"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაია აცხადებს, რომ მეუღლის უდანაშაულობაში დარწმუნებულია. ამის შესახებ თაკო სალაყაიამ "რუსთავი 2"-თან საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებას მერაბიშვილის ახლობლები არ ეთანხმებიან და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებენ.
"ჩვენ, მისი ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები მის გვედრით ვართ, მის გვერდით ვიქნებით და ბოლომდე ვიბრძოლებთ", - განაცხადა სალაყაიამ.
მისივე თქმით, ის ქვეყნიდან წასული იყო, თუმცა, როგორც კი შეიტყო მერაბიშვილის დაკავების შესახებ, მაშინვე დაბრუნდა.
"შეუძლიათ გადაამოწმონ, რომ აქ ვარ", - განაცხადა სალაყაიამ.
რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის სახლიდან ამოღებულ თანხას, სალაყაიამ განაცხადა, რომ "ასეთ რაღაცეებზე ძალიან ეცინება".
"აბსურდია ყველაფერი, რასაც პროკურატურა ცდილობს. თუ ქვეყნიდან გავიქეცი, მაშინ თანხა რატომ დავტოვე სახლში? ", - დასძინა სალაყაიამ.