ქართველი ოფიცრის ნაამბობი - "ავღანელებს თავისი სიმართლე აქვთ - ჩვენ მათთვის ოკუპანტები ვართ!"

ქართველი ოფიცრის ნაამბობი - "ავღანელებს თავისი სიმართლე აქვთ - ჩვენ მათთვის ოკუპანტები ვართ!"

"ჩვენს ქვეყანაში უცხოელები ფლობენ საათებს, მაგრამ დროს ვფლობთ ჩვენ."

ავღანური გამოთქმა

"რთული დავალებები სრულდება დაუყოვნებლივ, შეუძლებელი - ოდნავ მოგვიანებით".

აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალების დევიზი

2013 წლის 13 მაისს ავღანეთში, ქართულ სამხედრო ბაზაში ტერორისტთა იერიშს სამი ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა, დაიჭრა 27 სამხედრო მოსამსახურე. ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულებისას საქართველომ 25 ჯარისკაცი დაკარგა. საზოგადოებისათვის დღემდე უცნობია ქართველი სამხედროების ცხოვრების დეტალები ჰილმენდის პროვინციაში. მკითხველს ვთავაზობთ სამხედრო ოფიცრის ნაამბობს, რომელიც 2011 წლის შემოდგომიდან 2012 წლის ზაფხულამდე მსახურობდა ავღანეთში.

გიორგი: "2011 წლის ოქტომბერში ავღანეთში ჩავფრინდით, ჰილმენდის პროვინციაში. როდესაც ჩემ თვალწინ ლეზერნიკის ბაზა გადაიშალა, თავი ამერიკულ სამხედრო ბლოკბასტერში წარმოვიდგინე. ამერიკელი საზღვაო ქვეითები ორი კვირის განმავლობაში გვასწავლიდნენ თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების აღმოჩენა-გაუვნებლებას, საბრძოლო კონვეირებას, ხოლო ამერიკის ნარკოტიკებთან ბრძოლის სამსახურის (დეა. - ავტ.) წარმომადგენლები გვასწავლიდნენ, როგორ გვეპოვა ნარკოლაბორატორიები, ამოგვეცნო ნარკოტიკების დასამზადებელი ქიმიური ნივთიერებები და ა.შ. ლეზერნიკში დრო სწრაფად გადის, აქ საფრთხის შეგრძნება საერთოდ არ გაქვს, თავისუფალი დროც მეტია. ბაზა კომფორტულია, რაც მთავარია, უკაბელო ინტერნეტით არის აღჭურვილი, ნებისმიერი ჯარისკაცისთვის კი იქ ყველაზე მთავარი ოჯახთან კავშირია, ამიტომ წასვლის წინ ლეპტოპები ყველას ნაყიდი აქვს, 6-7 თვის სამყოფი ქართული სიმღერები და ფილმები - ჩაწერილი. ორი კვირის შემდეგ ქვედანაყოფი, რომელიც ჩვენ უნდა შევცვალოთ, ნელ-ნელა იწყებს ბაზაში შემოსვლას. როდესაც შენ ახალი, კრიალა ფორმა გაცვია, ხოლო ბაზაში დაბრუნებულ ჯარისკაცებს გახუნებული სამოსი აქა-იქ ამოგლეჯილი აქვთ, ხვდები, რომ ავღანური მტვრის გემო ჯერ კიდევ არ გაგისინჯავს. სულის მოთქმას არ ვაცლიდით ბიჭებს, ვეკითხებოდით, როგორ ცხოვრობდნენ, რას ჭამდნენ, როგორ ეძინათ. გვინდოდა, იქ გატარებულ ყოველ წუთზე მოეყოლათ, მათ კი მხოლოდ რამდენიმესაათიანი მშვიდი ძილი უნდოდათ...

ჩვენი დანაყოფი 100-კაციან ჯგუფებად შვეულმფრენებით გადაგვიყვანეს საბრძოლო ოპერაციების რაიონში. "შუკვანი" ასეულის ბაზაა. მის გარშემო, ყოველი 5-6 კილომეტრის რადიუსში, უდაბნოში განლაგებულია ფორტები - მუყაოსგან ნაშენები პატარა ბაზები, რომელთაც გარს ქვიშიანი ტომრების მაღალი კედელი არტყია (მუყაოსგან არის აშენებული თვითონ "შუკვანიც"). "ასეთ ფორტებში 20-25 ჯარისკაცი იმყოფება. მათი ფუნქცია გზების კონტროლირება და თალიბი დამნაღმველებისგან დაცვაა. ბაზებს რამდენიმე საგუშაგო იცავს. გარდა ამისა, კედლებთან სპეციალური ვიდეოკამერებია დაყენებული, რომლებიც რამდენიმე კილომეტრის რადიუსში 24 საათის განმავლობაში უმნიშვნელო მოძრაობასაც კი აფიქსირებენ. შუკვანში, ისევე, როგორც პატარა ფორტებში, რამდენიმე ამერიკელს ყოველთვის შეხვდებით, რომლებიც ჰაერიდან ცეცხლის გახსნაზე და დაშავებულთა დროულად გადაყვანაზე ზრუნავენ. მათ "ანგლიკოჯგუფი" ჰქვიათ. მათი ფუნქციების შესრულებას ქართველები ჯერჯერობით ვერ ვახერხებთ, სამედიცინო დახმარების გამოძახება ჰაერით, 9-ხაზიანი სტანდარტული კოდირებული მოხსენებით ხდება. კოორდინატის დასახელება, დაჭრილთა რაოდენობა, ჭრილობების სახეობა, შემთხვევის ადგილზე მოწინააღმდეგის ყოფნა-არყოფნა - ამ მონაცემების კოდირებული გადაცემა რამდენიმე წამში უნდა მოხდეს, რაც ძალიან რთულია, რომ აღარაფერი ვთქვათ საცეცხლე ავიაციის გამოძახებაზე.

გარდა ამისა, ეს ჯგუფი კურირებს უპილოტო თვითმფრინავების მუშაობას, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ცაში არიან და იქიდან აკონტროლებენ ტერიტორიას. ღამით ბაზაში შედარებით სიმშვიდეა, რადგან თალიბები ღამით ბაზასთან მოახლოებას ვერ ბედავენ, გუშაგები ღამის ხედვის მოწყობილობით არიან აღჭურვილნი. სხვა საქმეა დღე - პატარა ბაზები უმეტესწილად განლაგებული არიან საკვანძო გზებთან, სადაც დღის განმავლობაში უამრავი ადამიანი და სატრანსპორტო საშუალება მიმოდის, მათში ტერორისტების ამოცნობა კი თითქმის შეუძლებელია - ყველას ერთნაირად აცვია. მახსოვს, ერთხელ, გზაზე დიდი სატვირთო მანქანა გაჩერდა. რამდენიმე წამში მას უპილოტო თვითმფრინავი "დააჯდა თავზე",”რომელსაც მანქანის ნომრის წაკითხვაც კი შეუძლია, თუმცა ვერ ხედავს, მანქანის ქვეშ რა ხდება; ამასობაში მძღოლის გვერდით მჯდომმა მოახერხა მანქანის ქვეშ შეძრომა და გზის დანაღმვა, როდესაც სამუშაოს მორჩა, მანქანამ გზა ისე განაგრძო, ვითომც არაფერიაო... იმ საღამოს გზაზე ქვეითი პატრული გავიდა. მაშინ უბედურებას ღვთის წყალობით გადავურჩით...

ქვეითი პატრულირება ნამდვილი გამოცდაა ჯარისკაცისთვის. როდესაც გვითხრეს, რომ ქვეით პატრულში უნდა გავსულიყავით, საოცარი შეგრძნება დამეუფლა. თავდაპირველად ფიქრობ, რომ შეიძლება გზაზე ნაღმის ან ტყვიის მსხვერპლი გახდე და შენი ცხედარი, თუ, რა თქმა უნდა, ნაწილ-ნაწილ არ დაიფლითა, შვეულმფრენით ლეზერნიკის ბაზაში გადაიტანონ და იქიდან სამშობლოში გადაასვენონ, სადაც ღამე ჩუმად დაგმარხავენ, ან შეიძლება გადარჩე კიდეც, მაგრამ დასახიჩრდე - დარჩე უფეხოდ, შეიძლება უხელოდაც, რასაც ალბათ ისევ სიკვდილი სჯობს. Mმაგრამ მერე აცნობიერებ, რომ შენ ხარ ჯარისკაცი, გაქვს ბრძანება, რომელიც უნდა შეასრულო და შენ გვერდით შენნაირი კიდევ თხუთმეტი მოაბიჯებს. ეს მანამდე, თორემ მერე ყველაფერს ეჩვევი... ქვეითი პატრულირების მარშრუტი სხვადასხვა სიგრძისაა - 2-დან 5 კილომეტრამდე. ჯგუფს თან ერთი ამერიკელი და ერთიც ავღანელი თარჯიმანი დაჰყვებიან, ამერიკელი იმიტომ, რომ საჭიროების შემთხვევაში "ჰაერი" გამოიძახოს. 2010 წლამდე ამერიკელების სტრატეგიამ - გაენადგურებინათ ყველა, ვისაც მტრად იგულებდნენ, არ გაამართლა, ამიტომ 2010 წელს სტრატეგია შეცვალეს და ახლა ამერიკელები მოსახლეობასთან საერთო ენის გამონახვას ცდილობენ.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?