პროკურატურამ მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა მოითხოვა

პროკურატურამ მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა მოითხოვა

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე პროკურატურამ ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა მოითხოვა. სასამართლო პროცესზე პროკურატურის წარმომადგენლებმა ეჭვმიტანილების მიმალვის საფრთხის არსებობაზე ისაუბრეს და მათ მიერ მოწმეებზე ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა არ გამორიცხეს. მათი თქმით, ვანო მერაბიშვილს შეუძლია თავისუფლად მოახდინოს მოწმეებზე ზეგავლენა, გარდა ამისა, მას აქვს კარგი ფინანსური მდგომარეობა, რომელიც შესაძლოა გამოიყენოს მოწმეებზე ზეგავლენისათვის ან ქვეყნის დასატოვებლად.

ამ კონტექსტში პროკურორებმა ხაზი გაუსვეს იმას, რომ მერაბიშვილის მეუღლემ, თაკო სალაყაიამ ქვეყანა დატოვა. სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით პროკურატურამ ვანო მერაბიშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიება - პატიმრობა მოითხოვა.

ბრალდების მხარემ პატიმრობის შუამდგომლობა დააყენა ზურაბ ჭიაბერაშვილისთვისაც. პროკურორებმა აღნიშნეს, რომ არსებობს მისი მხრიდან მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების და აქედან გამომდინარე, ახალი დანაშაულის ჩადენის ალბათობა. პროკურორებმა ხაზი გაუსვეს, რომ ჭიაბერაშვილს აქვს საზღვარგარეთ კონტაქტები და შესაძლოა მან დატოვოს ქვეყანა. მათივე თქმით, მან შეიძლება ქვეყანა დატოვოს ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მოსალოდნელი სასჯელის შიშით.

დაცვის მხარის ადვოკატები ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის მხრიდან მიმალვისა და სამართალწარმოებისთვის ხელის შეშლის საფრთხეს გამორიცხავენ. როგორც ადვოკატებმა განმარტეს, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ორივე ბრალდებული თანამშრომლობდა გამოძიებასთან და მათი მხრიდან მიმალვა ან მოწმეებზე ზეწოლა გამორიცხულია.

ადვოკატებმა ორივე ბრალდებულის მიმართ დააყენეს შუამდგომლობა, რომ მათ აღკვეთის ღონისძიების არც ერთი სახე არ განესაზღვროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ადვოკატები მოითხოვენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები თავდებით გაათავისუფლონ.

სასამართლო პროცესი ამ წუთებშიც გრძელდება.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ