ყველამ კარგად იცის, რომ პრეზიდენტი მკვლელია. აფრასიძეები დახოცეს, შარაძე დახვრიტეს, ასზე მეტი ახალგაზრდა და პრემიერ-მინისტრი ჟვანია მოკლეს. 26 მაისი და 7 ნოემბერი დაარბიეს... ლაჩარი და მსუბუქი ყოფაქცევის პრეზიდენტი გვყავს, რომელიც დაწანწალებს მსოფლიოში და ქვეყანას აბეზღებს", - აცხადებს დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი, რომლის თქმითაც, "ნაციონალურ მოძრაობას" პოლიტიკური საფლავი ელოდება...
- ბატონო სოსო, რატომ გადაწყვიტეთ უმცირესობისთვის ლექსის მიძღვნა?
- ეს მე კი არა, გენიოსმა ტერენტი გრანელმა გააკეთა. მან თავისი უძლიერესი ლექსებით უწინასწარმეტყველა "ნაციონალებს" დღევანდელი განაჩენი, რომელიც მათ ქართველმა ხალხმა გამოუტანა იმ არაადამიანური დამოკიდებულების გამო, რითაც თავი დაგვამახსოვრეს. ლექსი "მიცვალებულის დღიურიდან" პირდაპირ ეხმიანება დღეს "ნაციონალურ მოძრაობას", მათ პოლიტიკურ სამარე ელოდებათ და ეს გარდაუვალია... გენიოსი იმიტომ არის გენიოსი, რომ მისი ფიქრი და აზრი საუკუნეებს უძლებს.
- გახსოვთ ლექსი?
- რა თქმა უნდა, გრანელი ჩემი საყვარელი პოეტია. შემიძლია წაგიკითხოთ კიდეც რამდენიმე ფრაზა:
"შენ ვერ მიხილავ და ნურც დამეძებ,
სადღაც წამიღეს ბნელი მკლავებით.
მე წუხელ მოვკვდი, შუაღამეზე,
როდესაც კრთოდნენ ცის
ვარსკვლავები.
დაბნელდა სივრცე, დაბნელდა ბინა,
დამგლოვიარდნენ სახლის მინებიც.
მე თეთრ კუბოში ჩუმად მეძინა,
მოჰქონდათ ვარდი და
გვირგვინები..."
მინები, ვარდები და გვირგვინები კი ძალიან უყვართ ამათ, დემოკრატობას რომ იბრალებენ, სინამდვილეში კი, "ნაციონალების" ნებისმიერი ლიდერი ნამდვილი სიკვდილის ფორმულა იყო. ყველა მათგანს უამრავი ცოდვა აქვს ჩადენილი და თავი დემოკრატებად მოაქვთ.
- პარლამენტის თავმჯდომარისგან ბოდიშის მოხდას ითხოვდით...
- დიახ, მხოლოდ ჩემთვის კი არა, დანარჩენი მსახიობებისთვისაც უნდა მოეხადა ბოდიში. მისი სიტყვები გაახმოვანა პრემიერ-მინისტრმა, უსუფაშვილი მეუბნება, არ გავბედო არჩევნებში მსახიობებისა და რეჟისორების კანდიდატურების დაყენება, კანონპროექტების წერაში ერთი კაციც ვერ მეხმარებაო. ჩვენ არ ვართ დასაკარგი ქართველები. დავით უსუფაშვილმა არ უნდა თქვას, რომ მსახიობები არ სჭირდება. მე არ მივეკუთვნები იმ კატეგორიას, ვისაც სიმართლის თქმა უჭირს. მე სოსო ჯაჭვლიანი ვარ და ეს ვიქნები მთელი ცხოვრება.