ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პრეზიდენტს სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე შალვა ფიფიას კანდიდატურა შესთავაზა. დავით კირვალიძის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ შალვა ფიფია მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იყო.
პრემიერის თქმით, რამდენად დროებითია შალვა ფიფიას მინისტრის თანამდებობაზე ყოფნა ეს გამოძიების შედეგებზეა დამოკიდებული.
"კანონის თანახმად, უფრო ხანგრძლივად მოვალეობის შემსრულებელი იგი არ შეიძლებოდა ყოფილიყო, შესაბამისად, დავემორჩილეთ კანონს, მაგრამ რბილი გადასვლა გავაკეთეთ, თუ ყველაფერი დასრულდა კირვალიძის სასიკეთოდ, ის თავის პოსტს დაიბრუნებს. მე სურვილი მაქვს ასე მოხდეს, მაგრამ ამის მოლოდინი რთულია, რადგან პროკურატურას შეკითხვები აქვს", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც პრემიერმა დღეს ჟურნალისტებს დიპლომატებთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა, დავით კირვალიძე სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობას გამოძიების "მის სასიკეთოდ" დასრულების შემთხვევაში დაიბრუნებს.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ თანამდებობა 2 მაისს დატოვა. კირვალიძის თქმით, მისი გადადგომა, სასოფლო-სამეურნეო ბარათებთან დაკავშირებით, სამინისტროს რამდენიმე მაღალჩინოსნის დააკავებას უკავშირდებოდა.