რატომ ყიდულობენ თბილისში ბინებს ეგვიპტელი კოპტები

რატომ ყიდულობენ თბილისში ბინებს ეგვიპტელი კოპტები

უძრავი ქონების ბაზარზე, მათ შორის საცხოვრებელი ბინების ყიდვა-გაყიდვის სფეროში მიმდინარე პროცესებზე უძრავი ქონების კომპანია "პრივატსერვისის" ერთ-ერთი და­მფუძნებელი და დირექტორი ვაჟა ცუცქირიძე გვესაუბრება:

- საერთო სურათი ბაზარზე არცთუ სახარბიელოა, ერთგვარი სტაგნაცია შეინიშნება, წლის დასაწყისში პროცესი უფრო აქტიური იყო. ამ სფეროს პოტენციური ინვესტორები ჯერ ზვერავენ სიტუაციას, ბაზარს, ფასებსა და მომგებიან მიმართულებებს არკვევენ; რაც შეეხება საცხოვრებელი ბინების ყიდვა-გაყიდვას, პროცესი ჩვეულებრივ ვითარდება, მოთხოვნა არის, თუმცა, რა თქმა უნდა, ნაკლები, ვიდრე მიწოდება. ჯერჯერობით ბინის გამყიდველი მეტია, ძირითადად, ადგილობრივი მოსახლეობაა ჩართული. ამ გაზაფხულზე ბინები თბილისში არც გაძვირებულა, არც გაიაფებულა, ფასები სტაბილურია.

- ბოლოდროინდელი პოლიტიკური ცვლილებები, ასევე მიგრანტების რიცხვის ზრდა როგორ აისახა ბაზარზე?

- უცხოელი ინვესტორები, როგორც ჩანს, გარკვეულ მოლოდინში არიან, ბოლო ხანს უძრავი ქონებით ძალზე დაინტერესებული იყო და არის არაბული სამყარო, ირანი, აქ დიდ ფინანსებზეა საუბარი. განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევიან მუსლიმურ სამყაროში შევიწროებული კოპტები, ქრისტიანი ეგვიპტელები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოში ბინების შესყიდვით; ისინი იაფფასიან მიწებს ყიდულობენ თბილისში ინდივიდუალური ბინათმშენებლობისთვის. არიან ირანელი ინვესტორებიც, რომლებიც უფრო ძვირად ღირებულ ბინებს ყიდულობენ; ინდოელები კი უფრო სასოფლო-სამეურნეო მიწებით არიან დაინტერესებულნი. რუსეთიდან არის დაინტერესება უძრავ ქონებაში, ბინათმშენებლობაში ფინანსების ჩადების, ამ მიმართულებით პერსპექტივა აშკარად არსებობს; მსხვილი ინვესტიციის შემოსვლა, 1 მილიარდი დოლარის გამოჩენა ბაზარზე საქართველოსნაირ პატარა ქვეყანაში დიდ ძვრებს იწვევს, ასეთი ბუმი იყო 2006-2007 წლებში, მაგრამ აგვისტოს ომმა ყველაფერს მძიმე დაღი დაასვა, რომ არა ეს ფაქტორი, დღეს სხვა სიტუაცია გვექნებოდა.

- გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის ელიტურ ბინებში საცხოვრებელი ფართობების უდიდეს ნაწილს სწორედ რუსეთში მცხოვრები შეძლებული ქართველები ყიდულობენ.

- არა მხოლოდ ქართველები, რუსებიც ხშირად ყიდულობენ. მთაწმინდაზე, რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს რამდენიმე ევროსტანდარტის მშენებლობა, აქ ბინის ფასები ძალზე მაღალია და მყიდველების მხოლოდ 20 პროცენტია ადგილობრივი მოსახლეობა, ძირითადად, რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეები ყიდულობენ, რამდენიმე ბინა შეისყიდეს ირანელებმა. ეს ძალზე ძვირი ბინებია: 1 კვადრატული მეტრის ფასი 2 700 დოლარია, არის ისეთებიც, რომელთა ღირებულება 1 800 ევროს აღემატება. ამგვარი ბინებია ოპერისა და ბალეტის თეატრის უკან ევროსტანდარტებით აშენებულ კორპუსში, ასევე, პირველ საჯარო სკოლასთან და პარლამენტის შენობის ზემოთ მშენებარე სახლებში.

- თბილისის რომელ რაიონშია ბინის ყიდვა-გაყიდვა ყველაზე ადვილი და აქედან გამომდინარე, ხშირი?

- ყველაზე ხშირად, ინტენსიურად ბინები მაინც ვაკეში იყიდება, მეორე ადგილზეა საბურთალო. ყველაზე მეტი ბინათმშენებლობაც ამ რაიონებშია. დიდი მოთხოვნაა შედარებით იაფფასიან ბინებზეც გარეუბნებში, სადაც კვადრატული მეტრი ზოგან 400-450 დოლარიც კი ღირს. ყველაზე იაფი ბინები მუხიანის დასახლებაშია. ასე რომ, არჩევანი ფართოა, სხვადასხვა შესაძლებლობის მყიდველზე გათვლილი, თუმცა, უძრავი ქონების ბაზარს საგრძნობლად აფერხებს ბანკების პრობლემა. დღეს ბანკებს საკმაოდ მაღალი, ჩვენი ცხოვრების დონისთვის არარეალური საპროცენტო განაკვეთები აქვთ, რაც მოსახლეობას უძრავი ქონების, ბინის შესასყიდად სესხის გამოტანას ურთულებს.

- თავდაპირველ, თუნდაც გაზეთში დასახელებულ ფასთან შედარებით, როგორ იყიდება ბინები რეალურად? რამდენად არის შესაძლებელი ფასდაკლება?

- რეალტორი, ანუ როგორც ხალხი უწოდებს, მაკლერი ცდილობს, დამკვეთის მოთხოვნა მაქსიმალურად დააკმაყოფილოს და არჩევანი შესთავაზოს. ის მოლაპარაკების გარკვეულ ეტაპს აწარმოებს, მაგრამ ძირითადი მორიგება მაინც მყიდველსა და გამყიდველს შორის ხდება. რეალური თანხის, ფულის ჩვენების შემთხვევაში, ფასი საკმაოდ იკლებს. თანხა, რომელსაც გამყიდველი უკლებს, მის პრობლემებზეა დაკავშირებული, უმრავლესობა ბინას ფინანსური პრობლემების გამო ყიდის, მხოლოდ მცირე ნაწილი - საცხოვრებელი პირობის გაუმჯობესების მიზნით. ძირითადი პრობლემა ბანკებისა და მევახშეების ვალია. და თუ ადამიანს ძალიან უჭირს, ფასს მაქსიმალურად ამცირებს, რაც ბაზრის კონიუნქტურაზე ნაკლებად არის დამოკიდებული. ცხადია, უძრავი ქონების ბაზარზე დიდ გავლენას ახდენს ისიც, რომ ჩვენში არ არსებობს საშუალო ფენა - არიან მდიდრები, ძალიან მდიდრები და ღარიბები. სწორედ საშუალო ფენის არარსებობის გამოა ბინებზე მოთხოვნა უფრო ნაკლები, ვიდრე მიწოდება.

- მას შემდეგ, რაც იქ არაერთი მაღალჩინოსანი დასახლდა, პრესტიჟული გახდა კერძო სახლები დიღომში, როგორ აისახა ეს ფასებზე?

- აქ მიწა გაძვირდა, ერთი კვადრატული მეტრი 100-150 დოლარი ღირს, გააჩნია როგორ არის განვითარებული ინფრასტრუქტურა, კომუნიკაციები, ზოგან მიწის ფასი 200-მდეც აღწევს, არადა, იყო პერიოდი, როცა იქ მიწა, სულ ცოტა, 50 დოლარი ღირდა. კერძო სახლის მფლობელობა საკმაო ფუფუნებაა, საუბარია არა მარტო აშენებაზე (მშენებლობა დაახლოებით იგივე ჯდება, რაც პენტჰაუზის შეძენა), მისი მოვლა-შენახვა ჯდება საკმაოდ ძვირი. ამიტომაც არის კერძო სახლები ელიტურ საზოგადოებაზე გათვალისწინებული.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"