დავით ბაქრაძე - "პრეზიდენტობის კანდიდატებიდან ჯერჯერობით მხოლოდ გია ბარამიძისა და ზურა ჯაფარიძის დასახელება შემიძლია"

დავით ბაქრაძე - "პრეზიდენტობის კანდიდატებიდან ჯერჯერობით მხოლოდ გია ბარამიძისა და ზურა ჯაფარიძის დასახელება შემიძლია"

უმცირესობის ლიდერ დავით ბაქრაძესთან ინტერვიუ უკვე ჩაწერილი გვქონდა, როდესაც ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავების თაობაზე გავრცელდა ინფორმაცია. თუმცა ინტერვიუს დასაწყისში სწორედ ამ საკითხზე მის მოსაზრებას გთავაზობთ:

- ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებით აშკარაა, რომ ახალმა ხელისუფლებამ ქვეყნის მართვაში შექმნილი პრობლემების გადაფარვა სცადა. ბოლო კვირების განმავლობაში არაერთი სკანდალი ვნახეთ, ეს შეეხებოდა 80 მილიონი ლარის გაფლანგვას, რაზეც სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნები არიან დაკავებულნი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან დაკავშირებული სკანდალი, როდესაც მან ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გამოაქვეყნა, ის ეჭვები, რაც ამ ხელისუფლების რიგი წარმომადგენლების კორუფციულ სქემებში მონაწილეობაზე გამოითქმის და ბოლოს 17 მაისის აქცია, როდესაც ხელისუფლებამ ვერ მოხერხა ძალადობის აღკვეთა. გასაგებია, რომ გამოძიება მიმდინარეობდა, მაგრამ ახლა ეს დაკავება სწორედ ამ ყველაფრის გადაფარვას ემსახურება, მით უფრო, რომ ვანო მერაბიშვილს, რომელსაც რას აღარ აბრალებდნენ, რეალურად წაუყენეს ბრალი იმისთვის, რომ 22 000 ადამიანს ხელფასს უხდიდა. ეს ბუნებრივად წარმოშობს ეჭვს, რომ ამ პროცესების ამოცანა მართლა სამართლიანობის აღდგენა კი არ არის, არამედ კონკრეტული ადამიანების პოლიტიკური დევნა და დასჯა. ეს ყველაფერი კი აუცილებლად ძალიან მძიმედ აისახება ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე.

- ბატონო დავით, როგორ შეაფასებთ 17 მაისს თბილისში მომხდარ არეულობას?

- რაც მოხდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტესტი იქნება ხელისუფლებისთვის. მთავრობის ვალდებულებაა, აღკვეთოს ქვეყანაში ძალადობა და არ დაუშვას ამგვარი დაპირისპირებები. თუ მომხდარზე სწორი რეაგირება არ იქნება, ეს ყველა იმ ადამიანს წაახალისებს, რომელიც ფიქრობს, რომ განსხვავებულად მოაზროვნეს თავში სკამის ჩარტყმით უნდა გაუსწორდე, ასეთ შემთხვევაში ქვეყანა მართლაც 90-იან წლებში დაბრუნდება. როგორც არ უნდა მოგვწონდეს ვინმე, უნდა შევიგნოთ, რომ ამ ადამიანებსაც აქვთ არსებობის უფლება.

- ბატონო დავით, არაერთი ადამიანისგან მოვისმინე, რომ მომხდარით სწორედ "ნაციონალური მოძრაობა"იყო დაინტერესებული, რომ ჰომოფობიის საწინაარმდეგო აქციას სწორედ თქვენ დაუჭირეთ მხარი და ამით საზოგადოების გარკვეულის ნაწილის პროვოცირება სცადეთ...

- თუ ლაპარაკია ლიბერალური ღირებულებების დაცვაზე, "ნაციონალური მოძრაობა"ყოველთვის იცავდა ამ ღირებულებებს, თუმცა არც ამ და არც სხვა ამგვარი ტიპის აქციასთან არანაირი შეხება არ გვქონია. მიმაჩნია, რომ როგორიც არ უნდა იყოს საზოგადოების განწყობა იმ წუთში, პოლიტიკოსს არ უნდა შეეშინდეს თავისი პოზიციის გამოხატვის. ვფიქრობ, ჩემი, თქვენი და ჩვენი შვილების თავისუფლებისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებს ჰქონდეთ საკუთარი აზრის გამოხატვის საშუალება. მე, როგორც პოლიტიკოსს, რაც არ უნდა მინდოდეს, ვასიამოვნო იმ ადამიანებს, რომლებიც რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ და უმრავლესობას წარმოადგენდნენ, ამას არ გავაკეთებ, განსხვავებით უმრავლესობაში მყოფი ზოგიერთი კოლეგისაგან, რომლებმაც სამარცხვინო კომენტარები არიგეს. მე ვარ ტრადიციულ ოჯახში გაზრდილი, მართლმადიდებელი ადამიანი, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ ქვეყანაში ყველას გამოხატვის უფლება უნდა იყოს დაცული. "ნაციონალური მოძრაობა"ადამიანის უფლებებს დაიცავს მომავალშიც, თუმცა, ვიმეორებ, "იდენტობის"აქციასთან არანაირი შეეხება არ გვქონია, ამას კატეგორიულად ვაცხადებ. ესეც იმ ადამიანების ფანტაზიის ნაყოფია, რომლებიც ცდილობენ ყველაფერი "ნა-ციონალურ მოძრაობას"დააბრალონ.

- თქვენ განსხვავებული აზრის მიუღებლობაზე ლაპარაკობთ, ოპონენტები აუცილებლად გაგახსენებენ 7 ნოემბერს და 26 მაისს, როდესაც თქვენი ხელისუფლება ადამიანებს სწორედ განსხვავებული აზრის გამო გაუსწორდა სასტიკად.

- შეიძლება ვიკამათოთ იმაზე, რამდენად სწორი იყო სახელმწიფოს მიერ გამოყენებული კონკრეტული ზომები თქვენ მიერ ნახსენებ დღეებში, მაგრამ დიდი განსხვავებაა, როდესაც ძალას იყენებს სახელმწიფო და როდესაც ძალას იყენებენ ცალკეული არასახელმწიფოებრივი ჯგუფები. შეიძლება ვიდავოთ ანაც მივიღო თქვენი პრეტენზიები, მზად ვარ, ამაზე კრიტიკაც მოვისმინო, მაგრამ როდესაც ადამიანების ერთი ჯგუფი ძალადობს მეორეზე და პოლიცია ამის აღკვეთას ვერ ახერხებს, ეს ბევრად უფრო საშიშია სახელმწიფოსთვის.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა