დღეს თბილისში ახალგაზრდა მამაკაცს შარვლის სიგრძის გამო ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია "იდენტობა" ავრცელებს.
"ო. 23 მაისს, დაახლოებით 3:00 საათზე, თურქულ ბარიდან გადავიდა და რუსთაველისკენ გაემართა ვარდების მოედნის სკვერის ქვემოთ განთავსებული მიწისქვეშა გადასასვლელით. გადასასვლელში მას ორი ახალგაზრდა მამაკაცი შეხვდა; ჯერ სიგარეტი სთხოვეს, შემდეგ შარვლის სიგრძეზე შეედავნენ, "პიდარასტი" უწოდეს და სასტიკად სცემეს. მოძალადეებმა მხოლოდ მაშინ შეწყვიტეს ო.-ს ცემა, როდესაც გამვლელი ქალი გამოჩნდა. მისი დანახვისთანავე მოძალადეები გაიქცნენ. დაზარალებული სასტიკად არის ნაცემი და გადარჩენას გამვლელს უმადლის. მას დაზიანებული აქვს ზურგი და ამბობს, რომ ეს პირველი შემთხვევაა მის ცხოვრებაში, როდესაც მსგავსი მოტივით უსწორდებიან”, - აღნიშნულია ორგანიზაციის გავრცელებულ განცხადებაში.
მამაკაცი პოლიციაში სარჩელის შეტანას აპირებს . მან "იდენტობას" დახმარების მიზნით მიმართა. ორგანიზაცია "იდენტობა" მის საქმეს სახალხო დამცველსა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას გადასცემს.