"სავაჭრო ქსელიდან ამოიღეს შაურმა, რომელიც კოლიბაქტერიით იყო დაბინძურებული"

"სავაჭრო ქსელიდან ამოიღეს შაურმა, რომელიც კოლიბაქტერიით იყო დაბინძურებული"

ჭამა სიამოვნებააო, უთქვამთ, მაგრამ საქართველოში ისეთ ამბებს გაიგებ კაცი, ლამის ვეგეტარიანელი გახდე ან იმით ინუგეშო თავი, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ლოკოკინებსა და ტარაკანებსაც სიამოვნებით მიირთმევენ: ცნობილია, რომ სურსათის უვნებლობის სააგენტომ ჩვენს მაღაზიებში ათასობით ვადაგასული კვერცხი აღმოაჩინა, უფრო ადრე კი იყო ე.წ. ცხენის ხორცის სკანდალი, რომლის წყალობითაც შევიტყვეთ, რომ წლების განმავლობაში მივირთმევდით ავადმყოფი ან სულაც მკვდარი ცხენებისა და სახედრების ხორცს, და მასში გვარიან თანხასაც ვიხდიდით. საიდუმლო არავისთვისაა, რომ საქართველოში სხვა ქვეყნებიდან ფალსიფიცირებული, ვადაგასული, არაკეთილსაიმედო პროდუქცია შემოდის, თუმცა დიდი პატიოსნებით არც ადგილობრივი მეწარმეები გამოირჩევიან. ჩვენ დავინტერესდით იმ პროდუქტით, რომლებიც განსაკუთრებული სიფრთხილით, გულდასმით უნდა შევარჩიოთ, მით უმეტეს ახლა, როცა ზაფხულის პაპანაქება კარს მოგვადგა. რჩევისათვის სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ექსპერტს, პროფესორ ეთერ არჯევანიძეს მივმართეთ:

- როგორია იმ პროდუქტის ჩამო­ნათვალი, რომელიც საფრთხეს უქადის ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობას?

- პირველ რიგში, უნდა დავასახელოთ ხორცპროდუქტი, რადგან ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენლებს სავაჭრო ქსელიდან არაერთხელ ამოუღიათ კოლიბაქტერიებით დაბინძურებული ხორცპროდუქტი. ზოგიერთი მათგანი გაყინული იყო, მაგრამ უკვე გაფუჭებული. საერთოდ, კოლიბაქტერიის მთავარი წყარო ჰიგიენის დარღვევა ან უკვე გაფუჭებული პროდუქციაა, რომელსაც, ერთი შეხედვით, არაფერი ეტყობა. ალბათ მოგეხსენებათ, რომ კოლიბაქტერია ნაწლავის ჩხირია, შეიძლება ადამიანმა პროდუქტი მოხარშოს და მან მოწამვლა არ გამოიწვიოს, მაგრამ არავინ იცის, ბოლოს რა ზიანს მოუტანს. და კიდევ - კოლიბაქტერიით მოწამვლა იწვევს საშინელ გაუწყლოებას, რომლის გამოც ადამიანი შეიძლება დაიღუპოს კიდეც - გააჩნია, როგორი იმუნიტეტი აქვს მას. არანაკლებ ფრთხილად უნდა შევარჩიოთ ნახევარფაბრიკატები, რომლებიც მალე ფუჭდება, თუ ძალიან დაბალ ტემპერატურაზე არ ინახავენ. ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენლებს არაერთხელ ამოუღიათ ქსელიდან ნახევარფაბრიკატები, რომლებშიც კოლიბაქტერიები აღმოუჩენიათ. არავინ იცის, სად დაირღვა წესები - საქონლის დაკვლის, პროდუქციის წარმოებისა თუ შენახვის დროს, მაგრამ ეს მომხმარებელმა კი არ უნდა გაარჩიოს, არამედ იმან, ვისაც ევალება. ერთი ნიუანსიც უნდა აღინიშნოს: ხორცპროდუქტზე აუცილებლად უნდა იყოს წარწერა, რისგან არის დამზადებული - ძროხის ხორცია ეს, ცხენისა თუ სახედრის - იქნებ მე ლოკოკინას ან მოლუსკსაც სიამოვნებით მივირთმევ და სულაც არ მაბრკოლებს, რისგან არის დამზადებული ესა თუ ის ნახევარფაბრიკატი.

ზაფხულში განსაკუთრებული ყურადღებით უნდა შევარჩიოთ თევზი და კრემიანი პროდუქტი - ნამცხვარი თუ სხვა კრემიანი ტკბილეული, რადგან ამგვარი საკვები, თუ ის სათანადოდ არ არის შენახული, საფრთხეს უქადის ჩვენს ჯანმრთელობას. ცალკე უნდა გამოვყოთ ის პროდუქტი, რომლებსაც ქუჩაში ამზადებენ. ამას წინათ ჩვენმა სპეციალისტებმა სავაჭრო ქსელიდან ამოიღეს შაურმა, რომელიც ასევე კოლიბაქტერიებით იყო დაბინძურებული. საერთოდ, შაურმის დამზადებას აქვს თავისი წესები - რა ტემპერატურაზე უნდა იწვებოდეს, რა ტემპერატურა უნდა იყოს მის გარშემო და ა.შ. ქუჩაში ამ პირობების შენარჩუნება, ცოტა არ იყოს, ძნელია.

- ქალბატონო ეთერ, მოგეხსენებათ, რომ ჩვენს რაციონში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია კვერცხს, არადა, ბოლო დროს მაღაზიებში ათასობით ვადაგასული კვერცხი აღმოაჩინეს.

- კვერცხი, დიდი-დიდი, 10-14 დღეს ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს, შეიძლება, ქსელში გაჩერდეს 20 დღე, 30 დღის შემდეგ კი მოხმარებაში აღარ უნდა იყოს. ამასთანავე, მომხმარებლის უფლებაა, რომ პროდუქტს აუცილებლად ეწეროს მწარმოებლის სახელი.

- როგორ უნდა გამოვიცნოთ, კვერცხი ახალია თუ ძველი?

- ახალი კვერცხის ზედაპირი ხაოიანია, მას აქვს ფორები, რომლებიც 7-10 დღის განმავლობაში თანდათან იკლებს და მისი ზედაპირი პრიალა ხდება. რა საგულდაგულოდაც უნდა შეინახო, ერთი თვის შემდეგ კვერცხი ძველდება. თუ არ ვიცით, რა ხარისხისაა ეს კვერცხი, ან რა პირობებში ინახებოდა, შეიძლება სალმონელოზიც გამოიწვიოს. ამიტომ, აუცილებლად უნდა დავაკვირდეთ შენახვის ვადას და იმას, რამდენად ჰიგიენური და დაცულია ის პირობები, რომელიც აუცილებელია ამ პროდუქტის შესანახად. ეს ეხება არა მხოლოდ კვერცხს, არამედ ნებისმიერ პროდუქციას, განსაკუთრებით კი - მალფუჭებადს.

- მოკლედ, ხომ არ ჯობია, რომ ვეგეტარიანელი გავხდე?

- ესეც არ არის გამოსავალი, რადგან კონტროლს ვერ ექვემდებარება ბოსტნეულსა და ხილში შემავალი ნიტრატებიც. მას დიდი რაოდენობით შეიძლება შეიცავდეს გაზაფხულზე მოყვანილი ბოსტნეული და ხილი - განსაკუთრებით, მარწყვი. უნდა ვერიდოთ გამწვანებულ კარტოფილსაც, რომელიც სოლანინს შეიცავს. სხვათა შორის, ახალი კარტოფილი მალე მწვანდება და ეს სწორედ სოლანინის მაღალი შემცველობის გამო ხდება. მართალია, სოლანინი მოხარშვის დროს იშლება, მაგრამ მისი მიღება მაინც არ არის სასურველი. არსებობს ნიტრატების საზომი სპეციალური ხელსაწყოც, მაგრამ მან შეიძლება ვერ გვაჩვენოს ზუსტი შემადგენლობა, ამიტომ ეს ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად უნდა დადგინდეს. კიდევ ვიმეორებ - ყველაზე მეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ მომხმარებელმა გასაკუთრებული ყურადღება მიაქციოს შენახვის პირობებს და ვადებს. ეს ის აუცილებელი პირობაა, რომლის გამოც პროდუქტი თავის თვისებებს ინარჩუნებს.

სტატია: "ყველაზე საშიში პროდუქტი"

ხათუნა ჩიგოგიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"