ პირს ბრალი წარედგინა

17 მაისის აქციაზე მომხდარი ინციდენტის გამო დაკავებულ ოთხ პირს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. ამ დროისთვის დაკავებული პირები თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან განთავსებული. ადგილზე შეკრებილები არიან მათი ახლობლები. მათი თქმით, დაკავებული პირების ადმინისტრაციულ საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს უნდა გაიმართოს. თუმცა, ახლობლებისთვის უცნობია, რომელ საათისთვის ჩაინიშნება საქალაქო სასამართლოში პროცესი.

როგორც ერთ-ერთი დაკავებულის, ამირან მანთაშაშვილის მამიდამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მისი ძმიშვილის დაკავება გუშინ, დაახლოებით 19.00 საათზე მოხდა.

როგორ დაკავებულის მამიდა აცხადებს, სამართალდამცველებმა ამირან მანთაშაშვილი სახლიდან წაიყვანეს და ოჯახის წევრებს უთხრეს, რომ იგი დაკითხვაზე მიჰყავდათ.

"რამდენიმე საათის შემდეგ ამირანი სახლში აღარ დაბრუნებულა. მოგვიანებით გავარკვიეთ, რომ იგი დაკავებული ჰყავდათ. ჩემი ძმიშვილი აქციაზე დაშავდა, მას სამარშრუტო ტაქსმა გადაურა და მისი დაკავება დაუშვებელია", - განაცხადა ამირან მანთაშაშვილის მამიდამ.

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების თანამშრომლებმა 17 მაისს, კოლმეურნეობის მოედანზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე ოთხი პირი დააკავა. შსს-ს ცნობით, გიგა კ, ზურაბ ჩ, ამირან მ. და ბექა ფ. პოლიციის დაუმორჩლებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებული.

აღნიშნული დანაშაულების ჩადენა ითვალისწინებს ჯარიმას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 90 დღემდე ვადით.

17 მაისის ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. აღძრულია რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ